იტალია. სერია A. III ტურის წინ: "იუვენტუსისა" და "ინტერის" რთული გასვლები

AutoSharing Option
ტრადიციულად, სერია A-ს მესამე ტურის ორი მატჩი შაბათსაა დაგეგმილი, დარჩენილი რვა კი კვირას.

15 სექტემბერს გასამართი პაექრობებიდან "სან სიროს" ჯახი იწვევს ინტერესს, სადაც ერთმანეთის პირისპირ "მილანი" და "ატალანტა" წარსდგებიან.

ფავორიტი ლომბარდიული გრანდია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პირველ ტურში, "როსონერიმ" სწორედ საკუთარ კედლებში განიცადა სენსაციური მარცხი "სამპდორიასგან"...

წინასამატჩო ბრიფინგზე მასიმილიანო ალეგრიმ სწორედ ამ ფაქტზე გაამახვილა ყურადღება:

"მეტოქე სათანადოდ უნდა შევაფასოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგივე დაგვემართება, რაც "სამპდორიასთან" პაექრობაში. პირველივე წუთებიდან შევუტევთ და იმედი მაქვს, რომ სწრაფ გოლსაც გავიტანთ. დიახ, დასამალი არაფერია
- ჩვენ სწრაფი გოლი გვსურს".

სწრაფი გოლის გატანას უპირველესად ბოიან კრკიჩი და ჯამპაოლო პაცინი შეეცდებიან, რომლებსაც "გაძეტა დელო სპორტი" შეტევაში მოიაზრებს.

პაცოზე ამბობდნენ ტრავმირებულიაო, მაგრამ როგორც ჩანს, უკვე გამოჯანმრთელდა და საბრძოლველად მზადაა. დანარჩენი უშუალოდ მოედანზე გამოჩნდება.

მილანი-ატალანტა
სავარაუდო შემადგენლობები
მილანი (4-3-1-2): აბიატი - დე შილიო, ბონერა, აჩერბი, ანტონინი - დე იონგი, ამბროზინი, ემანუელსონი - ბოატენგი - ბოიანი, პაცინი.
ატალანტა (4-4-1-1): კონსილი - ბელინი, სტენდარდო, მანფრედინი, ბრივიო - რაიმონდი, ჩიგარინი, ბიონდინი, ბონავენტურა - მორალესი, დენისი.

გინდა სამეული? მოუგე კიევოს
"ლაციოს" მთავარი მწვრთნელი, ვლადიმირ პეტკოვიჩი ამტკიცებს, რომ მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება შეუძლია.

თუ რომაელები მართლა სამეულისთვის აპირებენ ბრძოლას, სწორედ "კიევოს" დარი გუნდები უნდა დაამარცხონ და ეს მათ კარგად აქვთ გაცნობიერებული.

სწორედ ამ თემაზე ისაუბრა ბალკანელმა სპეციალისტმა და იქვე დაამატა, რომ საბედნიეროდ, მიროსლავ კლოზეს ფეხში ტკივილებმა გაუარა და სათამაშოდ სრულ მზადყოფნაშია.

მოკლედ, "ლაციო" გერმანელი ფორვარდით შეუტევს, რომელსაც უკნიდან სტეფანო მაური და ერნანესი დაეხმარებიან. "ლაციომ" კარგად დაიწყო სეზონი და ვნახოთ, როგორ გააგრძელებენ რომაელები.

კიევო-ლაციო
სავარაუდო შემადგენლობები
კიევო (4-3-1-2): სორენტინო - სარდო, დაინელი, ცეზარი, ფრეი - ლუსიანო, რიგონი, ჰეტემაი - თერეუ - დი მიკელე, პელისიერი.
ლაციო (4-5-1): მარკეტი - კონკო, ბიავა, დიასი, კავანდა - კანდრევა, გონსალესი, ლედესმა, ერნანესი, მაური - კლოზე.

ზდენეკ გამლანძღავი
სანამ ნაკრებები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ პაექრობებს მართავდნენ, ზდენეკ ზემანმა დრო იხელთა, ჟურნალისტებს გაესაუბრა და ყველა გამოლანძღა, ვინც პირზე მოადგა.

მოკლედ, ჩეხმა ტრადიციულად გული მოიფხანა და დამშვიდებული, "ბოლონიას" დამარცხებას აპირებს...

"გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, "რომა" ტოტი-ლამელა-დესტროს ტრიოთი შეუტევს, რომლებსაც უკნიდან ტაცტიდისი, ფლორენცი და პიანიჩი დაეხმარებიან.

"ინტერთან" გასვლაზე მოპოვებული გამარჯვებით შეგულიანებულმა ტოტიმ პრესას შემდეგი კომენტარი მისცა:

"აშკარაა, გუნდი სწორ გზას ადგას და ეს მილანში მოპოვებულმა გამარჯვებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა. "ბოლონიას" წინააღმდეგ მაქსიმალური ყურადღებით გვმართებს თამაში, რადგან მეტოქეს კონტრიერიშები შესანიშნავად გამოსდის. ვეცდებით, მრავალმხრივად შევუტიოთ, რადგან ეს სწორედ ისაა, რისკენაც ზემანის მოსვლის დღიდან ვისწრაფვით".


რომა-ბოლონია
სავარაუდო შემადგენლობები
რომა (4-3-3): სტეკელენბურგი - პირიზი, ბურდისო, კასტანი, ტადეი - ფლორენცი, ტაცტიდისი, პიანიჩი - ლამელა, ტოტი, დესტრო.
ბოლონია (4-3-2-1): ალიარდი - მოტა, ანტონსონი, კერუბინი, მორლეო - ტაიდერი, პაციენცა, გუარანტე - კონე, დიამანტი - ჯილარდინო.

ეს საინტერესოა - ჩემპიონი გენუაში
ტურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შეხვედრა გენუაში გაიმართება, სადაც "ჯენოას" "იუვენტუსს" უმასპინძლებს.

რთული სათქმელია, რას წარმოადგენს მიმდინარე სეზონში "ჯენოა", მაგრამ საკუთარ კედლებში რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია, ეს ფაქტია...

თუმცა, კვირას ისეთი მეტოქე ეყოლება, რომელიც აგერ უკვე 40 ტურია არ დამარცხებულა და თუ ანტონიო კონტეს დავუჯერებთ, არც აპირებს;

დიახ, ტურინელებმა მედიასთან ბოიკოტზე უარი თაქვეს და შედგად, კარგა ხნის პაუზის შემდეგ, კონტეს კომენტარს შეგვიძლია გავეცნოთ:

"ყველაზე მთავარი ის არის, რომ ფეხბურთელები თითოეული შეხვედრისთვის უდიდესი მოტივაციით ემზადებიან. ცოტა გადაღლილები ჩანან ნაკრებ-გამოვლილი მოთამაშეები და ამიტომ, შესაძლოა, შემადგენლობა გადავახალისოთ. საბედნიეროდ, საკადრო რესურსი იძლევა ამის საშუალებას. ვნახოთ, მაინც ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ".

კონტემ კი თქვა, შესაძლოა შემადგენლობა გადავახალისოთო, მაგრამ ჟურნალისტებს ამისი ნაკლებად სჯერათ - ყველა პროგნოზით, ტურინელები ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებენ, შეტევის წინა ხაზზე კი მირკო ვუჩინიჩსა და ალესანდრო მატრის ვიხილავთ.

ჯენოა-იუვენტუსი
სავარაუდო შემადგენლობები
ჯენოა (4-3-3): ფრეი - ფერონეტი, კანინი, გრანკვისტი, ანტონელი - კუჩკა, სეიმური, მერკელი - იანკოვიჩი, იმობილე, ბორიელო.
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - კასერესი, ბარცალი, კიელინი - ლიხტშტაინერი, ვიდალი, პირლო, მარკიზიო, ჯაკერინი - ვუჩინიჩი, მატრი.

სკუდეტო? დაამტკიცეთ!
"ნაპოლიმ" პირველი ორი ტური ისე მძლავრად წარმართა, რომ უმალ ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტის სტატუსი მიიღო.

ბევრი იმასაც ამტკიცებს, რომ სწორედ "ნაპოლი" იქნება ის გუნდი, რომელიც "იუვენტუსს" სკუდეტოში შეეცილება.

ვალტერ მაცარი ასეთმა შეფასებებმა ცოტა შეაშინა, რაზეც მისი კომენტარი მეტყველებს:

"სადაც არ მივედი, ყველგან იმას მეყუბნებიან, რომ მიმდინარე სეზონში სკუდეტო აუცილებლად "ნაპოლიმ" უნდა მოიპოვოს.

ერთი მხრივ, ასეთი მოლოდინი ჩვენ სიძლიერეზე მეტყველებს და ეს სასიამოვნოა, მაგრამ მეორე მხრივ, ამ ყველაფერმა შესაძლოა დათვური სამსახური გაგვიწიოს.

ფეხბურთელებს კარგად უნდა ესმოდეთ, რომ თუნდაც სამეულში მოხვედრა ურთულესი იქნება და თითოეული ქულისთვის ბოლომდე ბრძოლაა საჭირო".

"ნაპოლი" გირან პანდევი-ედინსონ კავანისგან შემდგარი ტანდემით შეუტევს, საჭიროების შემთხვევაში კი საქმეში ლორენცო ინსინიე ჩაერთვება.

რაც შეეხება "პარმას", ემილიურმა გუნდმა გასული სეზონი რიხით დაამთავრა და რობერტო დონადონიმაც ისეთი განცხადებები გააკეთა, იფიქრებდით ევროპული ფებურთის გრანდს უდგას სათავეშიო...

მოკლედ, "პარმეზანელები" ევროსაგზურს უმიზნებენ, მაგრამ ამ შემადგენლობით მიზნის მი8ღწევა ძალიან გაუჭირდებათ.

ნაპოლი-პარმა
სავარაუდო შემადგენლობები
ნაპოლი (3-5-1-1): დე სანკტისი - კამპანიარო, კანავარო, ბრიტოსი - მაჯო, ინლერი, ჯემაილი, ჰამშიკი, ცუნიგა - პანდევი, კავანი.
პარმა (3-5-2): მირანტე - ძაკარდო, პალეტა, ლუკარელი - როსი, გალოპა, ვალდესი, პაროლო, გობი - ბელფოდილი, პაბონი.

4-2-2-2
არანაკლებ საინტერესო ჯახი შედგება ტურინში, სადაც "ტორინო" "ინტერს" უმასპინძლებს.

ფავორიტად მილანური გრანდია შერაცხული, მაგრამ იტალიაში რომ ასე მარტივად არ არის საქმე, ესეც ცხადია. ჯერ ერთი, "ინტერში" ახლა გუნდის შენების პროცესია და მეორე, "ტორინოც" საკმაოდ კარგი გუნდია.

ტურინელებმა სეზონი შესანიშნავად დაიწყეს და თუ ასე გააგრძელეს, გადარჩენისთვის ბრძოლა ნამდვილად არ მოუწევთ. "ტორინო" უცნაური ტაქტიკით, 4-2-2-2-ით ირჯება და საინტერესოა, როგორ გაამართლებს ეს ტაქტიკა ძლიერ მეტოქესთან პაექრობაში.

რაც შეეხება "ინტერს", ანდრეა სტრამაჩონის ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდი დიეგო მილიტო ეყოლება, მის უკან კი ვესლი სნეიდერი და ატონიო კასანო გაირჯებიან. დანარჩენზე ორშაბათის ნომერში ვისაუბროთ...

ტორინო-ინტერი
სავარაუდო შემადგენლობები
ტორინო (4-2-2-2): ჟილე - დარმიანი, გლიკი, ოგბონა, მაზიელო - ბრიგი, გაცი - სტევენოვიჩი, სგრინია - ვივესი, ბიანკი.
ინტერი (4-3-2-1): ჰანდანოვიჩი - ძანეტი, სამუელი, რანოკია, ნაგატომო - გუარინი, გარგანო, კამბიასო - კასანო, სნეიდერი - მილიტო.

იტალია. სერია A. III ტური
15 სექტემბერი
პალერმო-კალიარი 20.00

ტრავმა: ზაჰავი, ბრიენცა - ასტორი.

მილანი-ატალანტა 22.45
დისკვალიფიკაცია: პელუზო (ატალანტა).
ტრავმა: აბატე, რობინიო, პატო, შტრასერი, დიდაკ ვილა, მუნტარი, მონტოლივო - სკელოტო, მარილუნგო, რადოვანოვიჩი, ფერეირა პინტუ, კაპელი.


16 სექტემბერი
კიევო-ლაციო 14.30

ტრავმა: პალოსკი, სკუიცი - ბროკი, რადუ, ლულიჩი.

რომა-ბოლონია 17.00
დისკვალიფიკაცია: ოსვალდო, გუბერტი, აგოსტო - პორტანოვა.
ტრავმა: ლობონტი, დოდო, ბრედლი, პეროტა, დე როსი, ბალცარეტი - აკვაფრესკა.

ფიორენტინა-კატანია 17.00
ტრავმა: დელა როკა, აკვილანი (ფიორენტინა).

ჯენოა-იუვენტუსი 17.00
ტრავმა: ვარგასი - პადოინი, ლუსიო.

ნაპოლი-პარმა 17.00
ტრავმა: ბიაბიანი, ამაური, სანსონე (პარმა).

პესკარა-სამპდორია 17.00
დისკვალიფიკაცია: ტერლიცი - და კოსტა.
ტრავმა: რომანიოლი - ხუან ანტონიო, რომერო.

სიენა-უდინეზე 17.00
დისკვალიფიკაცია: ფელიპე, ლარონდო, ვიტიელო, ტერცი, ბელმონტე - ბრკიჩი.
ტრავმა: მურიელი (უდინეზე).

ტორინო-ინტერი 22.45
ტრავმა: სუჩუ, ბირსა - კივუ, სტანკოვიჩი, ობი, მარიგა, მუდინგაი.

სატურნირო ცხრილი
ა თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 2 2 0 0 6-1 6
2. ნაპოლი 2 2 0 0 5-1 6
3. ლაციო 2 2 0 0 4-0 6
4. სამპდორია 2 2 0 0 3-1 6
5. რომა 2 1 1 0 5-3 4
6. კატანია 2 1 1 0 5-5 4
7. ტორინო 2 1 1 0 3-0 3
8. ჯენოა 2 1 0 1 4-3 3
9. ინტერი 2 1 0 1 4-3 3
10. მილანი 2 1 0 1 3-2 3
11. ფიორენტინა 2 1 0 1 3-3 3
12. კიევო 2 1 0 1 2-2 3
13. პარმა 2 1 0 1 2-2 3
14. კალიარი 2 0 1 1 1-3 1
15. უდინეზე 2 0 0 2 2-6 0
16 ბოლონია 2 0 0 2 1-5 0
17. პალერმო 2 0 0 2 0-6 0
18. პესკარა 2 0 0 2 0-6 0
19. ატალანტა 2 0 1 1 1-2 -1
20. სიენა 2 0 1 1 1-2 -5

შენიშვნა: სიენა -6 ქულა, ატალანტა -2, სამპდორია -1, ტორინო -1.

ბომბარდირები:
3 - პაცინი (მილანი), იოვეტიჩი (ფიორენტინა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული