მაქსი ლოპესი გენუაში ბედნიერია

AutoSharing Option
მაქსი ლოპესს ძალიან უნდოდა “მილანში” დარჩენა, მაგრამ ლომბარდიული გრანდის მესვეურებმა მისი გამოსყიდვა არ ისურვეს და "კატანიაში” დააბრუნეს.

თავის მხრივ, სიცილიურ გუნდში ასპარეზობის სურვილი არგენტინელ ფორვარდს არ ჰქონდა და “კატანიას” მესვეურები იძულებულნი გახდნენ, რომ მაქსი კიდევ ერთხელ გაენათხოვრებინათ. ამჯერად მისი სამსახურით “სამპდორია” დაინტერესდა და შეთანხმებაც შედგა.

სერია ა-ს მიმდინარე გათამაშების დაწყებიდან სამი ტურია გასული, გენუურ გუნდს კი სამი გამარჯვება აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილი უკავია - ისიც იმიტომ, რომ გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებული სკანდალის გამო, “სამპას" ერთი ქულა აქვს დაკლებული. შესანიშნავად
დაიწყო ახალი სეზონი მაქსი ლოპესმა, შედეგიანად ასპარეზობს და თუ ასე გააგრძელა, გენუელთა მთავარ დამრტყმელ ძალად იქცევა. არგენტინელი ფორვარდი “სამპდორიაში” გადაბარგებით ბედნიერია და იმედოვნებს, რომ გენუაში კიდევ დიდხანს დარჩება:

“მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც გვერდში მიდგას და მამხნევებს. გენუაში ძალიან თბილად მიმიღეს როგორც კლუბის მესვეურებმა, ისე მწვრთნელ-ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა. სწორედ ამან მომცა ძალა, რომ სეზონი ასე წარმატებულად დამეწყო და გოლები გამეტანა.

აქ იმდენად კარგად ვგრძნობ თავს, რომ არსად წასვლის სურვილი აღარ მაქვს. იმედია, გენუაში კიდევ დიდხანს დავრჩები და არც იმაზე ვიტყვი უარს, რომ კარიერა სწორედ “სამპდორიაში” დავასრულო. სეზონი ძალიან კარგად დავიწყეთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ტემპი არ დავაგდოთ. ჩვენი მიზანი ევროსაგზურის მოპოვებაა და თუ მთელი სეზონის განმავლობაში ასევე მობილიზებულები ვიქნებით, ყველაფერი კარგად იქნება”.

ჰამშიკი თავის ოცნებაზე
საფეხბურთო ექსპერტთა და უბრალო გულშემატკივართა უმეტესობა თანხმდება, რომ “ნაპოლი” სკუდეტოს მოპოვების ერთ-ერთი უმთავრესი პრეტენდენტია. ნომერ პირველ ფავორიტად მაინც “იუვენტუსს” ასახელებენ. აი, შემდეგ კი, როგორც წესი, “ნაპოლი” მოდის. ამ მოსაზრებას ნეაპოლური გუნდის შემტევი მარეკ ჰამშიკიც ეთანხმება:

“მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში ესეკილ ლავეცი დავკარგეთ, მიზნად მხოლოდ ტროფეების მოპოვება გვაქვს დასახული. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ წელს კიდევ უფრო გვჯერა საკუთარი ძალების, ვიდრე გასულ სეზონში. მართალია, ჩემპიონთა ლიგაზე არ გვიწევს ასპარეზობა, მაგრამ ერთი მხრივ, ამან შეიძლება კარგი სამსახურიც გაგვიწიოს - ჩემი დიდი ხნის ოცნება სკუდეტოს მოპოვებაა და ვინ იცის, იქნებ ეს ოცნება მიმდინარე სეზონში ამიხდეს.

ვფიქრობ, “ნაპოლის” შესწევს იმის ძალა, რომ პირველობისთვის იბრძოლოს და გაიმარჯვოს კიდეც. საოცარი შეგრძნება იყო, როდესაც იტალიის თასი აღვმართეთ და მსურს, კიდევ უფრო ძლიერი განცდა სკუდეტოს მოპოვებით დამეუფლოს”.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული