იტალია. სერია A. V ტურის წინ: "სან პაოლო" და მილანელები

AutoSharing Option
V ტურის ერთ-ერთი მთავარი პაექრობა 25 სექტემბერს შედგა - ტურინის "იუვენტუსი" ფლორენციაში "ფიორენტინას" ესტუმრა და უგოლოდ დაშორდა.

26 სექტემბერსაც ბევრი შეხვედრა იწვევს გულშემატკივართა განსაკუთრებულ ინტერესს. მაგალითად, "ნაპოლი"-"ლაციოს" ჯახი ავიღოთ, რომელიც გასულ სეზონში ძალიან დრამატულად წარიმართა და ნეაპოლელთა ფანტასტიკური გამარჯვებით დასრულდა - 4:3...

თუმცა, იქამდე სხვა გუნდებზე უნდა ვთქვათ, თუნდაც "მილანზე", რომელიც მესამე ცდაზე შეეცდება "სან სიროზე" გამარჯვების მოპოვებას.

ალეგრის გარეშე
აქამდე ჩატარებულ ორ საშინაო შეხვედრაში მასიმილიანო ალეგრის გუნდმა მარცხი იგემა და "კალიარისთან" ნავსის გატეხვას აპირებს. თავის მხრივ, არც სარდინიელები არიან
მთლად კარგ ხასიათზე - გასულ უქმეებზე "რომასთან" თამაშის საშუალება არ მიეცათ და ტექნიკური მარცხი გაუფორმეს, 0:3.

მოკლედ, "მილანიც" და "კალიარიც" ხასიათის გამოკეთებას შეეცდებიან.

უდინეში "მილანმა" 4-3-3 ტაქტიკით ითამაშა და თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, ასე იქნება ამჯერადაც. ფლანგებიდან ურბი ემანუელსონი და სტეფან ელ შაარავი შეუტევენ, ცენტრფორვარდის პოზიციაზე კი ჯამპაოლო პაცინი გაირჯება.

მასიმილიანო ალეგრი, სადაც მიკროფონს ხედავს, ყველგან იმას ამბობს, რომ პოსტის დატოვებას არ აპირებს და "მილანს" აუცილებლად გამოიყვანს კრიზისიდან. ვნახოთ. თავად მწვრთნელი ამ შეხვედრაში დისკვალიფიცირებულია.

სავარაუდო შემადგენლობები
მილანი (4-3-3): აბიატი - დე შილიო, ბონერა, იეპესი, ანტონინი - მონტოლივო, დე იონგი, ნოჩერინო - ემანუელსონი, ელ შაარავი, პაცინი.
კალიარი (4-3-3): აგაცი - პერიკო, როსეტინი, ასტორი, პიზანო - ეკდალი, კონტი, ნაინგოლანი - რიბეირო, პინილია, იბარბო.

დასვენებულები და მოგებულები
"რომას" გასულ უქმეებზე არ უთამაშია და "სამპდორიას" დასვენებული დახვდება. ზდენეკ ზემანი პირობას დებს, რომ მისი გუნდი პირველიდან ბოლო წუთამდე უმაღლესი კონცენტრაციით ითამაშებს...

ჩეხ სპეციალისტს ამ წინადადების თქმა "ბოლონიასთან" განვლილმა პაექრობამ აიძულა, როდესაც მისმა გუნდმა ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა და მწარე მარცხი იწვნია.

"ჯალოროსი" 4-3-3 ტაქტიკით იასპარეზებს, შეტევაში კი ტრადიციულ ტრიოს ვიხილავთ ფრანჩესკო ტოტის, ერიკ ლამელას და მატია დესტროს შემადგენლობით. ზემანმა პრესასთან თამამი განცხადება გააკეთა:

"მესამე ტურში განცდილმა მარცხმა ბევრი რამ გვასწავლა და დღეს გაცილებით გამოცდილები ვართ, ვიდრე თუნდაც სეზონის დაწყებამდე.

ჩვენი საფეხბურთო ფილოსოფია არ იცვლება, პირველივე წუთებიდან შევუტევთ, მაგრამ ამასთან, ვიქნებით მაქსიმალურად მობილიზებულნი უკანა ხაზში. რაც მთავარია, კონცენტრაცია ბოლო წამამდე უნდა შევინარჩუნოთ.

მჯერა, რომ სამ ქულას მოვიპოვებთ - ამაში, პრაქტიკულად, დარწმუნებული ვარ".


სავარაუდო შემადგენლობები
რომა (4-3-3): სტეკელენბურგი - პირიზი, ბურდისო, კასტანი, ბალცარეტი - პიანიჩი, დე როსი, ფლორენცი - ლამელა, დესტრო, ტოტი.
სამპდორია (4-3-3): რომერო - ბერარდი, გასტალდელო, როსინი, კოშტა - მუნარი, მარესკა, ობიანგი - ესტიგარიბია, პოცი, ედერი.

გრანდი? აბა, გრანდი?
"სიენასთან" მარცხის შემდეგ მუდამ ოპტიმისტი მასიმო მორატიც კი უხასიათოდ გახლდათ და პრესასთან ისეთი კომენტარი გააკეთა, ბევრი რომ გააკვირვა...

"ინტერის" პრეზიდენტის თქმით, მილანური გრანდები იმიტომ ვერ იგებენ "სან სიროზე", რომ რეალურად, უკვე აღარ არიან გრანდები.

დიახ, მორატიმ თავისი გუნდიც გააკრიტიკა და არც ისტორიული მოწინააღმდეგე დაინდო. ასეთი მასიმო "ინტერისტებს" დიდი ხანია არ ახსოვთ და ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ "ნერაძურის" ცუდი დროება უდგას.

ამასობაში ანდრეა სტრამაჩონი აგრძელებს ძიებას და ხან ფეხბურთელებს ცვლის, ხანაც ტაქტიკურ მოდელებს. თუ იტალიურ სპორტულ პრესას დავუჯერებთ, "კიევოსთან" პაექრობაში "ინტერი" 3-5-2 სქემით გაირჯება, რაც ნამდვილად ახალი ხილია. "ინტერს" ასეთი ტაქტიკით წლებია არ უთამაშია და ვნახოთ, რა გამოუვა.

დაცვის ცენტრში, ალბათ, ანდრეა რანოკია გაირჯება, მის მხარდამხარ კი ჟულიო იესუსი და კრისტიან კივუ იმოქმედებენ. ყველაზე საინტერესო სწორედ ის გახლავთ, რამდენად კარგად და ორგანიზებულად იმოქმედებს ახლებურად დალაგებული დაცვის ხაზი.

შეტევაში კვლავ ანტონიო კასანოსა და დიეგო მილიტოს ტანდემს ველოდებით. დანარჩენი კი უშუალოდ მოედანზე გამოჩნდება.

სავარაუდო შემადგენლობები
კიევო (4-3-1-2): სორენტინო - სარდო, დაინელი, ცეზარი, იოკიჩი - ვაჩეკი, ლ. რიგონი, ჰეტემაი - თერეუ - დი მიკელე, პელისიერი.
ინტერი (3-5-2): ჰანდანოვიჩი - ჟულიო იესუსი, რანოკია, კივუ - ძანეტი, კამბიასო, პერეირა, გუარინი, სნეიდერი - კასანო, მილიტო.

პრეტენდენტები
ექსპერტთა გარკვეული ნაწილი ირწმუნება, რომ "იუვენტუსს" სასკუდეტო კონკურენციას, უპირველესად, "ლაციო" და "ნაპოლი" გაუწევენ. ორივე გუნდმა სეზონი კარგად დაიწყო და 26 სექტემბერს ერთმანეთში მოუწევთ ურთიერთობის გარკვევა.

მართალია, "ლაციომ" "ჯენოასთან" საშინაო შეხვედრა წააგო, მაგრამ ურიგოდ არ უასპარეზია და ვერ ვიტყვით, რომ სარეაბილიტაციოდ აქვს საქმე.

"ბიანკოჩელესტე" მთელი 90 წუთის განმავლობაში უტევდა გენუურ გუნდს და თვითონ სტუმრებმა აღიარეს, რომ იმ დღეს ფორტუნამ სინდისი დაკარგა.

მოკლედ, "ლაციო" კარგ ფორმაშია და ნეაპოლში ჩადის, სადაც სკუდეტოზე დაგეშილ გუნდთან მოუწევს შერკინება.

ვალტერ მაცარი შეტევის წინა ხაზზე გორან პანდევს და ედინსონ კავანის გაამწესებს, საჭიროების შემთხვევაში კი თამაშში ლორენცო ინსინიე ჩაერთვება. ძირითადში იქნებიან "ფიორენტინადან" გადაბირებული ფეხბურთელები - ნახევარდაცვაში ვალონ ბერამი, დაცვაში კი ალესანდრო გამბერინი.

მთლიანობაში, ნეაპოლელებს ოპტიმალური შემადგენლობა ჰყავთ და ამ მხრივ, საწუწუნო ნამდვილად არაფერი აქვთ.

იგივე შეიძლება ითქვას "ლაციოზე", რომელიც აგერ, უკვე მერამდენე თამაშია, 4-5-1 სქემით ირჯება. მიუხედავად ერთი შეხედვით დაცვითი ტაქტიკისა, რომაელები დროის დიდ ნაწილს შეტევებში ატარებენ და აღნიშნული სქემა ამას სულაც არ უშლის ხელს... თავადაც ხვდებით, რომ იგივე ერნანესი, იგივე სტეფანო მაური და იგივე ანტონიო კანდრევა უფრო შემტევები არიან, ვიდრე დაცვაზე ორიენტირებული შუახაზელები.

მოკლედ, "სტადიო სან პაოლოზე" ერთმანეთს ორი შემტევი გუნდი შეასკდება.

სავარაუდო შემადგენლობები
ნაპოლი (3-4-1-2): დე სანკტისი - გამბერინი, კანავარო, კამპანიარო - მაჯო, ჯემაილი, ბერამი, ცუნიგა - ჰამშიკი - პანდევი, კავანი.
ლაციო (4-5-1): მარკეტი - კავანდა, ბიავა, დიასი, ლულიჩი - კანდრევა, გონსალესი, ლედესმა, ერნანესი, მაური - კლოზე.

სერია A. V ტურის წინ
25 სექტემბერი
ფიორენტინა-იუვენტუსი 0:0

26 სექტემბერი
პესკარა-პალერმო 20:30
დისკვალიფიკაცია: პერინი, ტერლიცი (პესკარა).
ტრავმა: რომანიოლი, საველონი, მოდესტო, კრეშენცი - ჩეტო, სენსევერინო, ზაჰავი, მილანოვიჩი.

მილანი-კალიარი 22.45
დისკვალიფიკაცია: ბოატენგი, ზაპატა (მილანი).
ტრავმა: პატო, შტრასერი, დიდაკ ვილა, მუნტარი, ფლამინი - კოსუ.

რომა-სამპდორია 22.45
დისკვალიფიკაცია: გუბერტი - და კოშტა, მაქსი ლოპესი.
ტრავმა: ლობონტი, ოსვალდო, დოდო, ბრედლი - ხუან ანტონიო, პოლი.

კატანია-ატალანტა 22.45
დისკვალიფიკაცია: ალვარესი (კატანია).
ტრავმა: კეკო, ტერეჩანო - მარილუნგო, რადოვანოვიჩი, პერეირა პინტუ, კაპელი, კარმონა, პელუზო, ბიონდინი, სკელოტო.

კიევო-ინტერი 22.45
ტრავმა: ლუსიანო, პალოსკი, სკუიცი - პალასიო, სტანკოვიჩი, მარიგა, ბიაე.

ჯენოა-პარმა 22.45
დისკვალიფიკაცია: როზი (პარმა).
ტრავმა: როსი, ვარგასი - ბიაბიანი, სანტაკროჩე, პალადინო.

ნაპოლი-ლაციო 22.45
ტრავმა: ბრიტოსი - ბროკი, დიაკიტე, რადუ, კონკო.

ტორინო-უდინეზე 22.45
ტრავმა: სუჩუ, ბირსა - მურიელი, დომიცი, ბასტა.

27 სექტემბერი
სიენა-ბოლონია 22.45
დისკვალიფიკაცია: ლარონდო, ტერცი, ვიტიელო, ბელმონტე - პორტანოვა.
ტრავმა: კამპანიოლო, კონტინი (პალერმო).

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 5 4 1 0 11-2 13
2. ნაპოლი 4 3 1 0 8-2 10
3. ლაციო 4 3 0 1 7-2 9
4. სამპდორია 4 3 1 0 7-4 9
5. ფიორენტინა 5 2 2 1 6-4 8
6. რომა 4 2 1 1 10-6 7
7. ინტერი 4 2 0 2 6-5 6
8. ჯენოა 4 2 0 2 6-6 6
9. კატანია 4 1 2 1 5-7 5
10. ატალანტა 4 2 1 1 3-2 5
11. ტორინო 4 1 2 1 4-3 4
12. პარმა 4 1 1 2 4-6 4
13. უდინეზე 4 1 1 2 6-9 4
14. ბოლონია 4 1 1 2 5-8 4
15. მილანი 4 1 0 3 4-5 3
16. კიევო 4 1 0 3 3-7 3
17. კალიარი 4 0 2 2 2-7 2
18. პალერმო 4 0 1 3 1-8 1
19. პესკარა 4 0 1 3 3-10 1
20. სიენა 4 1 2 1 5-4 -1

შენიშვნა: სიენა - 6 ქულა, ატალანტა - 2, სამპდორია - 1, ტორინო - 1.

ბომბარდირები:
4 - იოვეტიჩი (ფიორენტინა); 3 - პაცინი (მილანი), კლოზე (ლაციო), ერნანესი (ლაციო), მაქსი ლოპესი (სამპდორია), ჯილარდინო (ბოლონია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვინჩენცო მონტელა: ტურინის "იუვენტუსი" უნდა დაგვემარცხებინა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული