ჯერ არავინ იცის, რას წარმოადგენს ამჟამინდელი "ინტერი", ან თუნდაც "რომა", რომელიც ზდენეკ ზემანის ხელში თავიდან შენდება. გნებავთ - "მილანი", რომელიც შემადგენლობის მხრივ, გვარიანად დასუსტდა.
მოკლედ, სერია A-ს მიმდინარე გათამაშება სრულიად არაპროგნოზირებადია და მით უფრო საინტერესოა, რას ფიქრობენ წამყვანი იტალიური გუნდების მწვრთნელები (ანტონიო კონტეს გამოკლებით, რომელმაც იტალიურ სპორტულ პრესას ბოიკოტი გამოუცხადა)... მაშ ასე, მოვუსმინოთ მწვრთნელებს და გავეცნოთ მათ მიერ გაკეთებულ პროგნოზებს...
ამასთან, არც ჩემპიონთა ლიგა და იტალიის თასის გათამაშება უნდა დავივიწყოთ, რადგან ჩვენთვის ყველა ტურნირი მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება კონკურენტებს, უპირველესად, "იუვენტუსი" უნდა ვახსენოთ, რომელიც ზაფხულში კიდევ უფრო გაძლიერდა; შემდეგ კი "ინტერი", "ნაპოლი" და "რომა". ვფიქრობ, სკუდეტო ამ გუნდებს შორის გათამაშდება".
ანდრეა სტრამაჩონი ("ინტერის" მთავარი მწვრთნელი): "პროგნოზების კეთება არ მიყვარს, მაგრამ ჩემს მოსაზრებებს დავაფიქსირებ: ვფიქრობ, რომ ამ დროისთვის საუკეთესო გუნდი "იუვენტუსია", თუმცა პოტენციალი ჩვენ მეტი გვაქვს და ვეცდებით, ეს მიმდინარე სეზონში დავამტკიცოთ.
"მილანმა" ზაფხულში დიდი დანაკარგი განიცადა, მაგრამ ამ გუნდს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ მთელი ჩემპიონატის განმავლობაში სამეულში იტრიალებს. სკუდეტოსთვის ბრძოლა ბოლო ტურებამდე გაგრძელდება და ვგონებ, ამ ბრძოლაში "ინტერიც" იქნება ჩაბმული".
ვალტერ მაცარი ("ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი): "შეიძლება ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ ჩემი პირადი აზრით, სკუდეტოსთვის სამი გუნდი იბრძოლებს: "იუვენტუსი", "რომა" და "ნაპოლი". დიახ, მე ასე მგონია და მჯერა, რომ ჩემი სიტყვები გამართლდება.
"იუვე" მოქმედი ჩემპიონია, ძალიან ძლიერი გუნდი და პირველ ადგილს აუცილებლად დაუმიზნებს;
შესანიშნავ გუნდს აკეთებს ზდენეკ ზემანი და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ უკვე წელს, შეგირდებს პირველი ადგილისთვის აბრძოლებს.
არც ჩვენ გვაქვს ყურები ჩამოყრილი და მიმდინარე სეზონზე უდიდეს იმედებს ვამყარებთ - პირადად ჩემი აზრით, "ნაპოლი" წელს გაცილებით ძლიერია, ვიდრე გასულ ჩემპიონატში და ამაში აუცილებლად დარწმუნდებით. რაც შეეხებათ მილანურ გრანდებს, ვფიქრობ, რომ წელს მათი პროგრამა-მაქსიმუმი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა".
ზდენეკ ზემანი ("რომას" მთავარი მწვრთნელი): "პროგნოზების კეთება ჩემი საქმე არაა და ზოგადი ფრაზებით შემოვიფარგლები... ჩემი აზრით, მაღალი მიზნებისთვის ტრადიციული გუნდები იბრძოლებენ: "იუვენტუსი", "მილანი", "ინტერი", "ნაპოლი" და "რომა". თუმცა, არც "ლაციოს" დავიწყება შეიძლება, რომელსაც მიროსლავ კლოზე ჰყავს.
თუ გერმანელმა ფორვარდმა ფორმა არ დაკარგა და ასე გააგრძელა, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად "ბიანკოჩელესტეც" იბრძოლებს. არც მრავალჯერ ჩამოწერილი "უდინეზე" უნდა დავივიწყოთ, რომელმაც გასულ სეზონში იტალიური ფეხბურთის აღიარებული გრანდები ჩამოიტოვა".
ვლადიმირ პეტკოვიჩი ("ლაციოს" მთავარი მწვრთნელი): "ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა და მჯერა, რომ თავდაუზოგავი შრომის შემთხვევაში, ამოცანის ამოხსნა ძალგვიძს.
რაც შეეხება სკუდეტოს, მისი უპირველესი პრეტენდენტი "იუვენტუსია" და მერე დანარჩენები...
დანარჩენებში "მილანს", "ინტერს" და "ნაპოლის" ვგულისხმობ - სწორედ ეს სამი გუნდი შეეცილება ტურინულ გრანდს. ძალიან მომწონს "ფიორენტინა", რომელიც წინა წლებისგან განსხვავებით, სამეულს დაუმიზნებს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"