ტოფიზებმა დი ბენედეტოს შეუტიეს

AutoSharing Option
სერია ა-ს სტარტიდან სამი ტურია გასული, “რომას" ანგარიშზე კი ერთი მოგება, ერთი მარცხი და ერთიც წაგების ტოლფასი ფრეა.

მართალია, ის ერთადერთი გამარჯვება დედაქალაქელებმა მილანში მოიპოვეს “ინტერის” წინააღმდეგ, მაგრამ ეს ლოკალური წარმატება ორმა ჩაგდებულმა შეხვედრამ გადაფარა. სწორედ ამიტომ იყო, რომ კლუბის ოფისთან რამდენიმე ათეული ტიფოზი შეიკრიბა და “რომას” მესვეურთა სატრანსფერო პოლიტიკა გააპროტესტა.

გულშემატკივრებმა პრეზიდენტ ტომას დი ბენედეტოს შეუტიეს, რომელიც სანამ “რომას” დაეპატრონებოდა, ტოფოზებს კლუბში უდიდესი ინვესტიციების ჩადებას ჰპირდებოდა... მოკლედ, “ჯალორისის” ახალი მფლობელი პირველად გახდა კრიტიკის ობიექტი და კლუბის მესვეურებიც უმალ დაფაცურდნენ.
მაგალითად, სპორტულმა დირექტორმა ფრანკო ბალდინიმ საგანგებო განცხადება გააკეთა:

“მიკვირს იმ გულშემატკივრების, რომლებიც პროტესტს გამოთქვამენ, რადგან ჯერ ჩემპიონატი ხეირიანად არც დაწყებულა. სამი ტურით ვერ გამოიტან დასკვნებს და ყველას ვურჩევ, რომ სიმშვიდე შეინარჩუნონ. რაც შეეხება კლუბის სატრანსფერო პოლიტიკას, ყველაფერი გეგმის მიხედვით მოხდა და უკმაყოფილების საბაბი არავის უნდა ჰქონდეს.

მიზნად ბრმად ვარსკვლავების ყიდვა არ დაგვისახავს. ჩვენ გუნდის საფეხბურთო ფილოსოფიიდან გამოვედით. ტომას დი ბენედეტოს მარტო იმისთვის ეკუთვნის მადლობა, რომ ამ ზაფხულს უამრავ მაცდურ შეთავაზებაზე თქვა უარი - დანიელე დე როსის და სხვა წამყვანი ფეხბურთელების სანაცვლოდ, ევროპული გრანდები კოლოსალურ თანხებს იხდიდნენ. როდესაც დავთვალეთ, ჯამში 100 მილიონი ევრო გამოვიდა და აი, ამხელა თანხაზე ჩვენ უარი გვაქვს ნათქვამი. ასე რომ, პროტესტი დღეს აშკარად უადგილოა”.

ლუის ენრიკეს აღსარება
ამასობაში “კორიერე დელო სპორტის” ჟურნალისტი ლუის ენრიკეს შეეხმიანა და რომში გატარებული პერიოდის გახსენება სთხოვა - ესპანელმა სპეციალისტმა საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა: “რომში ენთუზიაზმით აღსავსე ჩავედი, მაგრამ ყველაფერი იმაზე უფრო რთული გამოდგა, ვიდრე წარმომედგინა. ფეხბურთელებთან ურთიერთობა იოლი არაა, მაგრამ ის, რაც “რომაში” დამხვდა, მეტისმეტი იყო. კიდევ კარგი, რომ ჩემთან ერთად ფსიქოლოგი ხავიერ ვალდესი იყო, რომელიც ცალკე მე მამშვიდებდა და ცალკე მოთამაშეებს. სიმართლე გითხრათ, ხშირად გამირბოდა კონტროლის სადავეები ხელიდან და შედეგსაც ამის გამო ვერ მივაღწიეთ. იმედი მაქვს, ზდენეკ ზემანი უკეთ გაერკვევა ვითარებაში და გუნდს წარმატებამდე მიიყვანს”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული