არიგო საკი: აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ტიკი-ტაკას ჰეგემონია დაემხობა

AutoSharing Option
არიგო საკი იტალიური სამწვრთნელო სკოლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელია, რომელმაც თავის დროზე "მილანთან" ერთად უდიდეს წარმატებებს მიაღწია და შემდეგ "სკუადრა აძურას" ჩაუდგა სათავეში.

იტალიის ეროვნული ნაკრები 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გაიყვანა, სადაც თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა ბრაზილიასთან.

თუმცა, შედეგებზე მეტად, ის რევოლუციური ცვლილებებია აღსანიშნავი, რომლებიც სენიორ არიგომ სპორტის უპირველეს სახეობაში შეიტანა და რომლის წყალობითაც მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელთა რიცხვში დაიმკვიდრა ადგილი.

მისი რეფორმების დეტალებზე საუბარი შორს წაგვიყვანს და ჯობია, ეს საქმე სამომავლოდ გადავდოთ. დღეს კი "რაი სპორტისთვის" მიცემულ მის ინტერვიუს გავეცნოთ,
რომელიც, ძირითადად, სამწვრთნელო თემატიკას ეხება...

- როგორ შეაფასებთ ახალი სეზონის სტარტს?
- სიმართლე გითხრათ, საფეხბურთო ბატალიებში ჯერ კიდევ ვერ ჩავერთე სრულფასოვნად და არცთუ ისე დიდ ინფორმაციას ვფლობ. სხვათა შორის, ბევრია ჩემსავით და შესაძლოა, ეს ევროპის ჩემპიონატის ბრალი იყოს.

კონტინენტის პირველობა იმდენად სანახაობრივი და ემოციური გამოვიდა, რომ საკლუბო ბატალიებზე გადმორთვა, თანაც, სასტარტო პერიოდში, ბევრს გაუჭირდა.

დროთა განმავლობაში სეზონი გახურდება და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.

- რადგან ევროპის ჩემპიონატი ასე ძალიან მოგეწონათ, იქნებ გაგვიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილება?
- ძალიან დაძაბული და სანახაობრივი მატჩები ვიხილეთ, რომლებმაც პირადად მე უდიდესი სიამოვნება მომანიჭა. ამასთან, წინა პლანზე იყო წამოწეული მწვრთნელთა ტაქტიკური ჭიდილი, რამაც ჩემპიონატს დამატებითი პეწი შესძინა.

გამახარა ჩვენი ნაკრების წარმატებულმა ასპარეზობამ და ვფიქრობ, რომ "აძურას" სულაც ტროფეის მოგება შეეძლო.

მართალია, ფინალში ოთხბურთიანი უპირატესობით დაგვამარცხეს, მაგრამ ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც ერთ გუნდს ყველაფერი გამოუვიდა, ხოლო მეორეს არაფერი. ყველა სიკეთესთან ერთად, ესპანელებს ფორტუნამაც გაუღიმა.

- როგორ შეაფასებთ ჩეზარე პრანდელის მიერ შესრულებულ სამუშაოს?
- ჩემპიონატის საწყის ორ პაექრობაში პრანდელი 3-5-2 ტაქტიკას იყენებდა, შემდეგ კი 4-4-2-ზე გააკეთა აქცენტი. ვფიქრობ, რომ ჩეზარე ყველა სხვა მწვრთნელზე უკეთ იყო მომზადებული და ეს არაერთ პაექრობაში დადასტურდა.

პრანდელიმ ყველაზე მეტ ფეხბურთელს მისცა თავის გამოჩენის საშუალება და ყველაზე უფრო მეტად იყო ამოუცნობი მეტოქეთათვის. მოკლედ, ჩეზარეს მუშაობას ძალიან მაღალ შეფასებას ვაძლევ.

რაც შეეხება ფინალს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ერთ კონკრეტულ შეხვედრაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ნახევარფინალში რომ პორტუგალიელებს ესპანელებისთვის თერთმეტმეტრიანების სერიაში მოეგოთ, ფინალში სხვა პირინეელებს ვიხილავდით.

- პრანდელი მუშაობას აგრძელებს. როგორ ფიქრობთ, რა შანსები აქვს იტალიას მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე?
- ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ამიტომ პროგნოზების გაკეთება არ მიყვარს. შეიძლება გუნდი ჩემპიონატისთვის იდეალურად მოამზადო, მაგრამ ერთმა ეპიზოდმა ყველაფერი თავდაყირა დააყენოს.

მაგალითად, ბრაზილიის ნაკრები ვერასდროს ხდებოდა ჩემპიონი, როდესაც ფავორიტად ითვლებოდა და ხშირად მაშინ იგებდა ტურნირს, როდესაც ამას არავინ ელოდა.

მოკლედ, ფეხბურთში პროგნოზების კეთება სრული სისულელეა. ისე კი, იტალია მომზადებული შეხვდება ბრაზილიურ მუნდიალს და აუცილებლად თასს დაუმიზნებს.

- საკლუბო თემებზე გადმოვერთოთ. "მილანი" ღრმა კრიზისშია და სავარაუდოდ, მასიმილიანო ალეგრის პოსტის დატოვება მოუწევს...
- "მილანი" მართლაც კრიზისშია და ეს შედეგებიდან ჩანს, მაგრამ ვერ ვხვდები, რატომ აკრიტიკებს ყველა მასიმილიანო ალეგრის.

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში "როსონერი" წამყვანმა ფეხბურთელებმა დატოვეს, მათი ღირსეული შემცვლელები კი არ დაუმატებიათ. ასეთ პირობებში მთავარი მწვრთნელისთვის მოთხოვნების წაყენება და მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება აშკარად არასწორია.

ალეგრი ახალ რეალობაშია. მას ბევრად უფრო სუსტი შემადგენლობა ჰყავს, ვიდრე ჰყავდა და ამ ახალ რეალობასთან შესაგუებლად მეტი დრო სჭირდება.

"მილანის" მესვეურთა მხრიდან მწვრთნელის პასუხისმგებლობის დაყენება დღეს, რბილად რომ ვთქვათ, არაადეკვატურია და პირადად მე, ალეგრის სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ.

- თანამედროვე იტალიელი მწვრთნელებიდან ვინ არის თქვენი ფავორიტი?
- ანტონიო კონტე, რომელმაც ჯერ კიდევ "ბარიში" მუშაობისას მიიქცია ჩემი ყურადღება. არანაკლებ ნაყოფიერი იყო "სიენაში". "იუვენტუსში" კი შესაძლებლობები სრულად წარმოაჩინა.

ის, რომ შესანიშნავი ტაქტიკოსი და სტრატეგია, ძველი ამბავია და ამაზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას... მთავარი ის გახლავთ, რომ გამარჯვებული მენტალიტეტის მქონე ადამიანია და მისი ეს თავდაჯერებულობა ფეხბურთელებზეც შესაბამისად აისახება.

კონტე იტალიური სამწვრთნელო სკოლის მომავალია და იმედი მაქვს, ერთ მშვენიერ დღეს იტალიის ეროვნულ ნაკრებს ჩაუდგება სათავეში.

- ფეხბურთის მოდის კანონმდებლები დღეს ესპანელები არიან, რომლებმაც ცნობილი ტიკი-ტაკას მეშვეობით ყველაფერი მოიგეს. რა უნდა დაუპირისპირონ სხვა საფეხბურთო კულტურებმა ესპანურ მოდელს?
- ეს "ბარსელონას" მოდელია, რომელიც შემდეგ ვისენტე დელ ბოსკემ ესპანეთის ეროვნულ გუნდში გადაიტანა. როდესაც მე მადრიდის "რეალში" ვმუშაობდი, ტიკი-ტაკას შესახებ არავინ არაფერი იცოდა და შესაბამისად, ეს ფილოსოფია ათწლეულების მანძილზე არ ყალიბდებოდა, როგორც ამას ბევრი ამბობს.

დღეს "ბარსელონას" მოდელი მართლაც დომინანტია, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული და აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ტიკი-ტაკას ჰეგემონია დაემხობა.

იყო დრო, როდესაც ჩემი "მილანის" გამჩერებელი არავინ ჩანდა, მაგრამ როგორც ხედავთ, დღეს "მილანის" ღრმა კრიზისზე ვსაუბრობთ.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პეპ გვარდიოლას შექმნილი "ბარსელონა" ჩემში აღფრთოვანებას იწვევს და არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ ტიკი-ტაკას საწინააღმდეგო მაქვს რამე.

- "ბარსელონას" ჰეგემონია ჟოზე მოურინიოს უნდა დაემხო, მაგრამ ჯერჯერობით ამას მთლად ვერ ახერხებს...
- ჟოზე მოურინიოს ასეთი მისია ვინ დააკისრა? ვფიქრობ, ნებისმიერი მწვრთნელი უნდა ფიქრობდეს ახალი საფეხბურთო ფილოსოფიის შექმნაზე, რომელიც კატალონიურ მოდელზე უკეთესი აღმოჩნდება. სწორედ ასეთ ჭიდილში ვითარდებოდა ფეხბურთი ათწლეულების განმავლობაში და ასევე უნდა გაგრძელდეს.

როდესაც ჰოლანდიელებმა ტოტალური ფეხბურთი მოიგონეს, მათი გამჩერებელი არავინ ჩანდა, მაგრამ ძალიან მალე იმავე ტოტალურმა ფეხბურთმა სხვა ქვეყნებში უკეთესი ტრანსფორმაცია განიცადა და სხვა საფეხბურთო კულტურებად მოგვევლინა.

ჩემი "მილანი", რომელსაც დაუმარცხებელი გუნდის სახელი ჰქონდა, სწორედ ტოტალური ფეხბურთიდან აღმოცენდა. ამიტომ საჭიროა ან რაიმე სრულიად ახლის შექმნა, ან არსებულის ფორმირება და გაუმჯობესება. ამ ყველაფერზე ნებისმიერმა ამბიციურმა მწვრთნელმა უნდა იფიქროს და იზრუნოს.

- რას ელით ფეხბურთისგან უახლოეს მომავალში?
- იმედი მაქვს, რომ ფეხბურთში ძირეული ცვლილებები არ მოხდება, რასაც ბევრი ითხოვს. ვგულისხმობ წესებში ცვლილებებს, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას თუ ათას სისულელეს...

თუ ამ ყველაფერს ავცდით, ფეხბურთი კიდევ ძალიან დიდხანს იქნება ასეთი მიმზიდველი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული