"სკუადრა აძურა" ჯერ ერევანს ესტუმრება, სადაც სომხეთის ნაკრებს შეერკინება, შემდეგ კი საკუთარ კედლებში დანიას უმასპინძლებს. ჩეზარე პრანდელიმ იმ 27 ფეხბურთელის გვარი დაასახელა, რომლებსაც ამ ორ პაექრობაში დაეყრდნობა.
მეკარეები: ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი), მორგან დე სანკტისი (ნაპოლი), სალვატორე სირიგუ (პსჟ, საფრანგეთი), ემილიანო ვივიანო (ფიორენტინა).
მცველები: ინაციო აბატე (მილანი), ფედერიკო ბალცარეტი (რომა), ანდრეა ბარცალი (იუვენტუსი), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი), დომენიკო კრიშიტო (ზენიტი, რუსეთი), კრისტიან მაჯო
ნახევარმცველები: ანტონიო კანდრევა (ლაციო), დანიელე დე როსი (რომა), ალესაბდრო დიამანტი (ბოლონია), ემანუელე ჯაკერინი (იუვენტუსი), კლაუდიო მარკიზიო (იუვენტუსი), რიკარდო მონტოლივო (მილანი), ანდრეა პირლო (იუვენტუსი), მარკო ვერატი (პსჟ, საფრანგეთი).
თავდამსხმელები: მარიო ბალოტელი (მან. სიტი, ინგლისი), მატია დესტრო (რომა), სტეფან ელ შაარავი (მილანი), ალბერტო ჯილარდინო (ბოლონია), სებასტიან ჯოვინკო (იუვენტუსი), პაბლო ოსვალდო (რომა).
როგორც ხედავთ, იტალიის ეროვნულ გუნდში ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელი დაბრუნდა... მაგალითად - ალბერტო ჯილარდინო, რომელსაც ჩეზარე პრანდელი ნაკრებში მუშაობის მხოლოდ საწყის პაექრობებში ენდობოდა.
სენიორ ჩეზარემ დომენიკო კრიშიტოც გამოიძახა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებულ სკანდალში გაეხვა და ევროფორუმზეც ამად ვერ გაემგზავრა.
სიაშია ანდრეა რანოკია, რომელიც ასევე კონტინენტის პირველობის მიღმა დარჩა, ოღონდ პრანდელის სპორტული მოტივებით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. ანტონიო კანდრევა "აძურას" სტაჟიანი წევრი არასდროს ყოფილა, მაგრამ აქა-იქ იძახებდნენ და მისი გამოჩენაც დაბრუნებად შეგვიძლია შევრაცხოთ.
ყველაზე მეტად კი მაინც მარიო ბალოტელიზე საუბრობენ, ფორვარდზე, რომელიც ევროპის ჩემპიონატის შემდეგ პირველად მოხვდა სანაკრებო განაცხადში. მარიო "აძურას" ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავია და შესაბამისად, მის მიმართ ინტერესი ყოველთვის მაღალია.
ასევე, აქტიური განხილვის საგანია ანტონიო კასანოს კიდევ ერთხელ იგნორირება. კასანტა კარგ ფორმაშია, "ინტერის" ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობს, მაგრამ რატომღაც პრანდელი მას აღარ სწყალობს. თავად კი აცხადებს, როტაციას მივმართავ და ანტონიო კიდევ ბევრჯერ გამომადგებაო, მაგრამ აპენინელ ჟურნალისტთა ვარაუდით, ასე მარტივად არ უნდა იყოს საქმე.
არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ კასანო პრანდელის მონახაზში აღარ ჯდება და თანაც, მას გამოუჩნდნენ შემცვლელები... შემცვლელებში ყველაზე ხშირად სებასტიან ჯოვინკოს და სტეფან ელ შაარავის ასახელებენ, რომლებიც ასევე ძალიან ტექნიკურები არიან და სიღრმიდან უყვართ თამაში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"