დელიო როსის გასაჭირი

AutoSharing Option
დელიო როსი ყველასათვის ცნობილი სპეციალისტია, რომელიც არაერთ იტალიურ გუნდს ედგა სათავეში და კარგი შედეგებითაც შეუძლია დაიკვეხნოს.

მაგალითად, რამდენიმე წელი "ლაციოს" ედგა სათავეში და მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული საკადრო პრობლემები ჰქონდა, გუნდს ყოველთვის მაღალი ადგილებისთვის აბრძოლებდა.

მოკლედ, როსის კვალიფიკაცია არ დაეწუნება, მაგრამ აგერ უკვე რა ხანია, უსაქმოდ გახლავთ და ისეთი პირი უჩანს, რომ ვერც უახლოეს მომავალში დასაქმდება.

სადღაც, ეს ლოგიკურიც არის, რადგან რთულია კარი ისეთ სპეციალისტს გაუღო, რომელმაც თამაშის დროს თავისივე შეგირდი სცემა, თუნდაც დამნაშავე.

დიახ, "ფიორენტინა" სერია A-ს რიგით კალენდარულ
მატჩს მართავდა, როდესაც ადემ ლიაიჩთან ჩხუბი მოუვიდა და ეს ყველაფერი ათასობით გულშემატკივრის და მილიონობით ტელემაყურებლის თვალწინ მოხდა. მეორე დღეს მწვრთნელმა თავის მართლება სცადა, მაგრამ უკვე გვიან იყო - კლუბის მესვეურებმა მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღეს.

დელიო როსის არსად აღარ იწვევენ და სწორედ ამ ამბით შეშფოთებულმა "კორიერე დელო სპორტთან" გული მოიოხა:

"დიდი ხანია, რაც უკლუბოდ ვარ და ამ ხნის განმავლობაში ერთი წინადადებაც არ მიმიღია. როგორც ჩანს, იმ ერთმა ეპიზოდმა დათვური სამსახური გამიწია, რასაც ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.

კარგად რომ არ მოვქცეულვარ, ეს შესანიშნავად ვიცი, მაგრამ თუ ამის გამო ამითვალწუნეს, განაჩენი მეტისმეტად მკაცრი მგონია. იმედს ვიტოვებ, რომ ეს უბრალო დამთხვევაა და საინტერესო შეთავაზებებს აუცილებლად მივიღებ".


დელიო როსიმ "ფიორენტინაში" გატარებული ექვსი თვე გაიხსენა და შემდეგი განაცხადა: "ფლორენცია იდეალური ადგილია, სადაც კი შეიძლება ვიცხოვრო და ვიმუშავო; გამომდინარე აქედან, ძალიან დამწყდა გული, როდესაც ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ გავიგე.

"ვიოლაში" ძალიან რთული ექვსი თვე გავატარე, თუმცა მიუხედავად ამ სირთულეებისა, განვლილი პერიოდი სასიამოვნოდ მახსენდება.

იყო ფეხბურთელთა ერთი ჯგუფი, რომელთანაც ურთიერთობა არ გამომდიოდა, მაგრამ ამ პრობლემის მოგვარებას ვცდილობდი და არასდროს მიფიქრია მარტივი გამოსავლის მოძებნა - მაგალითად, კონკრეტული ფეხბურთელების ტრანსფერზე დაყენება.

ჩემი სტილი ადამიანებთან საერთო ენის გამონახვაა და არა მწვრთნელის ძალაუფლებით სარგებლობა და მათი მარტივად მოშორება. ეს ბევრმა ვერ დაინახა, რამაც გული დამწყვიტა. მიუხედავად ამისა, ფლორენციაში გატარებული პერიოდი ყოველთვის სასიამოვნოდ გამახსენდება.

დავბრუნდები თუ არა ოდესმე "ფიორენტინაში?" - ჩემი ნება რომ ყოფილიყო, იქიდან არც წამოვიდოდი. ვნახოთ, იქნებ ეს დღე მართლაც დადგეს, პირადად მე, უარს არ ვიტყოდი..."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული