სერია A: ვნებები სენსაციების ფონზე

AutoSharing Option
სერია A-ს მესამე ტურის მატჩების უმეტესობა დაძაბული, დრამატული და შესაბამისად, ძალიან საინტერესო გამოდგა.

მაგალითად, სიენაში ადგილობრივმა გუნდმა “უდინეზეს” ორბურთიანი უპირატესობა "ამოუქაჩა" და ქულა სასწაულებრივ გადაარჩინა. აგებდა “იუვენტუსი”, ერთი ხანობა მეტოქეს ვერაფერში სჯობდა და თითქოს არც ისე შორს იყო მივიწყებულ მარცხთან, მაგრამ ბოლო ნახევარ საათში ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.

დრამატული სცენარი ჰქონდა პესკარაში გამართულ პაექრობას, სადაც “სამპდორიამ” 3:2 გაიმარჯვა და მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.

“მილანი” კიდევ ერთხელ შერცხვა და ამჯერად “ატალანტასთან” წააგო საკუთარ კედლებში. აი, რომში კი ისეთი ამბები დატრიალდა,
სიტყვებით რომ ძნელი გადმოსაცემია - დანარჩენზე ქვემოთ...

ახალი ზემანი
“რომამ” “ბოლონიას” შეხვედრის სტარტზევე გაუტანა, შემდეგ გაზარდა უპირატესობა და თითქოს გაინაღდა კიდეც გამარჯვება. დიახ, რომაელები მეტოქეს ორი ბურთის სხვაობით ამარცხებდნენ, სრულ უპირატესობას ფლობდნენ. თამაშის დასრულებამდე კი დაახლოებით 20 წუთი იყო დარჩენილი, როდესაც ყველაფერი თავდაყირა დადგა.

სტუმრებმა ერთი წუთის მონაკვეთში მასპინძლებს ორჯერ გაუტანეს, ზედ საფინალო სასტვენის წინ კი მესამედ იხეირეს და შეხვედრის საბოლოო რეზულტატი დააფიქსირეს, 2:3. სამიდან ორი გოლი ალბერტო ჯილარდინოს ანგარიშზეა, რომელიც ნამატჩევს ემოციებს ვერ მალავდა, მაგრამ საინტერესო ბევრი არაფერი უთქვამს. სამაგიეროდ, ზდენეკ ზემანმა სცადა თავის მართლება:

“ფეხბურთში ყველაფერი ხდება და დღევანდელი მატჩი ამის ნათელი დადასტურებაა. კიდევ ერთხელ დავინახეთ, თუ რად შეიძლება დაგიჯდეს თუნდაც ერთწუთიანი მოდუნება. ქებათა ქება მეტოქეს, რომელიც არ გატყდა და ბოლომდე იბრძოლა. შეგირდების მიმართ სასაყვედურო ბევრი მაქვს - 2:0-ზე მოვდუნდით და საქმე მოთავებულად ჩავთვალეთ. შეტევების დროს პრაგმატულობა დავკარგეთ, ზედმეტად ხშირად ვიყენებდით ქუსლით პასებს თუ სხვადასხვაგვარ ფინტს - პუბლიკაზე თამაში კარგია, მაგრამ მაშინ, როცა საქმე მართლა მოთავებული გაქვს”.

საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ზდენეკ ზემანმა პრაგმატულ ფეხბურთზე დაიწყო საუბარი - მან დაგმო პუბლიკაზე უდროოდ თამაში და შედეგის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ეს ახალი ზემანია - როგორც ჩანს, “ბოლონიასთან” მარცხი მისთვის მეტისმეტად მძიმე გამოდგა.

ხელშეუხებელი ალეგრი
“მილანის” კრიზისზე იმდენი დაიწერა, რომ რაიმე ახლის თქმა, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია. გუნდს საკადრო პრობლემები აქვს და შედეგსაც შესაბამისს იმკის. პრესაში აქტიურად იწერება იმის შესახებაც, რომ მასიმილიანო ალეგრის წყალი შეუდგა და შესაძლოა, უახლოეს მომავალში პოსტის დატოვებაც მოუწიოს - ამ თემაზე კომენტარი კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ გააკეთა:

“ალეგრის პოზიციები ისეთივე მყარია, როგორიც სეზონის დაწყებამდე იყო. გუნდში თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობს და ასეთ დროს მწვრთნელისგან მაქსიმალური შედეგის მოთხოვნა რთულია. დარწმუნებული ვარ, ტურიდან ტურამდე ჩვენი თამაში გაუმჯობესდება და ეს შედეგზეც შესაბამისად აისახება. ალეგრიმ მოსალოდნელი პრობლემების შესახებ ჯერ კიდევ ზაფხულში გაგვაფრთხილა და გამომდინარე აქედან, განგაშის ატეხვას არ ვაპირებთ. ალეგრი ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს”.

უკმაყოფილო სნეიდერი
“ინტერმა” ტურინში “ტორინო” დაამარცხა და მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. თუმცა, ქულებზე უფრო მეტად, ეს გამარჯვება ფსიქოლოგიური თვალსაზრისით გახლდათ მნიშვნელოვანი - “რომასთან” საშინაო მარცხის შემდეგ “ინტერი” ბევრმა სკუდეტოს მაძიებელთა სიიდანაც კი ამოიღო და ბუნებრივია, ამან მილანელების უკმაყოფილება გამოიწვია. შესაძლოა, სწორედ ამიტომ იყო, რომ “ინტერი” პირველივე წუთებიდან ეკვეთა მეტოქის კარს და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა.

მოკლედ, “ინტერმა” მოიგო, მაგრამ ერთ ისეთ ინციდენტს ჰქონდა ადგილი, გუნდის გულშემატკივრებს რომ ვერაფრით გაახარებს - მატჩის 66-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ანდრეა სტრამაჩონიმ ვესლი სნეიდერი გაიყვანა თამაშიდან და მის ნაცვლად მოედანზე ანტონიო კასანო შეუშვა. ცვლილებამ გაამართლა, კასანტამ გოლი შეაგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, ჰოლანდიელი შემტევი კი პრესამ ინერტულობისა და უნიათო თამაშისთვის გააკრიტიკა.

მთავარი მაინც ის გახლავთ, რომ შეცვლილმა სნეიდერმა ემოციები ვერ მოთოკა და სტრამაჩონის მიმართ უკმაყოფილება საჯაროდ გამოხატა. ბუნებრივია, პრესაში უმალ აგორდა ხმები იმის შესახებ, რომ მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის შავმა კატამ გაირბინა, რაც შესაძლოა ჰოლანდიელის გუნდიდან წასვლით დასრულდეს. ამ თემაზე კომენტარი თავად სნეიდერმა გააკეთა და როგორც მოსალოდნელი იყო, მწვრთნელთან კონფლიქტი უარყო:

“დასამალი არ არის, რომ შეცვლით უკმაყოფილო ვიყავი და ემოციის მოთოკვაც გამიჭირდა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სტრამაჩონისთან კონფლიქტი მაქვს. პირიქით, ანდრეა შესანიშნავი სპეციალისტია და მასთან მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს. შესაძლოა, უკმაყოფილება ემოციურად გამოვხატო, მაგრამ ვნებები ცხრება და შემდეგ საღ გონებაზე ვაანალიზებთ ყველაფერს. მოკლედ, გავრცელებული ცნობები ჭორია და მეტი არაფერი. რაც შეეხება შეხვედრას, სრულიად დამსახურებულად გავიმარჯვეთ და ჰაერივით საჭირო ქულები ჩავიწერეთ აქტივში. “ინტერი” სკუდეტოსთვის იბრძოლებს, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული”.

ტონი ზღაპარში
35 წლის ლუკა ტონიმ არაბულ “ალ ნასრიში” 7 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა, რის შემდეგაც “ფიორენტინაში” დაბრუნდა და პირველივე პაექრობაში გოლი მიითვალა აქტივში. შეგახსენებთ, რომ ლუკა “ვიოლაში” 2005-2007 წლებშიც ასპარეზობდა, ფლორენციულ გუნდში 67 შეხვედრა ჩაატარა და 47 გოლი გაიტანა... “იებთან” ერთად, ტონი იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა და ეროვნულ ნაკრებში დაიმკვიდრა ადგილი, რასაც მუნდიალზე გამარჯვება მოჰყვა.

მოკლედ, ვეტერან ფორვარდს “ფიორენტინაში” ოქროს ხანა ედგა და ბედნიერია, რომ კვლავ ამ გუნდში ამოჰყო თავი. თუმცა ბედნიერება თქვენ მაშინ უნდა გენახათ, როდესაც ლუკამ “კატანიას" გოლი შეუგდო და “ვიოლას” გამარჯვება გარდაუვალი გახადა - აქვე მისი კომენტარი:

“სიმართლე გითხრათ, აღარ მეგონა, თუ ოდესმე სერია A-ში ვითამაშებდი და როდესაც “ფიორენტინადან” შეთავაზება მივიღე, მყისვე დავთანხმდით. ეს ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო, რისთვისაც კლუბის მესვეურებს უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო. როდესაც ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა, ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა - იმედია, გოლებს კიდევ გავიტან და “ფიორენტინას” მიზნის მიღწევაში დავეხმარები. მიზანი ევროსაგზურის მოპოვებაა და საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ”.

ძამპარინი ჩვეულ სტიქიაში
მაურიციო ძამპარინიმ, ერთი მხრივ, “პალერმოს” აღორძინებით გაითქვა სახელი და მეორე მხრივ, მწვრთნელების ცვლისადმი განსაკუთრებული მიდრეკილებით. დიახ, მის ხელში სიცილიურმა გუნდმა ისე გაიარა გზა სერია C-დან ელიტამდე, რომ ლამის ათეულობით მწვრთნელი გამოიცვალა და ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება.

მიმდინარე სეზონში “პალერმომ” წარუმატებელი სტარტი აიღო და რა გასაკვირია, რომ ძამპარინიმ მყისვე მიიღო გადამჭრელი ზომები - მთავარი მწვრთნელის პოსტი ჯუზეპე სანინიოს დაატოვებინა და მის ადგილზე ჯამპიერო გასპერინი დანიშნა. როდესაც “გაძეტა დელო სპორტის” ჟურნალისტი ძამპარინის შეეხმიანა, “პალერმოს” პრეზიდენტმა მოკლე და ემოციური კომენტარი გააკეთა:

“გაინტერესებთ, რატომ გამოვცვალე მთავარი მწვრთნელი? - ალბათ, ბრმები ხართ. თუ არა, მაშინ ჩახედეთ სატურნირო ცხრილს, სადაც კითხვაზე პასუხია გაცემული”.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული