ძაული რამდენიმე საინტერესო ნაშრომის ავტორია, მათ შორის წიგნის, რომელსაც "თანამედროვე საფეხბურთო ტაქტიკები" ეწოდება.
ძაული საფეხბურთო ექსპერტია, რომელიც ტაქტიკისა და სტრატეგიის საკითხებში იდეალურადაა განსწავლული.
ცნობილი ექსპერტი ჟურნალისტადაც მუშაობს და პერიოდულად საინტერესო ინტერვიუებს აკეთებს. ბოლოს მარჩელო ლიპის ესაუბრა და მასთან სწორედ ტაქტიკურ სქემებსა თუ სტრატეგიულ მონახაზებზე ისაუბრა...
- მოდი, 4-3-3 ტაქტიკაზე ვისაუბროთ, რადგან ეს სქემა დღეს ყველაზე აქტუალურია...
- ვისაუბროთ, თუმცა თავშივე
თითოეულმა ფეხბურთელმა კარგად უნდა იცოდეს თავისი ფუნქცია და პრიორიტეტს ანიჭებდეს გუნდურ ინტერესებს.
ამასთან, გვერდში ედგეს თანაგუნდელს და ყოველთვის მზად იყოს მისი შეცდომის გამოსასწორებლად. თუ ეს ყველაფერი დალაგებულია, შემდეგ ნებისმიერმა ტაქტიკამ შეიძლება მოიტანოს შედეგი, მათ შორის 4-3-3-მა, რომელსაც სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ხშირად ვიყენებდი.
- პირველ რიგში, რას ითხოვთ და ელით თქვენი გუნდისგან შეტევით ფაზაში?
- ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ტიპის ფეხბურთელები გყავს გუნდში. ზინედინ ზიდანს და ალესანდრო დელ პიეროს მკაცრ მარწუხებში ვერ მოაქცევ და ვერ ეტყვი, რომ მათი ქმედებები წინასწარ დაგეგმილი იყოს.
საერთოდ, ყველაფერში ბალანსის მოძებნაა საჭირო და ასეა ფეხბურთშიც. მწვრთნელმა უნდა შეძლოს, რომ შემტევს თავისუფლება მისცეს, თუმცა, ამავდროულად, მის ტაქტიკურ მონახაზში მოაქციოს, რათა მოედანზე ქაოსი არ შეიქმნას.
არიან მოთამაშეები, რომლებიც ამას იდეალურად ახერხებენ, ფეხბურთელთა გარკვეულ ნაწილს კი ვერანაირ ჩარჩოში ვერ მოაქცევ. ასეთი იყო რობერტო ბაჯო, მოედანზე საოცრებების კეთება შეეძლო, მაგრამ მწვრთნელისგან სრულ თავისუფლებას ითხოვდა.
ისე, თუ შეტევაზე გსურს თამაში, 4-3-3 მართლაც ყველაზე ეფექტური ტაქტიკაა. პირადად მე, ამ სქემის სამ ვარიანტს ვიყენებდი: 1. ერთი ცენტრფორვარდი და ორი გარემარბი; 2. ორი ფორვარდი და ერთი ოდნავ უკან დახეული შემტევი, თუმცა არა კლასიკური გამთამაშებელი; 3. სამი კლასიკური თავდამსხმელი. მესამე ვარიანტი უფრო მაშინაა საჭირო, როდესაც მარცხდები და ვა-ბანკზე მიდიხარ. დანარჩენ ორს კი მწვრთნელები ძალიან აქტიურად იყენებენ.
მაგალითად, როდესაც "იუვენტუსის" მთავარ მწვრთნელად დავინიშნე, ჩემს განკარგულებაში ჯანლუკა ვიალი, ფაბრიციო რავანელი და ალესანდრო დელ პიერო იყვნენ. ალე მაშინ პატარა იყო და აქცენტი ვიალი-რავანელიზე კეთდებოდა.
მათი თამაშის მანერიდან გამომდინარე, ნახევარმცველების მთავარი მოვალეობა ბურთის საჯარიმოში ჩაწოდება გახლდათ.
როდესაც გუნდში სწრაფი ფორვარდები: ბოქსიჩი, პადოვანო და ინძაგი მოვიდნენ, აქცენტი ბურთის კონტროლზე და სწრაფ იერიშებზე გადავიტანეთ.
სქემა არ შემიცვლია, მაგრამ ტაქტიკა მთლიანად გარდაისახა. ასე რომ, ხშირად ტაქტიკა იგივეა, მაგრამ გუნდის თამაში ძირფესვიანად იცვლება.
- დაცვით ფაზაზე რას გვეტყვით?
- ჩემი მთავარი პრინციპი გახლდათ ის, რომ დაცვაში მინიმუმ სამი ფეხბურთელი უნდა ყოფილიყო. ყველაზე მეტად სწორედ მაშინ ვბრაზდებოდი, როდესაც დაცვაში გუნდი ორი ფეხბურთელით რჩებოდა, რადგან ასეთ დროს კონტრშეტევათა დიდი ნაწილი შეიძლება გოლით დასრულდეს.
როდესაც ფორვარდები მცველებზე თანაბარი რაოდენობით მოდიან, უპირატესობა სწორედ შემტევებს აქვთ და ასეთი რეალობის წინაშე არ უნდა დადგე.
ასე რომ, თუ ფლანგის მცველები ერთად ჩაერთვნენ იერიშში, მაშინ საყრდენმა ნახევარმცველმა უნდა დაიწიოს უკან და ცენტრალური მცველის პოზიცია დაიკავოს.
ამას ყველაზე კარგად დიდიე დეშამი აკეთებდა ჩემი ფორმაციის "იუვენტუსში"... არ მახსოვს, ოდესმე ეს ნიუანსი გამოპარვოდა და საჭირო დროს უკან არ დაეხია.
- რა მოთხოვნები გაქვთ ცენტრალურ მცველებთან?
- პირველ რიგში, უნდა იყვნენ სწრაფები და კარგად უნდა თამაშობდნენ თავით.
- თუ მცველებს მაღალი სისწრაფე არ აქვთ?
- ჩემს გუნდებში არასდროს უთამაშიათ ნელ მცველებს და საერთოდ, ფეხბურთელებს. სპორტის უპირველეს სახეობაში წარმატებას მიაღწევ მაშინ, თუ თამაშის მსვლელობისას მოედნის სხვადასხვა მონაკვეთზე რიცხობრივი უპირატესობის შექმნას ახერხებ.
სწორედ ამ ხელოვნურად შექმნილი უპირატესობების ხარჯზე იქმნება სახიფათო მომენტები და გადის გოლები.
შემტევებზე არანაკლებ სისწრაფე მცველებს სჭირდებათ, რომლებმაც რეაქტიულ ფორვარდებს უნდა სდიონ, დაფარონ მათი დარტყმები და ელვისებური სისწრაფით შექმნან ხელოვნური თამაშგარე მდგომარეობა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.
მითხარით, როგორ შეიძლება მაღალი სისწრაფეების გარეშე ამ ყველაფრის კეთება?
- რა შეგიძლიათ თქვათ პრესინგზე?
- ძირითადად, 4-3-3 ტაქტიკაზე გვაქვს საუბარი და უნდა აღვნიშნო, რომ სწორედ ამ სქემით გამოდის ყველაზე უკეთ პრესინგი.
როდესაც სამი შემტევი მყავდა, ჩვენი ყველა იერიშის შემდეგ ფორვარდებს მცირე პრესინგს ვთხოვდი, რომ ამ დროის განმავლობაში, უკანახაზელებს თავიანთი პოზიცია დაეკავათ. ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო ნიუანსი უკანა ხაზს უდიდეს დახმარებას უწევდა.
ხშირად სწორედ ასეთი ნიუანსების გამო ვირჩევდი 4-3-3-ს და როგორც წესი, ამართლებდა კიდეც. არის პრესინგი, რომელშიც მთელი გუნდი მონაწილეობს, თუმცა ამას ნაკლებად ვიყენებდი.
ეს იმდენად დიდ კონცენტრაციას მოითხოვს თითოეული ფეხბურთელისგან, რომ მერჩივნა, მათი ეს ენერგია სხვა მიმართულებით გამომეყენებინა.
თუმცა, კონკრეტულ მომენტებში არც კოლექტიურ პრესინგზე მითქვამს უარი.
- თქვენი "იუვენტუსი" ზინედინ ზიდანის მოსვლამდე 4-3-3 სქემით თამაშობდა, შემდეგ?
- შემდეგ იყო 4-3-1-2, რადგან ზინედინ ზიდანი კლასიკური გამთამაშებელი გახლდათ. საერთოდ, მიმაჩნია, რომ ზიზუ იყო ყველაზე გამორჩეული მოთამაშე, რომელთანაც ოდესმე მიმუშავია.
მართალია, ჩემი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრაში მეტოქე ბანაკში იყო, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ მისი დარი შეგირდი ჯერ არ მყოლია.
მწვრთნელებს ხშირად აკრიტიკებენ რომელიმე ვარსკვლავის ათვალწუნების გამო, მაგრამ ბევრმა არ იცის ის ნიუანსები, რომლებსაც მხოლოდ მწვრთნელი აქცევს ყურადღებას.
ზიზუ იყო ერთადერთი გამთამაშებელი, რომელიც ბურთის დაკარგვისთანავე მეტოქეს მისდევდა და ართმევაში იღებდა მონაწილეობას. ის გამთამაშებელიც იყო და ჩამშლელიც, რითიც საყრდენ ნახევარმცველებს უადვილებდა საქმეს.
მაშინ ზიდანის უკან დეშამი თამაშობდა, ასევე უნიკალური ფეხბურთელი და თავადაც ხვდებით, თუ რატომ იყო მაშინდელი "იუვე" ასეთი ძლიერი.
ზინედინს კიდევ ერთი შესანიშნავი თვისება ჰქონდა: როდესაც მეტოქის ნახევარზე ვერ იღებდა ბურთს, უკან იხევდა და საკუთარი ნახევრიდან მიჰქონდა, რასაც ასევე ცოტა შემტევი აკეთებს.
ამ ყველაფერს დაუმატეთ მისი ვირტუოზობა და მგონი, გასაგებია, რატომ იყო ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი.
- დაბოლოს, რას ფიქრობს მარჩელო ლიპი ფეხბურთის მომავალზე?
- ფეხბურთში დღეს საინტერესო პროცესები ვითარდება, რომელსაც სიამოვნებით ვაკვირდები. ხალხი ხშირად მეკითხება, არის თუ არა "ბარსელონას" თამაში ის ზღვარი, რომლის იქითაც ფეხბურთი ვეღარ განვითარდება.
დამიჯერეთ, ასეთი კითხვები ათწლეულების უკანაც ისმოდა, მაგრამ სპორტის უპირველეს სახეობას განვითარება არც ერთი წუთით არ შეუწყვეტია.
ასე იქნება მომავალშიც, ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან ფეხბურთს საზღვრები არ აქვს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"