დამოუკიდებელი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ტრაგედიაში "ლივერპულის" ქომაგებს არანაირი წვლილი არ მიუძღვით და რომ პოლიცია, სასწრაფო დახმარებასთან ერთად, ყველანაირად ცდილობდა, საკუთარი დანაშაული ქომაგებისთვის გადაებრალებინა.
"ახალმა სამხილებმა ცხადყო, რომ დაღუპულთა ოჯახის წევრები ორმაგი უსამართლობის მსხვერპლნი იყვნენ.
ერთი, რომ სახელმწიფომ და პოლიციამ მათი საყვარელი ადამიანები ვერ დაიცვა და მეორე - წლების განმავლობაში მათ ესმოდათ, რომ დაღუპულები თავად იყვნენ საკუთარ
როგორც პრემიერ-მინისტრმა, მსურს ბოდიში მოვუხადო 96-ივე დაღუპულის ოჯახის წევრებს იმ ყველაფრისთვის, რაც მათ გადაიტანეს ბოლო 23 წლის განმავლობაში" - განაცხადა ქემერონმა.
ახალი დოკუმენტების, რომელიც დაახლოებით 400 000 გვერდისგან შედგებოდა, შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ პოლიციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ბრალი ქომაგებისთვის დაედოთ.
გარდა ამისა, გაირკვა, რომ ზოგ მსხვერპლს "შექცევადი ასფიქსია" სჭირდა და მათი გადარჩენა შესაძლებელი იყო, სასწრაფო დახმარების მანქანები ტრაგედიის ადგილზე დროულად რომ მისულიყვნენ.
ქემერონის ამ გამოსვლის შემდეგ ბოდიში გაზეთ "სანის" იმჟამინდელმა რედაქტორმა, კელვინ მაკკენზიმ მოიხადა.
"სანმა" ტრაგედიის მეორე დღეს შოკისმომგვრელი ინფორმაცია გაავრცელა: თითქოს "ლივერპულის" მთვრალი ქომაგები პოლიციას აშარდავდნენ და გარდაცვლილების ნივთებს იპარავდნენ.
ამ სტატიის გამო "სანი" მერსისაიდში დღემდე ყველაზე საძულველი და მიუღებელი გაზეთია.
ტრევორ ჰიქსმა, რომელმაც 1989 წლის 15 აპრილს 2 ქალიშვილი დაკარგა, განაცხადა, რომ მაკკენზის ეს ბოდიში ცოტა არ იყოს, დაგვიანებულია.
აღსანიშნავია, რომ 96-ივე მსხვერპლს ჩაუტარდა ტესტი ალკოჰოლის ოდენობაზე და არც ერთი ტესტი არ აღმოჩნდა დადებითი.
გამოძიების საბოლოო შედეგები ასეთია:
* სასწრაფო დახმარებას დროულად რომ ემოქმედა, 41 მსხვერპლის გადარჩენა შესაძლებელი იყო.
* სამხრეთ იორკშირის პოლიციამ და სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ტრაგედიაში დამნაშავეებად თავად დაღუპულები გამოჩენილიყვნენ.
* გაირკვა, რომ საქმიდან ამოღებულ იქნა პოლიციელთა 116 ჩვენება, რადგან ეს ჩვენებები ტრაგედიაში პოლიციის ბრალეულობას ამტკიცებდა.
* პოლიციამ, საკუთარი რეპუტაციის დასაცავად, გარდაცვლილ ბავშვებსაც კი ჩაუტარა ტესტი სისხლში ალკოჰოლის ოდენობაზე. როდესაც გაირკვა, რომ ყველა ტესტი უარყოფითი იყო, ეს ფაქტი საქმიდან გააქრეს.
* სამხრეთ იორკშირის პოლიციამ ტრაგედიაში ბრალი ქომაგებს დასდო, რასაც მეორე დღეს გაზეთების სტატიები მოჰყვა, რომლებშიც დაღუპულები დამნაშავეებად იყვნენ გამოყვანილები.
ტატო ბაციკაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"