იტალია. სერია A. VI ტურის წინ: ტურინში ნომერ პირველი მტერი ჩადის

AutoSharing Option
ალეგრი: მოგებათა სერიის დროა
"მილანმა" გასულ ტურში "კალიარი" დაამარცხა, მაგრამ ის გამარჯვება ფრაგმენტად დარჩება, თუ ლომბარდიელები წარმატებულ სვლას "პარმასთან" არ გააგრძელებენ.

"ენიო ტარდინიზე" იოლად სამ ქულას ვერავინ დაგეგმავს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მასიმილიანო ალეგრის გუნდი ფავორიტად ითვლება.

"გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, მილანელები 4-3-3 ტაქტიკით გაირჯებიან, შეტევის წინა ხაზზე კი ტრადიციულ ტრიოს ვიხილავთ სტეფან ელ შაარავის, ურბი ემანუელსონის და ჯამპაოლო პაცინის შემადგენლობით.

"როსონერის" მთავარი მწვრთნელი ომახიან კომენტარებს აკეთებს და აცხადებს, რომ მისი გუნდი ემილიაში მოსაგებად ჩადის:

"სეზონი გრძელია და ყალბი იქნება
ჩემი მხრიდან იმის თქმა, რომ ქულების დაკარგვის უფლება აღარ გვაქვს... თუმცა, ისიც ფაქტია, რომ უკვე ისედაც ბევრი დავკარგეთ და დროა, გამარჯვებათა სერია გამოვაცხოთ.

აუცილებლად შევუტევთ და მხოლოდ სამი ქულისთვის ვიბრძოლებთ - ფრე ჩვენთვის მიუღებელი შედეგი იქნება.

"მილანი" სკუდეტოსთვის იბრძვის და მალე ამაში ყველა დარწმუნდება".


სავარაუდო შემადგენლობა
პარმა (3-5-2): მირანტე - ძაკარდო, პალეტა, ლუკარელი - როსი, პაროლო, მუსაჩი, გალოპა, გობა - პაბონი, ამაური.
მილანი (4-3-3): აბიატი - დე შილიო, ბონერა, ზაპატა, ანტონინი - მონტოლივო, ამბროზინი, ნოჩერინო - ემანუელსონი, ელ შაარავი, პაცინი.

ჯოჯოხეთური დახვედრა ზემანს
ტურის ცენტრალური მატჩი ტურინში გაიმართება, სადაც "იუვენტუსი" "რომას" მიიღებს. ამ შეხვედრას დამატებით ინტრიგას ის მატებს, რომ დედაქალაქურ გუნდს ზდენეკ ზემანი უდგას სათავეში.

ჩეხი სპეციალისტი დასაბამიდან ვერ იტანს "იუვენტუსს" და ამის შესახებ სრულიად საფეხბურთო მსოფლიომ იცის. ზემანი ძველ მტერს დაუპირისპირდება და ბუნებრივია, რომ შეგირდებსაც განსაკუთრებულად დაგეშავს.

ამბობენ იმასაც, რომ ზემანს "ვეკია სენიორას" ტიფოზები ჯოჯოხეთურ დახვედრას მოუწყობენ.

"გაძეტას" ვერსიით, რომაელთა შემადგენლობაში ბევრი არაფერი შეიცვლება - შეტევის წინა ხაზზე ერიკ ლამელას, პაბლო ოსვალდოს და ფრანჩესკო ტოტის ვიხილავთ, მათ უკან კი ბრედლი, დე როსი და ფლორენცი გაირჯებიან.

"რომას" საშინაო შეხვედრებში უჭირს, თორემ გასვლაზე "ინტერი" ჰყავს დამარცხებული. ამიტომ, დედაქალაქელები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და შესაბამისი შინაარსის კომენტარებსაც აკეთებენ.

სანამ "იუვენტუსზე" გადავალთ, ტოტის მოვუსმინოთ:

"მეტოქე რომ ძალიან ძლიერი გვყავს, ამის შესახებ ყველამ ყველაფერი კარგად ვიცით. ურთულესი მატჩი იქნება, რომელიც მჯერა, რომ ჩვენი გამარჯვებით დასრულდება. ამის ძალა ნამდვილად შეგვწევს, რის დამტკიცებასაც მთელი ძალებით შევეცდებით.

აქვე, სინანული მინდა გამოვხატო, რომ ტურინში ალესანდრო დელ პიერო არ დამხვდება - მისი სახით, კალჩომ უდიდესი ვარსკვლავი დაკარგა".

აი, ასე გამოეტირა ერთი ჩემპიონი მეორეს და ბარემ, აღვნიშნოთ, რომ ორიოდე დღის წინ, ფრანჩესკო ტოტი 36 წლის გახდა.

რაც შეეხება "იუვენტუსს", გუნდი სრულ საბრძოლო განწყობაზეა, დიდად არც ტრავმებს უჩივის და მით უმეტეს, არც დისკვალიფიკაციებს.

ტურინელები განაგრძობენ როტაციას და ამჯერად, შეტევის წინა ხაზზე მირკო ვუჩინიჩსა და ალესანდრო მატრის ვიხილავთ. ანუ, ფაბიო კვალიარელა და სებასტიან ჯოვინკო თადარიგში დარჩებიან და საჭიროიების შემთხვევაში ჩაერთვებიან თამაშში.

ტურინში დიდი მატჩი შედგება.

სავარაუდო შემადგენლობები
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარცალი, მარონე, კიელინი - კასერესი, ვიდალი, პირლო, მარკიზიო, ასამოა - ვუჩინიჩი, მატრი.
რომა (4-3-3): სტეკელენბურგი - პირიზი, ბურდისო, კასტანი, ბალცარეტი - ბრედლი, დე როსი, ფლორენცი - ლამელა, ოსვალდო, ტოტი.

მოკლე სკამი
ნეაპოლში განადგურებული "ლაციო" რეაბილიტირებას "სიენასთან" შეხვედრაში შეეცდება.

რომაელებს მეტოქედ გრანდი ნამდვილად არ ჰყავთ, მაგრამ ტოსკანელები რომ იოლად არაფერს თმობენ, ესეც ფაქტია. მართალია, "სიენა" სატურნირო ცხრილის ფსკერზეა, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ სეზონი საჯარიმო ქულებით დაიწყო.

მოკლედ, თუ რომაელები მეტოქეს სათანადოდ არ დააფასებენ, დიდია შანსი, დაისაჯნონ და ვლადიმირ პეტკოვიჩი სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას:

"ძირეული ცვლილებები? - ალბათ ხუმრობთ, რადგან შემადგენლიბის ძირეულად შეცვლას გაცილებით დიდი სათადარიგო სკამი სჭირდება.

მთლიანობაში, არ ვარ შეგირდთა ასპარეზობით უკმაყიფილო და მჯერა, რომ სწორედ მათ შეუძლიათ გუნდის სწორ რელსებზე დაბრუნება.

"სიენა" კარგი გუნდია და აუცილებლად უნდა დავაფასოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევ ხელმოცარული დავრჩებით. შეგირდებისგან მაქსიმალურ კონცენტრაციას ვითხოვ და იმედია, დავალებას პირნათლად შეასრულებენ".


სავარაუდო შემადგენლობები
ლაციო (4-5-1): მარკეტი - კონკო, ბიავა, დიასი, კავანდა - კანდრევა, ერნანესი, ლედესმა, მაური, ლულიჩი - კლოზე.
სიენა (3-4-1-2): პეგოლო - ნეტო, პაჩი, ფელიპე - ანჯელო, ვერგასოლა, დაგოსტინო, დელ გროსო - როზინა, ზე ედუარდო - კალაიო.

თუ სკუდეტო გინდა, გასვლაზეც უნდა მოიგო...
"ნაპოლი" საკუთარ მოედანზე შეუჩერებელია, მაგრამ გასვლით პაექრობებში სერიოზულ პრობლემებს აწყდება. თუნდაც "კატანიასთან" შეხვედრა ავიღოთ - სიცილიელები ჯერ კიდევ მეორე წუთზე დარჩნენ რიცხობრივ უმცირესობაში, მაგრამ ნეაპოლელებმა ამით ვერ ისარგებლეს.

"მილიონერების ქალაქში" უკვე აქტიურად საუბრიბენ სკუდეტოზე, მაგრამ თუ გუნდმა გასვლითი შეხვედრების მოგება არ ისწავლა, ასეთი დიდი მიზნის მიღწევა ნამდვილად გაჭირდება.

ამ მხრივ, "სამპდორიასთან" მატჩი უმნიშვნელოვანესი იქნება და ამას ვალტერ მაცარი ყველაზე უკეთ აცნობიერებს:

"გენუაში გამარჯვება ჰაერივით გვჭირდება, რათა საკუთარი ძალების კიდევ უფრო ვურწმუნოთ. "სამოდორიამ" სეზონი კარგად დაიწყო, შეეცდება ქულები ჩვენთანაც აიღოს და ამიტომ, დაცვაში მაქსიმალური მობილიზება გვმართებს.

თუ უკანა ხაზში ყურადღებით ვითამაშებთ და კარს მშრალად შევინახავთ, გამარჯვება აუცილებლად ჩვენ დაგვრჩება".

"სამპდორიამ" სეზონი მართლაც კარგად დაიწყო, ამ გუნდს თავისი მიზნები აქვს და სულ არ აინტერესებს ნეაპოლელთა სასკუდეტო ამბიციები.

სავარაუდო შემადგენლობები
სამპდორია (4-3-3): რომერო - ბერარდი, გასტალდელო, როსინი, კოშტა - მუნარი, კრსტიჩიჩი, ობიანგი - ესტიგარიბია, იკარდი, ედერი.
ნაპოლი (3-4-1-2): დე სანკტისი - კამპანიარო, კანავარო, არონიკა - მაჯო, ჯემაილი, ბერამი, ცუნიგა, ჰამშიკი - პანდევი, კავანი.

კასანო-მილიტო VS ლიაიჩი-იოვეტიჩი
"ინტერი" ისევ 3-5-2 ტაქტიკით ითამაშებს, შეტევის წინა ხაზზე კი ანტონიო კასანო და დიეგო მილიტო გაირჯებიან. მილანური გრანდის მეტოქე "ფიორენტინაა", გუნდი, რომელმაც სეზონი საკმაოდ ნორმალურად დაიწყო და ევროსაგზურს უმიზნებს.

ტოსკანელები არ მალავენ, რომ მილანში სამი ქულის მოსაპოვებლად ჩადიან. თუმცა, არც ისაა დასამალი, რომ მათთვის საყაიმო შედეგი სრულიად მისაღები იქნება. ლიაიჩი-იოვეტიჩისგან შემდგარი ბალკანური ტანდემი სრულ მზადყოფნაშია.

სავარაუდო შემადგენლობები
ინტერი (3-5-2): ჰანდანოვიჩი - რანოკია, ჟუან იესუსი, კივუ - ნაგატომო, ძანეტი, კამბიასო, გუარინი, პერეირა - კასანო, მილიტო.
ფიორენტინა (3-5-2): ვივიანო - რონკალია, როდრიგესი, ტომოვიჩი - კუადრადო, მილიაჩო, პისარო, ბორხა ვალერო, პასკუალი - ლიაიჩი, იოვეტიჩი.

იტალია. სერია A. VI ტური
29 სექტემბერი
პარმა-მილანი 20.00
დისკვალიფიკაცია: ვალდესი (პარ)
ტრავმა: სანტაკროჩე, პალადინო, ბელფოდილი - პატო, შტრასერი, დიდაკ ვილა, მუნტარი, ფლამინი

იუვენტუსი-რომა 22.45
დისკვალიფიკაცია: გუბერტი (რომა)
ტრავმა: პეპე, პადოინი - ლობონტი, პიანიჩი, დოდო

30 სექტემბერი
უდინეზე-ჯენოა 14.30
ტრავმა: მურიელი, დომიცი - როსი, ვარგასი

ატალანტა-ტორინო 17.00
ტრავმა: სტენდარდო, მარილუნგო, რადოვანოვიჩი, პერეირა პინტუ, კაპელი, კარმონა, ბიონდინი, ბელინი - მაზიელო, სუჩი, ბირსა

ბოლონია-კატანია 17.00
დისკვალიფიკაცია: პორტანოვა (ბოლ)
ტრავმა: კოკო, ტერაჩანო (კატ)

კალიარი-პესკარა 17.00
დისკვალიფიკაცია: კონტი (კალ)
ტრავმა: კოსუ - საველონი, მოდესტო, კრეშენცი

ლაციო-სიენა 17.00
დისკვალიფიკაცია: ლარონდო, ვიტიელო, ტერცი, ბელმონტე (სიე)
ტრავმა: გონსალესი, ბროკი, დიაკიტე, რადუ - კამპანიოლო, კონტინი.

პალერმო-კიევო 17.00
დისკვალიფიკაცია: ფონ ბერგენი (პალ)
ტრავმა: ჩეტო, სანსევერინო, ზაჰავი, მილანოვიჩი - ლუსიანო, პალოსკი, სკუიცი

სამპდორია-ნაპოლი 17.00
დისკვალიფიკაცია: მაქსი ლოპესი, მარესკამ და კოშტა (სამ)
ტრავმა: პოცი, ხუან ანტონიო, ტისონე, პოლი - ბრიტოსი

ინტერი-ფიორენტინა 22.45
ტრავმა: პალასიო, სტანკოვიჩი, მარიგა, მბიაე, სნეიდერი - ელ ჰამდაუი, აკვილანი, დელა როკა

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 5 4 1 0 11-2 13
2. ნაპოლი 5 4 1 0 11-2 13
3. სამპდორია 5 3 2 0 8-5 10
4. ინტერი 5 3 0 2 8-5 9
5. ლაციო 5 3 0 2 7-5 9
6. რომა 5 2 2 1 11-7 8
7. ფიორენტინა 5 2 2 1 6-4 8
8. კატანია 5 2 2 1 7-8 8
9. ჯენოა 5 2 1 2 7-7 7
10. მილანი 5 2 0 3 6-5 6
11. ტორინო 5 1 3 1 4-3 5
12. პარმა 5 1 2 2 5-7 5
13. უდინეზე 5 1 2 2 6-9 5
14. ატალანტა 5 2 1 2 4-4 5
15. ბოლონია 5 1 1 3 5-9 4
16. პესკარა 5 1 1 3 4-10 4
17. კიევო 5 1 0 4 3-9 3
18. სიენა 5 2 2 1 6-4 2
19. კალიარი 5 0 2 3 2-9 2
20. პალერმო 5 0 1 4 1-9 1

შენიშვნა: სიენა -6 ქულა, ატალანტა -2, სამპდორია -1, ტორინო -1.

ბომბარდირები:
5 - კავანი (ნაპოლი); 4 - იოვეტიჩი (ფიორენტინა); 3 - პაცინი (მილანი), კლოზე (ლაციო), ერნანესი (ლაციო), მაქსი ლოპესი (სამპდორია), ჯილარდინო (ბოლონია), ელ შაარავი (მილანი), კასანო (ინტერი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული