"ნაპოლი": ახალი კონტრაქტები ვეტერანებს

AutoSharing Option
"ნაპოლის" მესვეურები აგრძელებენ ფეხბურთელებთან კონტრაქტების გახანგრძლივებას.

რამდენიმე დღის წინ ახალ ხელშეკრულებას ედინსონ კავანიმ მოაწერა ხელი, 12 სექტემბერს კი იგივე უგო კამპანიარომ და მორგან დე სანკტისმა გააკეთეს.

ეს უკანასკნელი 35 წლის გახლავთ, მაგრამ გუნდის მთავარი მწვრთნელის დიდი ნდობით სარგებლობს. ვალტერ მაცარის აუცილებლად გადავცემთ სიტყვას, თუმცა იქამდე ორიოდე სიტყვა კონტრაქტის პირობებზე ვთქვათ...

მორგან დე სანკტისმა კლუბთან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც, სეზონურად 1.2 მილიონ ევროს მიიღებს.

ამასთან, დე სანკტისმა ნომერ პირველ კიპერობაზე გარანტიები მოითხოვა და რადგან კონტრაქტი გაფორმდა, გამოდის, რომ გარანტიები მიიღო
კიდეც. რაც შეეხება უგო კამპანიაროს, 34 წლისაა და კლუბთან ხელშეკრულება ერთი წლით გაახანგრძლივა. თუმცა ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაგრძელდეს - ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ უგო მომდევნო სეზონში მატჩების 65%-ზე მეტში მიიღებს მონაწილეობას.

კამპანიარო დღემდე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია და თუ პოზიციები არ დათმო, გამოდის, რომ მასაც ორწლიანი ხელშეკრულება გაუფორმებია. აქვე, "ნაპოლის" მთავარ მწვრთნელ ვალტერ მაცარის გადავცეთ სიტყვა:

"ყოველთვის ვცდილობდი, რომ გუნდში ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელების სინთეზი ყოფილიყო - შესაბამისად, კამპანიაროსა და დე სანკტისთან ხელშეკრულების გახანგრძლივებით ძალიან კმაყოფილი ვარ. ორივეს ვენდობი და მჯერა, რომ გუნდს კიდევ დიდხანს მოუტანენ სარგებელს.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ასეთი გამოცდილი ფეხბურთელების მხარდამხარ ასპარეზობით ახალგაზრდები ბევ
რს ისწავლიან".

ახალგაზრდებზე ჩამოვარდა სიტყვა და ლორენცო ინსინიე უნდა ვახსენოთ, რომელიც მხოლოდ 19 წლისაა და სამშაბათს იტალიის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა.

თურმე, ინსინიეს კუმირი ალესანდრო დელ პიერო ყოფილა, რაშიც ის "კორიერე დელო სპორტს" დაახლოებით ერთი თვის წინ გამოუტყდა - თურმე, ამ ამბავმა ავსტრალიაში გადახვეწილი ლეგენდარული შემტევის ყურამდეც მიაღწია და თუ რა მოჰყვა ამ ყველაფერს, თავად ინსინიესგან შეიტყობთ:

"ჩემი ბავშვობის კუმირი ალესანდრო დელ პიეროა და ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ განვაცხადე. წარმოიდგინეთ, რამხელა სიხარულია, როდესაც შენი კუმირი ტელეფონზე გირეკავს და მხარდაჭერას გიცხადებს...

დიახ, ალესანდრომ დამირეკა და მითხრა, რომ ჩემზე უდიდეს იმედებს ამყარებს. ეს ყველაფერი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ჩემთვის, რადგან ასეთი ვარსკვლავები ყველას ნამდვილად არ ამხნევებენ. დღეს კიდევ უფრო მოტივირებული ვარ, ვიდრე ვიყავი და ეს მთლიანად დელ პიეროს დამსახურებაა".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული