ანდრეა სტრამაჩონი: "ინტერის" წარმატებებით ვერასდროს გავძღები

AutoSharing Option
მილანური დერბი აპენინურ სპორტულ პრესაში ყველაზე აქტუალური საკითხია. ყურადღების ცენტრში რჩება ანდრეა სტრამაჩონი, რომელიც იმდენად ემოციურად უძღვებოდა თავისი გუნდის თამაშს, რომ მასზე მთელი იტალია ალაპარაკდა.

ბუნებრივია, ანდრეაზე ჟურნალისტებმა ნადირობა გამოაცხადეს და მისი კომენტარებიც უხვად გამოქვეყნდა.

რადიო Anch' io Lo Sport-მა "ნერაძურის" 36 წლის მესაჭესთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, რომლის ბეჭდურ ვერსიასაც ქვემოთ გთავაზობთ...

- ახლო წარსულში არავინ გიცნობდათ, დღეს კი თქვენზე მთელი იტალია ლაპარაკობს. როგორი განცდაა?
- მახსოვს, როდესაც "ინტერის" მთავარ მწვრთნელად დამნიშნეს, ჩემს გვარს
ყველა დამახინჯებით ამბობდა.

დღეს განსხვავებული ვითარებაა, ყველა მიცნობს, რაც, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა. თუმცა ამაზე ნაკლებად ვფიქრობ და საქმეზე ვარ კონცენტრირებული. "ინტერის" მესვეურებმა უდიდესი ნდობა გამომიცხადეს და ყველაფერს ვაკეთებ, რომ ეს ნდობა გავამართლო.

- მილანურ დერბიში, ალბათ, კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეთ...
- ხშირად მომისმენია მწვრთნელების კომენტარები იმის შესახებ, რომ ნებისმიერ შეხვედრას ჩვეულებრივად ეკიდებიან და იმ სამი ქულისთვის იბრძვიან, რომელიც სასწორზე დევს.

ჩემი აზრით, არის გამორჩეული შეხვედრები, რომელთა მოგება ამ სამ ქულაზე ბევრად მეტია და დერბი სწორედ ასეთ მატჩთა კატეგორიას მიეკუთვნება. ვფიქრობ, რომ "მილანთან" გამარჯვება სამ შეხვედრაში მოგებას უდრიდა, რადგან უშუალო კონკურენტის ძლევასთან ერთად, უდიდესი ფსიქოლოგიური უპირატესობა მოვიპოვეთ.

- მაინც რით აჯობეთ თანაქალაქელს?
- მხოლოდ მონდომებითა და თავდადებით რომ ასეთ თამაშებს ვერ მოიგებ, ცხადია. მთელი შეხვედრა აბსოლუტურად სწორად წარვმართეთ და დამსახურებულ გამარჯვებას მივაღწიეთ.

მეორე ტაიმი კაცნაკლული ვიყავით, მაგრამ დროულად გადავაწყვეთ უკანა ხაზი და არსებული ხარვეზები აღმოვფხვერით.

თითოეულმა ფეხბურთელმა კარგად იცოდა, რა უნდა ეკეთებინა მოედანზე, რასაც ზემოთაღნიშნული მონდომება და თავდადება დაემატა.

- ამბობენ, რომ "მილანია" სუსტი და ამან ამოცანა გაგიადვილათ...
- "მილანი" ნამდვილად არაა სუსტი გუნდი და ამაში მალე დარწმუნდებით. მათ ეს დერბის დროსაც დაამტკიცეს, როდესაც დროის უმეტესი ნაწილი შეტევაში გაატარეს და საკმაოდ კარგადაც ირჯებოდნენ.

შეუძლებელია "მილანი" სუსტი იყოს, რადგან ამ გუნდს გამარჯვება სისხლში აქვს. თუმცა, უკეთესზე უკეთესი არ დაილევა და "როსონერი" რომ კიდევ უფრო ძლიერი ყოფილიყო, შეიძლება ვერც მოგვეგო. ეს მხოლოდ ვარაუდები და მკითხაობაა, რაც დღეს არაფერში არ გვჭირდება. არსებული რეალობა ისეთია, როგორიც არის.

- რა პოტენციალი აქვს "ინტერს", რის მიღწევას აპირებთ მიმდინარე სეზონში?
- ჩვენი მიზანია, რომ "ინტერი" იმ სიმაღლეზე დაბრუნდეს, რომელიც ჟოზე მოურინიოს დროს ეკავა. ამ გუნდს შესწევს მწვერვალების დაპყრობის უნარი და იმედია, ამის მომსწრენი ყველა ერთად გავხდებით.

შემდეგი მიზანი უკვე მწვერვალზე შენარჩუნება იქნება; რადგან მე სულით ხორცამდე "ინტერისტა" ვარ, ამ გუნდის წარმატებებით ვერასდროს გავძღები.

ამით იმის თქმა მინდა, რომ ჟოზეს მსგავსად, ახალი გამოწვევებისთვის არსად წასვლას არ ვაპირებ. თუმცა, ისიც კარგად მესმის, რომ ჯერ ამაზე ფიქრიც კი ადრეა და ჯობია, უფრო ახლო მიზნებზე ვიზრუნოთ.

- სწორედ ახლო მიზნებზე გვსურს თქვენი პოზიციის მოსმენა...
- რომ გითხრათ, "ინტერის" სანუკვარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებააო, ნამდვილად არ ვიქნები მართალი.

ჩვენ სკუდეტო გვსურს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩემპიონობისთვის ვიბრძოლოთ. კონკურენტები ძალიან ძლიერი გვყავს, მაგრამ არც ჩვენ ვართ ჯაბანნი. ვფიქრობ, სეზონის მეორე ნახევარში კიდევ უკეთესად ავთამაშდებით, რადგან დღეს, შეთამაშების მხრივ, გარკვეული პრობლემები გვაქვს.

- ახალწვეულებიდან ვინ გაამართლა ყველაზე მეტად?
- არ შემიძლია, რომ ანტონიო კასანო არ გამოვყო, რომელიც თავის საქმეს შესანიშნავად აკეთებს. მასთან ერთად წყვილში დიეგო მილიტოც უფრო ნაყოფიერია და მთლიანობაში, თავდამსხმელთა ბრწყინვალე ტანდემი მივიღეთ.

ამასთან, კასანო ყველაზე უფრო მონდომებულია ვარჯიშებზე და ყველასთვის სამაგალითოდ იქცევა. ვერაფრით ვხვდები, რატომ ამბობენ მასზე, რომ ჭირვეულია და პრობლემებს ქმნის. "ინტერში" მსგავსი არაფერი ხდება.

- ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხართ. არ გიჭირთ ამდენ ვარსკვლავთან საერთო ენის გამონახვა და მათი ერთი ინტერესის ქვეშ გაერთიანება?
- გარკვეული პრობლემები ნამდვილად არის, მაგრამ ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. საბედნიეროდ, "ინტერში" ისეთი ფეხბურთელები თამაშობენ, რომლებიც პასუხისმგებლობით ეკიდებიან თავიანთ საქმეს და გუნდურ ინტერესებს.

როგორ შეიძლება ხავიერ ძანეტისთან მოუგვარებელი პრობლემა შეგექმნას?! პირადად ჩემთვის ეს წარმოუდგენელია. ასე რომ, ყველაფერი კონტროლზეა და ამ მხრივ, ნამდვილად ვუმკლავდები საქმეს.

- რა შეიძლება ჩაითვალოს თქვენს მთავარ მიღწევად "ინტერის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე და რას პირდებით გულშემატკივრებს?
- თაობათა ცვლის პროცესი სწორედ მე დავიწყე და ყველანაირად ვცდილობ, რომ ეს შედეგებზე არ აისახოს.

თავად განსაჯეთ, რამდენიმე შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში ერთბაშად ხუთი თინეიჯერი გვყავდა.

ეს იმას ნიშნავს, რომ "ინტერს" დიდი მომავალი აქვს და ამ ახალ "ინტერს" სწორედ მიმდინარე სეზონში ეყრება საფუძველი.

მიუხედავად გარდამავალი პერიოდისა, ჩვენი მიზნები ისევ უმაღლესია და ვპირდები ყველას, რომ თითოეულ შეხვედრაში მოედანზე მხოლოდ სამი ქულისთვის გავალთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული