ფრანჩესკო გვიდოლინის ოპტიმიზმი - ფრიულელები ისევ სამეულს უმიზნებენ

AutoSharing Option
იტალიური პრესა ტურიდან ტურამდე ელოდება იმას, რომ ფრანჩესკო გვიდოლინს "უდინეზეს" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლებენ.

არა იმიტომ, რომ იტალიელ ჟურნალისტებს 57 წლის სპეციალისტი გულზე არ ეხატებათ, უბრალოდ "ბიანკონერის" შედეგები ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.

მიუხედავად ამისა, გვიდოლინი დანებებას არ აპირებს და როგორც აცხადებს, თანამდებობას თავისი სურვილით არც ერთ შემთხვევაში არ დატოვებს:

"დიახ, მეც ვფიქრობდი, რომ გაცილებით უკეთესი სტარტი გვექნებოდა, მაგრამ რას ვიზამთ, ასეთია ფეხბურთი. მთავარია, რომ დიდი ენთუზიზმით ვმუშაობ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს შედეგს მალე გამოიღებს.

მიხარია, რომ ფეხბურთელები ყოველმხრივ ჩემს
გვერდით არიან და ცდილობენ, რომ კრიზისი ერთად დავძლიოთ. მართალია, ანტონიო დი ნატალესთან პატარა გაუგებრობა მქონდა, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერი დალაგდა.

მხარდაჭერას კლუბის მესვეურებისგანაც ვგრძნობ, რაც დიდ სტიმულს მაძლევს.

საკადრო პრობლემები? - შეტევაში გვიჭირს, ამაში ორი აზრი არ არის და ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გაძლიერებას შევეცდებით.

სამწუხაროა, რომ ლუის მურიელმა ტრავმა მიიღო - მისი სახით დიდი ძალა გამოგვაკლდა, მაგრამ ბოლო ინფორმაციით, მალე უნდა შემოგვიერთდეს. დარწმუნებული ვარ, კოლუმბიელი რომ მწყობრში ყოფილიყო, დღეს გაცილებით მეტი ქულა გვექნებოდა.

მიზანი? - ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა. დღეს ეს შეიძლება ბევრს უტოპიად მიაჩნია, მაგრამ ვეცდებით, რომ სკეპტიკოსები კიდევ ერთხელ გავაჩუმოთ".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული