პისარო თითქოს ზუსტად ისეთი ყაიდის ფეხბურთელია, რომელმაც ტიკი-ტაკას იოლად უნდა აუღოს ალღო - ბურთის კონტროლი, სისწრაფე, მოკლე პასები და მოედნის ხედვა. იყო ვარაუდი, რომ ჩილელი "რომას" ჩავი გახდებოდა, ან, გნებავთ, ინიესტა, მაგრამ რეალობა სხვაგვარი გამოდგა - პისარო საერთოდ
ამ ყველაფრის მერე "კორიერე დელო სპორტის" ჟურნალისტს შთაბეჭდილებები გაუზიარა და ერთობ საინტერესოდ ისაუბრა:
ტიკი-ტაკა
დღესაც კოშმარივით მახსოვს, როგორ გვესაუბრებოდა გაუჩერებლად ლუის ენრიკე ტიკი-ტაკაზე და როგორ ბრაზდებოდა, როდესაც თუნდაც ვარჯიშზე მისი მითითება არ სრულდებოდა. არადა, თამაშის ესპანური მოდელი იტალიაში საერთოდ არ ამართლებდა და დარწმუნებული ვარ, რომ არც მომავალში გაამართლებს.
საშინლად მომაბეზრებელია გაუთავებლად განივი გადაცემების კეთება და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ტაიმში ორ-სამჯერ მეტოქის კარის მიმართულებითაც დაარტყა. ფაქტია, იტალიაში ეს მოდელი ვერ გაამართლებდა და ამიტომაც მომიწია გუნდის დატოვება.
არ იფიქროთ, ლუის ენრიკეს მიმართ უარყოფითად ვიყო განწყობილი - პირიქით, შესანიშნავი ადამიანია, მაგრამ მისი გაუთავებელი ლაპარაკი ტიკი-ტაკას უპირატესობების შესახებ ნამდვილად მომაბეზრებელი იყო.
დღეს "რომას" ზდენეკ ზემანი უდგას სათავეში, რომელიც ბრწყინვალე სპეციალისტია და დარწმუნებული ვარ, რომ გუნდს დიდ წარმატებამდე მიიყვანს. ჩეხის საფეხბურთო ფილოსოფიაც შეტევებს ემყარება, მაგრამ ლუის ენრიკესგან განსხვავებით, მისი გუნდები ყოველთვის ელვის სისწრაფით გადადიოდნენ მეტოქის კარის მიმართულებით. "რომას" გულშემატკივარი ვარ და მიხარია, რომ ამ გუნდს შესანიშნავი მწვრთნელი უდგას სათავეში.
ინგლისი
"მანჩესტერ სიტიში" რობერტო მანჩინის ინიციატივით გადავედი და მის მიერ გამოცხადებულ ნდობას დღესაც ძალიან ვაფასებ.
მიუხედავად იმისა, რომ დიდი სათამაშო დრო არ მქონია, მწვრთნელისგან ყურადღებას ყოველთვის ვგრძნობდი. ინგლისში სრულიად სხვა სტილის ფეხბურთს თამაშობენ, რომელთან ადაპტაციაც მეტად რთული საქმეა.
ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ თამაშის მსვლელობისას ბურთს საერთოდ არ ვიღებდი - დიახ, ბურთი მუდმივად ჰაერშია და თუ მოგივიდა, წამებში გიწევს მასთან განშორება.
მოკლედ, ინგლისში თამაშის სრულიად სხვა სტილი აქვთ, მე კი თინეიჯერი აღარ ვარ, რომ საკუთარი თავი ახლიდან მეპოვა. მანჩინის მალევე ვუთხარი, რომ იტალიაში მსურდა დაბრუნება და საბედნიეროდ, სურვილი ამ ზაფხულს ამიხდა.
ფიორენტინა
როგორც უკვე მიხვდით, მწვრთნელთან ურთიერთობას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს და ძალიან გამიმართლა, რომ "ფიორენტინაში" ვინჩენცო მონტელასთან მიწევს მუშაობა.
მას "რომადან" ვიცნობ და მხოლოდ დადებითად შემიძლია დავახასიათო; საოცრად კარგი ადამიანია და შესანიშნავი სპეციალისტი.
ვფიქრობ, "ფიორენტინას" სწორედ მონტელა სჭირდებოდა და კლუბის მესვეურებმა სწორი არჩევანი გააკეთეს. აღარაფერს ვამბობ ფლორენციაზე, ქალაქზე, სადაც ცხოვრება ერთ რამედ ღირს.
ბედნიერი ვარ, რომ აქ მოვხვდი და იმედი მაქვს, კარიერის ბოლომდე "ვიოლას" ღირსებას დავიცავ. რაც მთავარია, კლუბის მესვეურებს ამბიციური გეგმები აქვთ და აგერ ნახავთ, "ფიორენტინა" მალე დაიბრუნებს ძველ დიდებას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"