მატიას ალმეიდამ იტალიური ფეხბურთი მიწასთან გაასწორა

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ამჟამად კი "რივერ პლეიტის" მთავარმა მწვრთნელმა მატიას ალმეიდამ თავის ავტობიოგრაფიაში იტალიური ფეხბურთი, რომელსაც 8 წელი მიუძღვნა, რომ იტყვიან, მიწასთან გაასწორა.

ამ ხნის მანძილზე ალმეიდამ "ლაციოში", "პარმაში", "ბრეშასა" და "ინტერში" ითამაშა.

"პარმაში თამაშების წინ წვეთოვნებს გვიდგამდნენ. გვეუბნებოდნენ, რომ ეს ვიტამინების ნაკრები იყო, მაგრამ მატჩის წინ ჭერამდე ახტომა შემეძლო.

მოთამაშეები, პრინციპში, ზედმეტ კითხვებს არ სვამენ, მაგრამ მომდევნო წლებში საკმაოდ ბევრი შემთხვევა ვიხილეთ, როდესაც ფეხბურთელები გულის პრობლემებით კვდებოდნენ ან კუნთების პრობლემები ჰქონდათ.

ვფიქრობ, ეს იმის შედეგებია, რასაც მათ კარიერის
ბოლოს აძლევდნენ"
, - წერს ალმეიდა.

გარკვეულ მომენტში არგენტინელსა და "პარმას" მფლობელს შორის შავმა კატამ გაირბინა. ეს სამსახურებრივი უთანხმოება ალმეიდას უსიამოვნებებად გადაექცა.

"სტეფანო ტანცისთან სერიოზული კამათი მქონდა. რამდენიმე დღის შემდეგ კი შევამჩნიე, რომ ჩემი მანქანა გარაჟიდან გაქრა.

კლუბთან კონფლიქტი სავა მილოშევიჩსაც ჰქონდა. მასაც კარგი კონტრაქტი ჰქონდა და მსგავის რამ შეემთხვა.

ერთხელ კი ჩემი ცოლი სახლში შევიდა და რაღაც ხმები გაიგონა. ის გამოიქცა და პოლიციაში დარეკა. სახლში კედელზე მანქანის ზეთით მაფიის გზავნილი დაგვხდა მიწერილი. ნერვიულობისგან ჩემს ცოლს ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ პარმაში აღარც დავბრუნდი"
, - ჰყვება ფეხბურთელი.

არგენტინელმა ჰავბეკმა გვერდი არც აპენინებზე დღემდე აქტუალურ, გარიგებული მატჩების თემას აუარა. მისი თქმით, თავად ასეთ ამბებში არასდროს გახვეულა, აი, თანაგუნდელებზე კი თავს ვერ დადებს.

საილუსტრაციოდ ალმეიდამ "რომასთან" 2001 წელს გამართული შეხვედრა მოიყვანა.

”ზოგიერთი თანაგუნდელი "პარმაში" ამბობდა, რომ "რომასთვის" თამაში უნდა დაგვეთმო. მე უარი ვთქვი და ჩემი თანაგუნდელების უმრავლესობამაც უარით უპასუხა. თუმცა შევამჩნიე, რომ
მოედანზე ზოგიერთი ისე არ ირჯებოდა, როგორც ჩვეულებრივ. ამიტომ შეცვლა მოვითხოვე და გასახდელში შევედი.

ფული აიღეს? არ ვიცი, ისინი ამას ვალს ეძახოდნენ"
, - დაწერა ალმეიდამ.

მომზადებულია The Telegraph-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული