მასალა აპენინური სპორტული პრესის მიხედვითაა შედგენილი და ბუნებრივია, აქცენტი წამყვან იტალიურ გუნდებზე კეთდება...
იუვენტუსი
ახალი ფორმაციის "იუვენტუსი", ანუ, ანტონიო კონტეს "იუვე" პირველივე სეზონში ჩემპიონი გახდა და შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა.
ლიგაზე იმად გავამახვილეთ ყურადღება, რომ ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე ასპარეზობა დიდ ფინანსურ სარგებელს ნიშნავს, ეს კი კლუბს სატრანსფერო ბაზრისკენ ფართოდ უხსნის
ტურინული გრანდის მესვეურებმა ტრანსფერებისთვის დაახლოებით 50 მილიონი ევრო გამოყვეს და თანხა არა ერთი სუპერ-ვარსკვლავის გადაბირებას, არამედ რამდენიმე მაღალი კლასის ფეხბურთელის დამატებას მოახმარეს. მაგალითად, 9.4 მილიონი ევრო დაჯდა მაურისიო ისლას ტრანსფერი, კვადვო ასამოაში კი პიემონტელებმა 9 მილიონი გადაიხადეს;
საგულისხმოა, რომ ორივე მათგანი ტურინელებმა "უდინეზედან" გადაიბირეს. ამათ დავამატოთ სებასტიან ჯოვინკო, დაახლოებით იგივე ფასში და კიდევ რამდენიმე საინტერესო გარიგება; თუნდაც ლუსიო, რომელიც პიემონტელებს სულაც უფასოდ ერგოთ.
"იუვენტუსთან" მიმართებაში, მთავარი სათქმელი ის გახლავთ, რომ ტურინელები უდიდესი ენთუზიაზმით "აშენებენ" ახალ გუნდს და ეს იმ ენერგიულ ნაბიჯებში კარგად ჩანს, რომლებიც "იუვეს" მესვეურებმა ამ ზაფხულს სატრანსფერო ბაზარზე გადადგეს.
ფაქტია, შემადგენლობის მხრივ, "ბიანკონერი" ამ სეზონში კიდევ უფრო ძლიერია, ვიდრე გასულში იყო, რაც წესით წარმატების საწინდარი უნდა გახდეს.
მილანი
"იუვენტუსის" შესახებ მთავარი სათქმელი ის იყო, რომ კლუბის მესვეურები უდიდესი ენთუიზიაზმით აკეთებენ თავის საქმეს, აი, "მილანთან" დაკავშირებით კი სრულიად სხვა სურათი იხატება: რჩება შთაბეჭდილება, რომ სილვიო ბერლუსკონის მობეზრდა კლუბის მართვა, დიდად აღარც წარმატებები ახარებს, მაგრამ არც იმ საქმესთან განშორება სურს, რომელსაც ათწლეულებია აკეთებს.
შედეგად, ვიღებთ პასიურ სატრანსფერო პოლიტიკას, არაერთ გაყიდულ ვარსკვლავს, უამრავ გაშვებულ ფეხბურთელს და რბილად რომ ვთქვათ, არასრულფასოვან შევსებას.
ეს ყველაფერი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ "როსონერი" ყველა ფრონტზე შეირცხვენს თავს, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ ლომბარდიელებმა სატრანსფერო კამპანია ჩააგდეს.
"მილანის" მესვეურებმა ზლატან იბრაჰიმოვიჩის და ტიაგო სილვას გასხვისებით დაახლოებით 65 მილიონი ევრო მიიღეს - თუ ამას 50 მილიონ ევრომდე დაზოგილ წლიურ სახელფასო ფონდს დავუმატებთ, აშკარა ხდება, რომ ლომბარდიელებმა ბიუჯეტი გვარიანად ახეირეს.
რაც შეეხება ხარჯებს, ახალი ფეხბურთელების შეძენაში, დაზოგილის ნახევარიც კი არ დახარჯულა და გასული თანხები სულაც მიზერული იქნებოდა, სატრანსფერო ბაზრის ბოლო დღეს ჯამპაოლო პაცინი რომ არ გადაებირებინათ; პაცო მილანელებს 12.5 მილიონი ევრო დაუჯდათ.
კაცმა არ იცის, რას იზამს "მილანი" მიმდინარე სეზონში, მაგრამ ერთი დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ - "როსონერის" მესვეურთა ქმედებებში კრიზისი შეინიშნება.
ინტერი
ტურინელები ენთუზიაზმით არიან აღსავსე, "მილანისტებს" კრიზისი აქვთ და რა ხდება "ინტერის" ბანაკში? - რა აზრები ტრიალებს მასიმო მორატის თავში და როგორ წარმართავს კლუბის სატრანსფერო პოლიტიკას?
ამ კითხვებზე ზუსტი პასუხის გაცემა პრაქტიკულად წარმოუდგენელია, მაგრამ ერთი შეხედვით, სენიორ მასიმო ბრინჯივით დაბნეულია და თვითონაც არ იცის, რას აკეთებს... მორატი მას შემდეგ დაიბნა, რაც "ინტერი" ჟოზე მოურინიომ დატოვა და აგერ უკვე მერამდენე წელია კალაპოტში ჩადგომას ცდილობს.
ანდრეა სტრამაჩონი ახალგაზრდა, ენთუზიაზმით აღსავსე სპეციალისტია, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ ბოლომდე არც მას აქვს გააზრებული, საით მიჰყავს გუნდი და როგორი ფეხბურთი უნდა ითამაშოს მისმა "ინტერმა"...
მილანურმა გრანდმა სატრანსფერო ბაზარზე საკმაოდ დიდი ფული დახარჯა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს, არანაკლებ ვარსკვლავური შემადგენლობა ჰყავს, ვიდრე ბოლო წლებში. მაგრამ, რა აკავშირებთ ერთმანეთთან ფრედი გუარინს, ვესლი სნეიდერს, ანტონიო კასანოს და რიკი ალვარესს, ერთი ღმერთმა უწყის.
სხვანაირად რომ ვთქვათ, ამ გუნდს მართლა გუნდად ქცევა სჭირდება, ანუ დრო შეთამაშებისთვის...
მაგრამ, ეს ყველაფერი ლაპარაკად დარჩება თუ მორატი ფორმაში არ ჩადგა და თუ სტრამაჩონი ბოლოს და ბოლოს არ გაერკვა, როგორი ფეხბურთი უნდა ითამაშოს მისმა "ინტერმა".
ლაციო
გასულ ზაფხულს, კლაუდიო ლოტიტომ თავი გამოიდო და გუნდის გაძლიერებას სერიოზულად მიჰყო ხელი. "ლაციოში" მიროსლავ კლოზე და ჯიბრილ სისე გადავიდნენ, თავდამსხმელთა ტანდემი, რომელზეც რომაელი გულშემატკივრები უდიდეს იმედებს ამყარებდნენ.
მართალია, სისემ საერთოდ ვერ გაამართლა მოლოდინი, მაგრამ კლოზემ თავის თავს არ უღალატა და გოლები იტალიაშიც ბლომად გაიტანა;
მიუხედავად ამისა, "ლაციომ" იმ შედეგს მიაღწია, რასაც ბოლო წლებში სტაბილურად აღწევდა: ევროპის ლიგის საგზური.
როგორც ჩანს, ამ ყველაფერმა რომაული კლუბის პრეზიდენტს ფულის ხარჯვაზე ხელი ააღებინა და სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობის ენთუზიაზმით გაუნელა. სხვას რას უნდა მივაწეროთ ის ფაქტი, რომ ამ ზაფხულს რომაული კლუბიდან მხოლოდ ხუთი ფეხბურთელი წავიდა და ამდენივე მივიდა.
შედარებისთვის, "იუვენტუსი" 23-მა ფეხურთელმა დატოვა, "ინტერში" კი წამსვლელ-მიმასვლელთა რაოდენობამ 20-ს გადააჭარბა.
ერთი სიტყვით, დედაქალაქელებმა პაუზა აიღეს და ისღა დარჩენიათ, რომ მოვლენათა განვითარებას დაელოდონ. ამ სეზონმა "ლაციოში" ბევრი რამ შეიძლება გაარკვიოს - ამბობენ, ლოტიტოს ფეხბურთზე გული აუცრუვდა და შესაძლოა კლუბის გაყიდვაც დააპიროსო;
იქნებ მართლა ამით გახლდათ განპირობებული, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში "ლაციო" პრაქტიკულად არ გაძლიერებულა.
რომა
"რომას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, ასეთ დროს კი ცვლილებები, ხშირად რევოლუციურიც კი, ტრადიციული ამბავია.
თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ზდენეკ ზემანმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა, პირიქით, ბირთვი უცვლელი დატოვა და აღმართს ისე შეუყვა.
ჩეხმა სპეციალისტმა ბოიან კრკიჩსა და ფაბიო ბორინიზე თქვა უარი, რამაც ბევრი გააკვირვა - სამაგიეროდ, მატია დესტრო დაიმატა, რომელიც გასულ სეზონში "სიენას" შემადგენლობაში ბრწყინავდა. ერთი ცხადია, "რომას" მესვეურთათვის პრიორიტეტი არა ფული, არამედ გუნდის სპორტული ინტერესებია.
დღეს, "რომასთან" დაკავშირებით, პრაქტიკულად წარმოუდგებელია პროგნოზების კეთება, მაგრამ ერთი დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ - ზემანის გუნდი შემტევ და სანახაობრივ ფეხბურთს ითამაშებს.
"რომას" პრეზიდენტი ტომას დი ბენედეტო საჯაროდ აცხადებს, რომ მისმა გუნდმა სანახაობრივი ფეხბურთით უნდა მიაღწიოს შედეგს - თუ გასული სეზონით და ზაფხულის სატრანსფერო კამპანიით ვიმსჯელებთ, ეს არა ფუჭი სიტყვები, არამედ რეალური სურვილია და მაშინ, ისღა დაგვრჩენია, რომ იტალიური წარმოშობის ამერიკელ ბიზნესმენს წარმატებები ვუსურვოთ.
ნაპოლი
აურელიო დე ლაურენტისს ძალიან უნდოდა ესეკილ ლასვეცის შენარჩუნება, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო...
არა იმიტომ, რომ "ნაპოლის" პრეზიდენტს 26 მილიონ ევროზე უარის თქმა არ შეეძლო, უბრალოდ, თავად ფეხბურთელს სურდა წასვლა და ძალით, მისი ნეაპოლში გაჩერება ყოველგვარ აზრს იყო მოკლებული.
არგენტინელის წასვლამ სენიორ აურელიოს გუნდის გაძლიერების ენთუზიაზმი არ გაუნელა და ზაფხულის სატრანსფერო კამპანია ამის ნათელი დადასტურებაა.
დე ლაურენტისმა "პესკარადან" ლორენცო ინსინიე დააბრუნა, "ინტერიდან" გორან პანდევი გამოისყიდა და მათ კიდევ რამდენიმე მაღალი კლასის ფეხბურთელი დაუმატა - თუნდაც ვალონ ბერამი და ალესანდრო გამბერინი "ფიორენტინადან".
არც ედუარდო ვარგასის დავიწყება ეგების, რომელშიც ბიზნესმენმა 11.4 მილიონი ევრო გადაიხადა. მოკლედ, ლავეციში აღებული თანხა პრეზიდენტმა ისევ ტრანსფერებში ჩააბრუნა და ამით, ნათლად დაგვანახვა, რომ არგენტინელი ფორვარდის გაყიდვა მის ინტერესებში არ შედიოდა და იმ 26 მილიონ ევროს სულაც არ დახამებულა.
დე ლაურენტისი ფორმაშია - ის მუდმივად იმეორებს, რომ ძალიან მალე, "ნაპოლი" ევროპული ფეხბურთის გრანდი გახდება და თუ ამ ზაფხულით ვიმსჯელებთ, განზრახვაზე ხელი ნამდვილად არ აუღია.
სხვები
მართალია, თუნდაც გასულ სეზონში "უდინეზემ" გაცილებით მაღალი ადგილი დაიკავა, ვიდრე იგივე "ინტერმა", "რომამ", ან "ლაციომ", მაგრამ ამ გუნდის სტატუსი ჯერ მაინც არ იძლევა იმის საშუალებას, რომ იტალიური ფეხბურთის გრანდებს გავუტოლოთ;
ამიტომ, უდინურ გუნდზე ორი სიტყვით ვიტყვით და აღვნიშნავთ, რომ ზაფხულში "ბიანკონერი" უფრო დასუსტდა, ვიდრე გაძლიერდა.
მაურისიო ისლას, კვადვო ასამოას და სამირ ჰანდანოვიჩის წასვლა უკვალოდ ნამდვილად ვერ ჩაივლის და ეს უკვე გამოჩნდა კიდეც - ფრანჩესკო გვიდოლინის გუნდს სერია A-ს სტარტზე ორი თამაშიდან ორი მარცხი აქვს, რასაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვერმოხვედრა უნდა დავამატოთ.
მოკლედ, უდინელებმა სატრანსფერო ბაზარზე ვერ გაიბრწყინეს და ის შედეგები, რაც აქამდე აქვთ, სრულიად ლოგიკურად მოსჩანს.
სამაგიერიდ, "ფიორენტინას" მესვეურებმა გამოიღვიძეს და წინა წლებისგან განსხვავებით, ჯიბეზე ხელი გაიკრეს; ფლორენციელებმა ნახევარდაცვა გვარიანად გააძლიერეს და სტევან იოვეტიჩისთვის რომ ერთი კარგი ფირვარდი ამოეყენებინათ გვერდში, მთლად დახატავდნენ; აპირებდნენ კიდეც, დიმიტარ ბერბატოვთან შეთანხმებაც ჰქონდათ მიღწეული, როდესაც ბულგარელმა გადაწყვეტილება შეცვალა და ყველასათვის მოულოდნელად, "ფულჰემში" გადაბარგდა.
"ვიოლას" პრეზიდენტი ანდრეა დელა ვალე ჩივის, რომ ბერბატოვმა მას ახალი ფორვარდის ძიების დროც არ დაუტოვა და ამიტომ, ბულგარელისგან კომპენსაციას ითხოვს - სავარაუდოდ, ფლორენციელები ვაკუუმის შევსებას ზამთარში შეეცდებიან და ამით, ისედაც მოღონიერებულ გუნდს, კიდევ უფრო გააძლიერებენ.
მოკლედ, თუ სატრანსფერო ამბებით ვიმსჯელებთ, "ფიორენტინამ" გამოიღვიძა, დანარჩენი კი მოედნებზე გამოჩნდება - ისევე, როგორც სხვა გუნდების შემთხვევაში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"