"ნაპოლის" ოფისში სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები შევიდნენ

AutoSharing Option
იტალიურ სპორტულ და არა მარტო სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საფეხბურთო კლუბ "ნაპოლის" ოფისში სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები შევიდნენ, რომლებმაც ჩხრეკის ოპერაცია დაიწყეს.

მოწმდება ყველა საბუთი, რომელიც ფეხბურთელთა ტრანსფერებთან არის დაკავშირებული - ასევე, სახელფასო ჩანაწერები და მთლიანად, ფინანსური ანგარიშები.

როგორც აპენინურ პრესაში იწერება, არის ეჭვები, რომ ნეაპოლური კლუბის მესვეურები ფინანსურ მაქინაციებში მონაწილეობდნენ და ამ ოპერაციის ჩატარებაც ამად გადაწყდა. ამ თემაზე კომენტარი "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გააკეთა:

"კლუბში სამუშაო პროცესი შეჩერებულია, რადგან ოფისში სამართალდამცავები შეიჭრნენ. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რას ნახულობენ,
მაგრამ ერთი დანამდვილებით ვიცი - მათთვის საინტერესოს ვერაფერს ნახავენ.

ჩვენ სუფთად ვმუშაობთ და ამაში მალევე დარწმუნდებიან. ვფიქრობ, რომ ვიღაცას ძალიან არ მოსწონს ჩვენი წარმატებები - ჩემპიონატში "იუვენტუსთან" ერთად ვლიდერობთ და ამას ვერ ეგუებიან. ვნახოთ, რა მოხდება, არ მინდა ცუდზე ვიფიქრო".


ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და განაცხადა, რომ სამართალდამცავი ორგანოები ამოწმებენ ფინანსურ დოკუმენტებს, რაც არანაირ კავშირში არაა "ნაპოლის" სპორტულ შედეგებთან. გამომდინარე აქედან, ფედერკალჩო ამ საქმეში არ ერევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული