იტალიის ნაკრები. გამოხმაურება: ბევრი შეცდომა და მისაღები შედეგი

AutoSharing Option
იტალიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი სოფიაში დაიწყო, სადაც ბულგარეთის უმთავრეს გუნდს ეპაექრა და ფრეს დასჯერდა - 2:2.

საერთოდ, იტალიელებს სჩვევიათ ტურნირების მძიმედ დაწყება და ამ ფონზე ბულგარული ფრე არცთუ ურიგო შედეგია, რაზეც თვითონ ჩეზარე პრანდელიმ გაამახვილა ყურადღება. ბუნებრივია, შედეგი მასპინძლებისთვისაც მისაღები გამოდგა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იტალია ჯგუფის უდავო ფავორიტია და საყოველთაო ვარაუდით, პირველ ადგილსაც დაიკავებს. თუმცა იქამდე დიდი დროა და უმჯობესია, სოფიურ მატჩს დავუბრუნდეთ...

ჩეზარე პრანდელიმ 3-5-2 ტაქტიკა აირჩია და შეტევის წინა ხაზზე სებასტიან ჯოვინკოსა და პაბლო დანიელ
ოსვალდოსგან შემდგარი ტანდემი გაამწესა.

აპენინურ პრესაში სწორედ ამ ამბავმა გამოიწვია განსაკუთრებული ინტერესი და აქედანვე უნდა ითქვას, რომ შეტევის ახალმა წყვილმა თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა.

ჯოვინკო ძალიან აქტიური იყო, ხშირად უკან იხევდა და სიღრმიდან იწყებდა იერიშებს - ამასთან, აქტიურად ეხმარებოდა ნახევარდაცვას და ბურთის ართმევაშიც ნაყოფიერი იყო. რაც შეეხება ოსვალდოს, შეტევის წინა ხაზზე მოქმედებდა და უშუალო მოვალეობას თავი შესანიშნავად გაართვა - მან ორი გოლი გაუტანა ბულგარელებს და ამით ყველაფერია ნათქვამი.

იტალიელებმა ყველაზე მეტად მაინც ნახევარდაცვაში მოიკოჭლეს, სადაც ანდრეა პირლო, ემანუელე ჯაკერინი, დანიელე დე როსი, კლაუდიო მარკიზიო და კრისტიან მაჯო მოქმედებდნენ - ევროპის ჩემპიონატზე ნათამაშებ შუახაზელებს რატომღაც შეუთამაშებლობა ეტყობოდათ, ხშირად ცდებოდნენ გადაცემებში და ვერც მეტოქე ნახევარმცველების მიერ შეთავაზებულ ტემპს აუწყვეს ფეხი...

ბულგარელებმა ბევრჯერ დაარტყეს შორი დისტანციიდან ჯანლუიჯი ბუფონის კარის მიმართულებით და ერთ-ერთი ასეთი მცდელობისას მიზანსაც მიაღწიეს: ბუფონმა 27-28 მეტრიდან გაუშვა გოლი, რამაც ბევრი გააკვირვა, მაგრამ თამაშის სურათიდან გამომდინარე, გოლი მაინც კანონზომიერი იყო. მეორე გოლი ბულგარელებმა მეორე ტაიმის შუაწელს გაიტანეს და ამით შეხვედრის საბოლოო შედეგი, 2:2 დააფიქსირეს.

მატჩის შედეგი ლოგიკური იყო და ამაზე იტალიელებიც და ბულგარელებიც ერთხმად შეთანხმდნენ - აქვე ჩეზარე პრანდელის გადავცეთ სიტყვა, რომელმაც ვრცელი კომენტარი გააკეთა: "სეზონს ყოველთვის მძიმედ ვიწყებთ და ამ ფონზე სოფიაში მოპოვებული ქულა ნამდვილად ფასეულია.

ბულგარეთის ნაკრები ჩვენი ერთ-ერთი კონკურენტია და თუ უშუალო კონკურენტებთან გასვლაზე ქულას მოვიპოვებთ, უკმაყოფილო არ ვიქნები. თუმცა, თითოეულ შეხვედრაში მინდორზე მოსაგებად გავდივართ და მინდა, ეს ყველამ იცოდეს. მოკლედ, შედეგით უკმაყოფილო არ ვარ, მაგრამ თამაშმა კი ნამდვილად გამაწბილა - მოედნის ცენტრში უამრავი შეცდომა დავუშვით და რიგ ეპიზოდებში, დაცვაშიც დაგვაკლდა კონცენტრაცია.

გაცილებით მაღალ ტემპში შეგვიძლია თამაში და ვერაფრით ვხვდები, რატომ ვმოქმედებდით ასე ინერტულად. მოკლედ, თამაშის ხარისხით უკმაყოფილო ვარ და იმედი მაქვს, რომ მომდევნო პაექრობაში გაცილებით უკეთ გავირჯებით".

სულ სხვა იტალია?
მომდევნო შეხვედრას იტალიის ეროვნული ნაკრები სამშაბათს გამართავს და ქალაქ პადოვაში მალტას დაუპირისპირდება.

თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, მალტელების წინააღმდეგ პრანდელი გადახალისებულ შემადგენლობას გამოიყვანს და აქცენტს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გააკეთებს - ლაპარაკია ანდრეა პოლიზე "სამპდორიადან", მატია დესტროზე "რომადან", მარკო ვერატიზე პსჟ-დან და ა.შ. მოკლედ, ჟურნალისტთა მტკიცებით, პადოვაში გაახალგაზრდავებულ "აძურას" ვიხილავთ, მაგრამ პრანდელი ნაადრევი დასკვნების გაკეთებისგან თავის შეკავებას გვირჩევს:

"მალტა ევროპული ფეხბურთის გრანდებს არ მიეკუთვნება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა მოვეშვათ და მეტოქეს ძალების დაზოგვით ვეთამაშოთ.

ასეთ შემთხვევაში, შეიძლება ცხვირი წავიმტვრიოთ. მე კი არ მსურს, რომ საშინაო შეხვედრაში ქულები დავკარგოთ. ეს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპია და არა ამხანაგური პაექრობა, ასე რომ, ექსპერიმენტები გამორიცხულია.

სასტარტო შემადგენლობაში იმ ფეხბურთელებს დავაყენებ, რომლებიც მოცემული მომენტისთვის საუკეთესო ფორმაში იქნებიან. გამომდინარე იქიდან, რომ სოფიაში დიდი ბრძოლა გადავიტანეთ, შესაძლოა, აქცენტი დასვენებულ მოთამაშეებზე გაკეთდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ექპერიმენტებს მივმართავთ. დავიცადოთ თამაშამდე და ყველაფერს საკუთარი თვალით ნახავთ".

ბოლოს ჯანლუიჯი ბუფონს გადავცეთ სიტყვა, რომელმაც ბულგარული პაექრობა შეაფასა და მომავალს გახედა: "მეტოქემ ბოლომდე იბრძოლა და ქულა ნამდვილად დაიმსახურა, რაც ყველამ უნდა ვაღიაროთ. ეს არ იყო ჩვენი საუკეთესო თამაში, რადგან ბევრი შეცდომა დავუშვით და ეს შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანდა. მიუხედავად ამისა, მთლიანობაში მაინც კმაყოფილი ვარ, რადგან ეს პირველი შეხვედრა იყო და ასეთ დროს ხარვეზები ჩვეულებრივი ამბავია.

მთავარია, რომ გამოვასწოროთ და მატჩიდან მატჩამდე მოვუმატოთ. რა მოხდა პირველი გაშვებული გოლის ეპიზოდში? - დარტყმის მომენტი კარგად ვერ დავინახე, ბურთი კი წინ დამიხტა და რეაგირება ვერ მოვასწარი; დამნაშავე ვარ, ასეთი გოლები არ უნდა გამდიოდეს და ამას კარგად ვხვდები. მოკლედ, შეცდომები გვქონდა, ეს ფაქტია.

რაც შეეხება მომდევნო პაექრობას, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ არა მარტო მალტას დავამარცხებთ, ყველა დანარჩენ კონკურენტსაც და მუნდიალის საგზურს მოვიპოვებთ. მთავარია, ერთი მხრივ, მოწინააღმდეგე შევაფასოთ სათანადოდ და მეორე მხრივ, ჩვენ არ დავაკლოთ არაფერი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული