კრიშიტო, პალასიო, მილანეტო და დაინელი გაამართლეს

AutoSharing Option
გახსოვთ, ალბათ, ზედ ევროპის ჩემპიონატის წინ გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებული ახალი სკანდალი აგორდა, რომელმაც "ყველა სიკეთესთან" ერთად, იტალიის ნაკრებიც დააზარალა.

მაგალითად, დომენიკო კრიშიტო სამართალდამცავმა ორგანოებმა "კოვერჩიანოს" საწვრთნელ ბაზაზე დააკავეს და ევროფორუმზე გამგზავრების საშუალება არ მისცეს.

კრიშიტო კონკრეტულად "ჯენოა"-"სამპდორიას" მატჩის წინასწარ შეთანხმებაში გახლდათ ეჭვმიტანილი, ისევე, როგორც დარიო დაინელი, როდრიგო პალასიო და ომარ მილანეტო. სხვათა შორის, ამ საქმეში კახა კალაძის გვარიც ფიგურირებდა, თუმცა საბედნიეროდ, ქართველ მცველს ეჭვმიტანილის სტატუსი არ ჰქონია.

12 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამ
ართალდამცავ ორგანოებს კონკრეტულად ამ მატჩთან დაკავშირებით მყარი არგუმენტები არ დაუგროვდათ და ძიება ოფიციალურად შეწყვიტეს; ანუ კრიშიტოზე, პალასიოზე, მილანეტოსა და დაინელიზე ეჭვები მოხსნილია.

უფრო სწორად, ეჭვები შესაძლოა კიდევ არსებობდეს, მაგრამ ძიება შეჩერებულია და ფეხბურთელებს მშვიდად შეუძლიათ ყოფნა.

თავისი უდანაშაულობის დამტკიცებისთვის ბრძოლას აგრძელებს ანტონიო კონტე, რომელსაც 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს და სერია A-ში "იუვეს" პაექრობებს ტრიბუნებიდან ადევნებს თვალს. კონტეს დიდი ხანია აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება სურს, მაგრამ ფედერკალჩოს სადისციპლინო კომიტეტმა ამ საკითხს არაფრით დაადგა საშველი.

12 სექტემბერს გავრცელებული ცნობის თანახმად, კონტეს საკითხის განხილვა 21 სექტემბრისთვის დაინიშნა და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, სწორედ ამ დღეს გაირკვევა, შეუმცირებენ თუ არა "იუვეს" მთავარ მწვრთნელს დისკვალიფიკაციას... ამ თემაზე კომენტარი თვით ჯანკარლო აბეტემ გააკეთა და უმჯობესია, მოვუსმინოთ ფედერკალჩოს პრეზიდენტს:

"კონტეს საკითხი 21 სექტემბერს განიხილება და გავიგებთ, შეუმცირებენ თუ არა დისკვალიფიკაციას. ჩემი ინფორმაციით, დისკვალიფიკაცია მაქსიმუმ 5 მატჩამდე შემცირდება და გამომდინარე აქედან, განხილვის უფრო ადრე დანიშვნა აუცილებელი არ იყო. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას და ყველაფერი გაირკვევა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული