იტალიის ნაკრები: ჩეზარე პრანდელის ევრიკა მალტასთან

AutoSharing Option
ფეხბურთი მოულოდნელობებით აღსავსე სპორტია, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს და მაგალითების მოყვანაც უხვად შეგვიძლია.

აბა, ვინ იფიქრებდა, თუ ჩეზარე პრანდელი იტალიის ნაკრებში მუშაობის მესამე წელს, მალტასთან შეხვედრაში მიხვდებოდა ყველაზე მთავარს და ფუნდამენტურს... დიახ, ჯუჯა ქვეყნის ეროვნულ გუნდთან გამარჯვების შემდეგ სენიორ ჩეზარემ ურცხვად განაცხადა, რომ ეს მატჩი მისი ფორმაციის "აძურასთვის" ეპოქალური მნიშვნელობის გამოდგა და ამისთვის მადლობა, პირველ რიგში, მეტოქეს გადაუხადა.

მაინც რა მოხდა ასეთიო, იკითხავთ და პასუხს მას შემდეგ გაიგებთ, რაც ორიოდე სიტყვით პადოვაში გამართული შეხვედრის პერიპეტიებს მიმოვიხილავთ...

ჩეზარე პრანდელიმ ამჯერად 4-3-1-2
ტაქტიკა აირჩია და შეტევის წინა ხაზზე პაბლო დანიელ ოსვალდოსა და მატია დესტროსგან შემდგარი ტანდემი გაამწესა.

ფორვარდთა უკან ალესანდრო დიამანტი ირჯებოდა, რომელიც ნელ-ნელა გუნდისთვის შეუცვლელ ფეხბურთელად ყალიბდება.

საყრდენ ხაზს ანდრეა პირლო, კლაუდიო მარკიზიო და ანტონიო ნოჩერინო აკონტროლებდნენ. დაცვის მარჯვენა ფრთა მატია კასანის ებარა, მარცხენა ფედერიკო პელუზოს, ცენტრში კი ანდრეა ბარცალი და ლეონარდო ბონუჩი მოქმედებდნენ.

კარში ჯანლუიჯი ბუფონი იდგა, რომელსაც აქედანვე აღვნიშნოთ, რომ საქმე, პრაქტიკულად, არ ჰქონია.

მატჩი მასპინძელთა სრული სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა, მაგრამ იმას ვერ დავიჩემებთ, რომ მალტელთა კართან ურიცხვი რაოდენობის მომენტი შეიქმნა.

მეტიც, რეალური ხიფათი იტალიელებმა მეტოქის კართან მხოლოდ რამდენჯერმე მიიტანეს და საბოლოო ანგარიშიც სრულიად კანონზომიერი გახლდათ; თუ არ იცით, აქვე გეტყვით, რომ "სკუადრა აძურამ" მეტოქეს ორი უპასუხო გოლი აკმარა.

ბარემ გოლების შესახებაც ვთქვათ - ანგარიში შეხვედრის სტარტზე მატია დესტრომ გახსნა, რომელიც კლაუდიო მარკიზიომ მეტოქე კიპერს პირისპირ შეჰყარა და "რომანისტამაც" ბურთი ბადეში გაახვია.

რაც შეეხება მეორე გოლს, იტალიელებმა ზედ საფინალო სასტვენის წინ გაიტანეს, როდესაც კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს ფედერიკო პელუზომ თავი დაუხვედრა და კარის ჩარჩოში მოათავსა. ამრიგად, დესტრომ და პელუზომ პირველი გოლები გაიტანეს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში და ნამატჩევს პრანდელის ქებაც დაიმსახურეს.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ კარგად ჩაერთო შეხვედრაში ახალგაზრდა ფორვარდი ლორენცო ინსინიე - მალტელთა კარგად ორგანიზებულ დაცვაში დისონანსი შეიტანა და გოლის გატანასთანაც ახლოს იყო.

და მაინც, რატომ გაუჭირდათ ასე იტალიელებს და რატომ არ გამოსდიოდათ შეტევების ხეირიანად წარმართვა? - ამ ყველაფერზე ჩეზარე პრანდელი ისაუბრებს და იქვე განმარტავს, თუ რატომ აღმოჩნდა ჯუჯა ქვეყნის ნაკრებთან მატჩი ესოდენ მნიშვნელოვანი...

ჩეზარე პრანდელი (იტალიის მწვრთნელი): "იმაზე უფრო მნიშვნელოვანი თამაში იყო, ვიდრე ეს ბევრს წარმოუდგენია, რადგან მალტელებმა კარგი გაკვეთილი ჩაგვიტარეს.

ამ შეხვედრისგან ძალიან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ და სამომავლოდ საქმეში ავსახოთ. დღეს ყველამ ერთად დავინახეთ, რომ იტალიის ნაკრები ზედმეტად არის დამოკიდებული ანდრეა პირლოზე და ეს პრობლემა უნდა აღმოიფხვრას.

თანამედროვე ფეხბურთში პერსონალური მეურვეობა მივიწყებული თემაა და ევროპის ჩემპიონატი ისე ჩავამთავრეთ, რომ ამ ხერხისთვის არავის მიუმართავს.

სამაგიეროდ, მალტელებმა მიმართეს, ერთი ფეხბურთელი პერსონალურად ანდრეა პირლოს მიამაგრეს და ამით ჩვენს
შეტევებს სიმწვავე მოაკლეს.

არადა, გვყავს ისეთი შუახაზელები, რომელთა ამოქმედებაც უფრო აქტიურად შეგვიძლია და ასეთ დროს, სწორედაც რომ სხვებზე უნდა გადავიდეს აქცენტი - თამაშის წარმართვა რიკარდო მონტოლივოსაც შეუძლია, ტიაგო მოტასაც და დანიელე დე როსისაც, რომლებსაც დღეს არ უთამაშიათ, მაგრამ სხვა დროს ძირითად შემადგენლობაში იქნებიან.

მოკლედ, არ შეიძლება გუნდში ერთ ფეხბურთელზე ამდენი რამ იყოს დამოკიდებული და ამ პრობლემის მოგვარებას უდიდესი დრო უნდა დავუთმოთ.

ხარვეზები ისედაც ბევრი გვქონდა - უფრო სწრაფად გვმართებს თამაში და ეს ბულგარელებთან მატჩის შემდეგაც განვაცხადე".


პაბლო დანიელ ოსვალდო: "მეტოქე მთელი თამაშის განმავლობაში დაცვაში იდგა და ამ დაცვითი რუბიკონების გადალახვა არც ისე იოლი აღმოჩნდა. კიდევ კარგი, სწრაფი გოლი გავიტანეთ, თორემ ნერვიულობა თქვენ მერე უნდა გენახათ...

რაც მთავარია, მოვიგეთ და სამი ქულა ჩავიწერეთ აქტივში. მთლიანობაში, მაინც კმაყოფილი ვარ და მჯერა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებით მოვიპოვებთ.

არ შემიძლია, რომ ლორენცო ინსინიეს თამაში არ გამოვყო - შეცვლაზე შემოვიდა და მნიშვნელოვნად შეგვიმსუბუქა საქმე; ერთი-ერთზე იოლად ატყუებდა მეტოქე ფეხბურთელებს, ეს კი ამ რთულ პაექრობაში ყველაზე მეტად გვჭირდებოდა. ხარვეზებიც ბევრი იყო, თუმცა დროთა განმავლობაში ყველაფერს ეშველება".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული