სერია A-ს გასულ სეზონში არაერთი მატჩი გადაიდო, რის გამოც სატურნირო ცხრილში ხშირად იყო სრული განუკითხაობა. ეს, ძირითადად, კლიმატური პირობების გამო ხდებოდა.
მიმდინარე სეზონში პირველი თამაში გასულ უქმეებზე გადაიდო, თუმცა არა კლიმატური პირობების, არამედ კლუბისა და ქალაქის მუნიციპალიტეტის შეუთანხმებლობის გამო. ეს ორი სუბიექტი რომ ერთმანეთში ვერ შეთანხმდა, უკვე გაუწყეთ - ახლა კი შევეცდებით ავხსნათ, თუ რაში მდგომარეობს მათი შეუთანხმებლობა...
საქმე იმაშია, რომ უკვე მესამე წელია, "კალიარის" მესვეურები მუდმივ კონფლიქტში არიან ქალაქის პრეფექტურასთან, იგივე მუნიციპალიტეტთან. სადავო კი "სტადიო სანტ ელიას"
სწორედ ამ მიზეზით, გასულ სეზონში სარდინიულმა გუნდმა რამდენიმე საშინაო შეხვედრა ქალაქ ტრიესტში ჩაატარა და როგორც ჩანს, იგივე შეიძლება ამ სეზონშიც განმეორდეს.
კალიარის" მფლობელი მასიმო ჩელინო გაზრდილ გადასახადს აგერ, უკვე მესამე თვეა, არ იხდის და არც "რომასთან" მატჩის წინ მიღებულ გამაფრთხილებელ წერილს უგდო ყური... შედეგად, ქალაქის მმართველებმა პრინციპულობა გამოიჩინეს და "კალიარი"-"რომას" პაექრობა ჩაშალეს.
სადამდე გაგრძელდება ეს კონფლიქტი, უცნობია და არც ისაა ცნობილი, სად ჩაატარებს მომდევნო საშინაო მატჩს სარდინიული გუნდი.
რა ბედი ელის ალეგრის?
"მილანის" საცოდაობით "იუვენტუსის" გულშემატკივრებიც კი შეწუხდნენ... ლომბარდიულ გრანდს ოთხი თამაშიდან სამი მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილის ფსკერზე ყურყუტებს.
მასიმილიანო ალეგრი არ ტყდება და აცხადებს, რომ არათუ პოსტის დატოვებას არ აპირებს, მისი გუნდი სულაც სკუდეტოსთვის უნდა აბრძოლოს...
საინტერესოა, როგორ იბრძოლებს "როსონერი" ჩემპიონობისთვის, როდესაც სეზონის სტარტზე გრაფაში უკვე სამი მარცხი უწერია.
შედარებისთვის შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსმა" გასულ სეზონში სკუდეტო წაუგებლად მოიგო.
გასულ უქმეებამდე აქტიურად საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ თუ "მილანი" უდინეში ვერ მოიგებდა, მასიმილიანო ალეგრის პოსტის დატოვება მოუწევდა. "მილანის" თავკაცი ჯერ თავის ადგილზეა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, არსად წასვლაზე არ ფიქრობს.
აი, რას ამბობს ლომბარდიული კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ადრიანო გალიანი:
"ჩემპიონატში კატასტროფული სტარტი ავიღეთ და ვითარება როგორმე უნდა გამოვასწოროთ. ამის თაობაზე მასიმილიანო ალეგრის უნდა ველაპარაკო, რადგან კრიზისიდან გუნდის გამოყვანა სწორედ მას ევალება.
დიახ, მისი გათავისუფლების საკითხი არ დგას დღის წესრიგში, მაგრამ თუ კრიზისის დაძლევის გეგმა ვერ დავინახეთ, შეიძლება პოზიციის გადახედვა მოგვიწიოს".
მოკლედ, მასიმილიანო ალეგრი ჯერ "მილანის" მთავარი მწვრთნელია, მაგრამ რა იქნება ხვალ, ერთი ღმერთმა უწყის. ისღა დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.
გვიდოლინმა ალეგრის დასცინა?
ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი უდინეში გაიმართა, სადაც "უდინეზემ" "მილანს" უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური სხვაობით დაამარცხა, 2:1.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს იყო "როსონერის" მესამე მარცხი მეოთხე შეხვედრაში, რამაც ლომბარდიული გრანდის მიმართ ბევრი ირონიულადაც კი განაწყო. მაგალითად, მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე "უდინეზეს" მთავარ მწვრთნელს ასეთი კითხვა დაუსვეს: უნდა გაათავისუფლონ თუ არა პოსტიდან მასიმილიანო ალეგრი. ამ კითხვაზე გვიდოლინმა შემდეგნაირად უპასუხა:
"ვერ გეტყვით, რადგან ეს საკითხი ჩემს კომპეტენციაში არ შედის. ისე, პირველი ათი წუთი "მილანმა" შთამბეჭდავად ითამაშა და ნათლად დავინახეთ, რომ ალეგრის გუნდის კრიზისიდან გამოყვანა და აღორძინება შეუძლია".
გვიდოლინს წყნარი და თავმდაბალი კაცის იმიჯი აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში, მის ნათქვამს ათასი კუდი გამოება. როდესაც "მილანის" დარ გუნდზე ამბობ, რომ ათი წუთი შთამბეჭდავად ითამაშა, რაც მწვრთნელის დამსახურებაა, იქ ირონია, ან გნებავთ, ცინიზმი აშკარად იკვეთება.
მოკლედ, ალეგრის კოლეგებმაც შეუტიეს და ვნახოთ, სადამდე გაუძლებს ასეთ წნეხს...
ძანეტი უჩვეულო ამპლუაში
საოცარია, მაგრამ ფაქტია - ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ხავიერ ძანეტი პირველად დარჩა ძირითადი შემადგენლობის მიღმა. ბუნებრივია, აქ არ იგულისხმება ის შეხვედრები, რომლებშიც ვეტერანი არგენტინელი ტრავმის ან დისკვალიფიკაციის გამო განაცხადშიც არ იყო.
დიახ, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ხავიერ ძანეტი პირველად დასვეს სათადარიგო სკამზე და თამაშიც ისე ჩამთავრდა, რომ მოედანზე არ გამოჩენილა.
მატჩის შემდეგ "კორიერე დელო სპორტი" სწორედ ხავიერ ძანეტის გაესაუბრა და მისგან შემდეგი მოისმინა:
"ნიშნავს თუ არა ეს დასასრულის დასაწყისს? - ასეთ პესიმისტურ და სევდიან სიტყვებს ნუ გამოვიყენებთ. ყველაფერს აქვს დასასრული და არც ჩემი კარიერაა განუსაზღვრელი, მაგრამ ბუზისგან სპილოს თუ არ ვაქცევთ, კარგი იქნება.
მწვრთნელმა საჭიროდ ჩათვალა, რომ სათადარიგოთა სკამზე უნდა დავრჩენილიყავი და არანაირი პროტესტის გრძნობა არ გამჩენია.
დარწმუნებული ვარ, ხვალ და ზეგ ისევ ძირითად შემადგენლობაში ვიქნები, რადგან "ინტერში" ერთი წუთითაც არ მიგრძვნია თავი ზედმეტად".
სერია A-ს IV ტურის სიმბოლური ნაკრები
ფრეი (ჯენოა)
სპოლი (კატანია), დანილო (უდინეზე), რონკალია (ფიორენტინა).
რაიმონდი (ატალანტა), ვერგასოლა (სიენა), ლოდი (კატანია), პინცი (უდინეზე), პოგბა (იუვენტუსი)
კვალიარელა (იუვენტუსი), ბორიელო (ჯენოა).
გასულ უქმეებზე ვარსკვლავებმა ბევრი ვერაფრით დაგვამახსოვრეს თავი და ძირითადად ისეთი ფეხბურთელები გამოირჩნენ, მხოლოდ იტალიური ფეხბურთის მოყვარულებისთვის რომ არიან ცნობილნი.
მაგალითად, დაცვაში ყველაზე საიმედო თამაში სპოლიმ, ლოდიმ და რონკალიამ აჩვენეს - პირველი "კატანიას" ღირსებას იცავს, მეორე "უდინეზეში" ასპარეზობს, ხოლო მესამე "ფიორენტინას" შემადგენლობაშია.
ცნობისთვის, რონკალიამ პირველი გოლი გაიტანა სერია A-ში და ნამატჩევს ამაყად განაცხადა, იმედია, ჩემს წინსვლას იტალიის ეროვნული ნაკრების თავკაცი უყურადღებოდ არ დატოვებსო.
ნახევარმცველთა შორის პოლ პოგბა უნდა გამოვარჩიოთ, რომელიც პირველად იყო "იუვენტუსის" ძირითად შემადგენლობაში და თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა.
მატჩის შემდეგ ტურინელთა თავკაცმა სწორედ ახალგაზრდა შუახაზელი გამოარჩია და დასძინა, რომ ის "იუვეს" მომავალია. პოგბას მხარდამხარ ვხედავთ ვერგასოლას, რომელმაც "ინტერს" გაუტანა და "სიენას" სენსაციურ გამარჯვებას დაუდო სათავე... ასევე - რაიმონდის, რომლის გოლმაც "ატალანტას" "პალერმოსთან" მოაგებინა.
რაც შეეხება თავდასხმას, ორი იტალიელი ფორვარდი უნდა გამოვარჩიოთ, რომლებზეც ერთობლივად სამი გოლი მოდის. ერთი მარკო ბორიელო გახლავთ, რომელმაც "ჯენოას" "ლაციოსთან" მოაგებინა, ხოლო მეორე ფაბიო კვალიარელა, რომელზეც ქვემოთ უფრო ვრცლად ვისაუბრებთ...
ტურის გმირი
ტურის გმირი, რა თქმა უნდა, ფაბიო კვალიარელა გახლავთ, ფეხბურთელი, რომელმაც "კიევოს" დუბლი შეუსრულა და "იუვეს" გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. თანაც, გოლებიცაა და გოლებიც - ფაბიომ პირველი შედეგიანი დარტყმა ვარდნაში განახორციელა, მეორეჯერ კი მცველს აუარა გვერდი და რეიდი უზუსტესი დარტყმით დააგვირგვინა.
მოკლედ, კვალიარელამ გაიბრწყინა და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ უნიჭიერესი ფორვარდია.
საგულისხმოა, რომ ზაფხულში ფაბიო "მილანში" გადასვლასთან იყო ახლოს, თუმცა ბოლო მომენტში მოლაპარაკება ჩიხში შევიდა. ტრანსფერი "იუვეს" თავკაცმა, ანტონიო კონტემ ჩაშალა და ფორვარდი თავისთან დაიტოვა.
ფაბიომ უკვე დაამტკიცა, რომ კონტეს გადაწყვეტილება მართებული იყო, თუმცა კიდევ უფრო მეტი ჯერ დასამტკიცებელი აქვს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
იტალია. სერია A. IV ტური: მილანური გრანდები "ზებრებმა" გადაჯეგეს