შესაძლოა, პიემონტელები ფედერკალჩოს გადაწყვეტილებამ გაახარა, რომლის მიხედვითაც ანტონიო კონტეს დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებული საჩივრის განხილვა 21 სექტემბერს დაინიშნა.
ასეა თუ ისე, ბოიკოტი შეწყდა და კლუბის სპორტულ დირექტორ ჯუზეპე მაროტას უმალ შეეხმიანენ ჟურნალისტები - რამდენიმე თემაზე მაროტამ მოკლე კომენტარი გააკეთა და დროა, სიტყვა მას გადავცეთ...
სატრანსფერო სიახლეები
მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, ჩვენ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ვაკვირდებით ფეხბურთელებს და ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომელთა წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ზამთარში გვარიანად გავძლიერდებით.
ანუ ჩაშლილი მოლაპარაკებები? - დიახ, სამივე მათგანის გადაბირება გვსურდა, მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. სტევან იოვეტიჩმა "ფიორენტინაში" დარჩენა ამჯობინა, რობინ ვან პერსიმ "მანჩესტერ იუნაიტედზე" შეაჩერა არჩევანი, ფერნანდო ლორენტე კი ბილბაოს "ატლეტიკმა" არ გამოუშვა.
ნიკლას ბენდტნერი
პირველი შთაბეჭდილება ძალიან პოზიტიურია, მას მნიშვნელოვნად შეუძლია "იუვენტუსის" გაძლიერება.
ალესანდრო დელ პიერო
ძალიან გამიხარდა, რომ ევროპა დატოვა და ახალი თავგადასავლის საძიებლად ავსტრალიაში გაემგზავრა. უბრალოდ, არ მსურდა, რომ ოდესმე "იუვენტუსის" წინააღმდეგ ეთამაშა და თუ რატომ, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს.
ანტონიო კონტეს აპელაცია
ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და ვფიქრობთ, რომ ფედერკალჩოს სადისციპლინო კომიტეტი ჩვენს საჩივარს დააკმაყოფილებს. რას ვითხოვთ? - მინიმუმ, სასჯელის განახევრებას (ანტონიო კონტეს 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს; ავტ.).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"