ყველაზე რეზონანსული ამბავი მაინც ხავიერ ძანეტის ეხება, რომელმაც, დიდია შანსი, მიმდინარე სეზონთან ერთად, კარიერა დაასრულოს; თუმცა ჯობია, რომ მივყვეთ თანმიმდევრობით...
ძანეტი ახალ ამპლუაში
ხავიერ ძანეტი 39 წლისაა, თუმცა აქამდე არასდროს გაჟღერებულა, რომ უახლოეს პერიოდში კარიერის დასრულებას აპირებს.
პირიქით, რამდენჯერაც ვეტერან არგენტინელს ამის შესახებ ჩამოუგდეს სიტყვა, იმდენჯერ უპასუხა, რომ მინიმუმ სამი-ოთხი წელი ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას არ აპირებს; მეტიც, ყოველ ასეთ შეკითხვაზე ხავიერს გამზადებული ფრაზები ჰქონდა იმის
"მეორე ტურში "რომასთან" მწარე მარცხი ვიწვნიეთ, მაგრამ ამის გამო ყურების ჩამოყრა არ ღირს.
მთელი სეზონი წინაა და დარწმუნებული ვარ, რომ მდგომარეობას მალე გამოვასწორებთ. გუნდში არაერთი ახალი ფეხბურთელია, რომლებსაც ადაპტაციისთვის გარკვეული დრო სჭირდებათ; თანაც, ძირითადად ახალგაზრდები არიან, რომლებმაც ვეტერანები უნდა ჩაანაცვლონ.
დიახ, ყველაფერს აქვს დასასრული და მოვა დღე, როდესაც მეც და სხვა ვეტერანებსაც ადგილის ახალგაზრდებისთვის დათმობა მოგვიწევს - ეს დღე შესაძლოა, ბევრად უფრო მალე დადგეს, ვიდრე ეს ბევრს ჰგონია".
როდესაც 39 წლის ფეხბურთელზეა ლაპარაკი, ეს დღე შეიძლებოდა გაცილებით უფრო ადრეც დამდგარიყო, მაგრამ ძანეტი ამ შემთხვევაში მართალს ამბობს - თუ მის თამაშს რეგულარულად ადევნებთ თვალს, დაგვეთანხმებით, რომ ვეტერანობის არაფერი ეტყობა.
"კორიერე დელო სპორტში" გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხავიერს აღნიშნული კომენტარი შემთხვევით არ გაუკეთებია და მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს; საქმე იმაშია, რომ თურმე ძანეტიმ "ინტერის" პრეზიდენტისგან შეთავაზება მიიღო, რომლის თანახმადაც, 2013 წლის 1 სექტემბრიდან კლუბის ვიცე-პრეზიდენტი გახდება.
დიახ, არა დირექტორთა საბჭოს წევრი, კონსულტანტი ან მენეჯერი, ერთბაშად ვიცე-პრეზიდენტი... ეს ინფორმაცია ძანეტიმ არც უარყო და არც დაადასტურა, თუმცა ხშირ შემთხვევაში რომ დუმილი თანხმობის ნიშანია, ესეც ფაქტია.
სნეიდერი ინტერის ერთგული
ვესლი სნეიდერის "ინტერიდან" შესაძლო აბარგების შესახებ ყოველ ზაფხულს საუბრობენ და ასე იყო გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდშიც... ჰოლანდიელი ნახევარმცველის გადაბირება მანჩესტერულ გუნდებს, "სიტის" და "იუნაიდეტს" სურდათ, რაც თავად ფეხბურთელმაც არაერთგზის დაადასტურა.
იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ცნობის თანახმად, ვესლის ძალიან უნდოდა ბრიტანეთში გადაბარგება და "ნერაძურის" მესვეურებზე დღემდე ნაწყენია, რომ ამის საშუალება არ მისცეს; ითქვა ისიც, რომ ჰოლანდიელი ამ შეცდომის გამოსწორებას ზამთრის სატრანსფერო პერიოდში აპირებს. ამ ამბებმა თავად ფეხბურთელამდეც მიაღწია და იძულებული გახდა, რომ კომენტარი გაეკეთებინა:
"პრესაში გავრცელებულ ჭორებს ხშირად ყურადღებას არ ვაქცევ, მაგრამ ბოლო დღეებში იმდენი სისულელე წავიკითხე, რომ იძულებული ვარ, ჩემი პოზიცია დავაფიქსირო.
"ინტერში" თავს შესანიშნავად ვგრძნობ, რადგან კლუბის მესვეურებთანაც ბრწყინვალე დამოკიდებულება მაქვს, მწვრთნელებთანაც და თანაგუნდელებთანაც; შესაბამისად, არსად წასვლის სურვილი არ მაქვს და სავარაუდოდ, კარიერასაც "ინტერში" დავასრულებ. მილანურ გრანდთან სამწლიანი ხელშეკრულება მაკავშირებს, რომლის დარღვევასაც არ ვაპირებ და თუ გავახანგრძლივე, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ექნება".
ჰანდანოვიჩის პირველი ინტერული
ზაფხულში სამირ ჰანდანოვიჩის გადაბირება ევროპული ფეხბურთის არაერთ გრანდს სურდა, მაგრამ საბოლოოდ კიპერი "ინტერს" დარჩა.
ერთი ხანობა სამირი გაურბოდა ჟურნალისტებთან ურთიერთობას, რამაც ჭორები ააგორა, რომ მილანში თავს ცუდად გრძობს; ეს ამბავი თავად კიპერმა უარყო და უმჯობესია, რომ სიტყვა მას გადავცეთ - მაშ ასე, ჰანდანოვიჩის პირველი კომენტარი "ინტერის" ნომერი პირველი მეკარის რანგში:
"როდესაც გავიგე, რომ კარიერა "ინტერში" უნდა გამეგრძელებინა, ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. ერთი ხანობა ვშიშობდი, რომ ახალ გუნდთან ადაპტაცია გამიჭირდებოდა, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა - "ნერაძურის" შესანიშნავად შევეწყვე და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ წლებია, აქ ვთამაშობ.
ვიცი, რომ "ინტერში" ჩემზე დიდ იმედებს ამყარებენ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ გაცემული ავანსები სრულად გავამართლო. მილანში მინიმუმ ათი წლით ჩამოვედი, დანარჩენზე კი შემდეგ ვილაპარაკოთ".
მადლიერი პალასიო
როდრიგო პალასიო არგენტინის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს, რამაც "ინტერის" 30 წლის ფორვარდი უზომოდ გაახარა; მისი თქმით, ეროვნულ გუნდში დაბრუნება მთლიანად "ინტერის" დამსახურებაა და ამიტომ დღეს კიდევ უფრო კარგად აცნობიერებს, თუ რამხელა ნაბიჯი გადადგა წინ მილანურ გრანდში გადაბარგებით.
პალასიო შორეულ მომავალსაც გადასწვდა და განაცხადა, რომ კარიერის უკანასკნელ სეზონს მშობლიურ "ბოკა ხუნიორსში" გაატარებს, რა თქმა უნდა, თუ ამის საშუალება მიეცა - მოვუსმინოთ რიდრიგოს:
"როდესაც ეროვნული ნაკრებიდან მოწვევა მივიღე, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. "ალბისელესტეში" დაბრუნებამ კიდევ უფრო დამარწმუნა იმაში, რომ "ინტერში" გადასვლა ჩემს მიერ გადადგმული ყველაზე სწორი ნაბიჯი იყო.
"ჯენოასადმი" ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ამ გუნდში დარჩენით ასეთ ბედნიერებას ვერასდროს განვიცდიდი. დიდი იმედი მაქვს, რომ არგენტინის უმთავრეს გუნდში კიდევ ბევრჯერ ვითამაშებ და მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე გავემგზავრები.
ეს ის მიზანია, რომელმაც ფეხბურთის თამაშის სურვილი გამიათმაგა. აქვე აღვნიშნავ, რომ ფეხბურთის თამაშს კიდევ დიდხანს ვაპირებ, კარიერის უკანასკნელი სეზონი კი "ბოკა ხუნიორსში" მინდა გავატარო - მშობლიურ გუნდში ასპარეზობა დღემდე მენატრება და მინდა, რომ ეს ბედნიერება კიდევ ერთხელ განვიცადო - იმედი მაქვს, ამის საშუალება მომეცემა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"