ალეგრი: მიზანი იგივეა - "მილანი" სკუდეტოსთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
"მილანს" რთული დროება ჯერ კიდევ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდიდან უდგას...

ლომბარდიული გრანდის მესვეურებმა არაერთი წამყვანი ფეხბურთელი გაასხვისეს, შევსება კი რბილად რომ ვთქვათ, არასრულფასოვანია.

შედეგად, "მილანმა" სეზონი მძიმედ დაიწყო და სერია A-ს სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილშია დამკვიდრებული.

იტალიელ ჟურნალისტთა ნაწილი დიდი ხანია მასიმილიანო ალეგრის შესაძლო გათავისუფლების შესახებ იუწყება, მაგრამ კლუბის მესვეურები მწვრთნელს ნდობას უცხადებენ.

პრინციპში, ეს სადღაც ლოგიკურია, რადგან სატრანსფერო პოლიტიკიდან გამომდინარე, შედეგებზე საწყის ეტაპზე მაინც პასუხისმგებლობა უფრო კლუბის მესვეურებს ეკისრებათ, ვიდრე მწვრთნელს.

წარმოუდგენელია, რომ ალეგრი ზლატან იბრაჰიმოვიჩის და ტიაგო სილვას გასხვისების
მომხრე ყოფილიყო - ეს ფეხბურთელები მწვრთნელს გაუყიდეს და გამომდინარე აქედან, ამ ეტაპზე მას ბევრი რამე ეპატიება.

ალეგრის "კორიერე დელო სპორტი" აქტუალურ საკითხებზე ესაუბრა...

მძიმე სტარტი
სეზონის სტარტი რომ რთული იქნებოდა, ეს ვიცოდით, მაგრამ ასე თუ გაგვიჭირდებოდა, არ მეგონა. ნებისმიერ შემთხვევაში, ტრაგედია არ უნდა შევქმნათ და მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელოთ.

ასეც არის, სანაკრებო პაუზით ვისარგებლე, გამოუძახებელი ფეხბურთელები ცოტა დავასვენე და მეც, განვლილი პერიოდის გაანალიზების საშუალება მომეცა.

გუნდში ბრწყინვალე ფეხბურთელები მყავს, უდიდესი პროფესიონალები და დარწმუნებული ვარ, რომ მდგომარეობას მალე გამოვასწორებთ. კრიზისს აუცილებლად დავძლევთ და სატურნირო ცხრილში ზემოთ ავინაცვლებთ.

მაინც რისი ბრალია ასეთი სტარტი? - გუნდში ბევრი ახალი ფეხბურთელია, მათ შესათამაშებლად კი დროა საჭირო. არც ისაა ახალი, რომ რამდენიმე წამყვანმა მოთამაშემ დაგვტოვა, მათ გარეშე გამარჯვებების მოპოვება კი ჯერ უნდა ვისწავლოთ.

ოღონდ, ეს პროცესი დიდ ხანს არ გაგრძელდება და მჯერა, რომ უკვე მომდევნო ტურიდან ბევრად უკეთ ვიასპარეზებთ.

მილანური დერბი
ჩემი ოპტიმისტური განცხადებები დიდწილად მილანურ დერბიში ნაჩვენებ თამაშს ემყარება. მართალია, დავმარცხდით, მაგრამ ცუდად ნამდვილად არ გვიასპარეზია და მინიმუმ ფრეს ვიმსაურებდით.

"ინტერი" მისსავე ნახევარზე მივაჯაჭვეთ და მომენტებიც უხვად გვქონდა, მაგრამ ბურთმა არაფრით ინება მეტოქის კარის ხაზის გადაკვეთა.

გასაგებია, "ნერაძური" კაცნაკლული იყო, მაგრამ ფეხბურთში ერთი მოთამაშის არყოფნა ამხელა უპირატესობის მოპოვების საფუძველი ნამდვილად არ გახლავთ.

თამაშით ნამდვილად დავჯაბნეთ მეტოქე, მაგრამ იმ დღეს, ფორტუნამ "ინტერს" გაუღიმა.

დერბიში მარცხი ყოველთვის მწარეა, მაგრამ შეგირდების თამაშში ბევრი რამ მომეწონა.

კონფლიქტი გალიანისთან
ჩემსა და ადრიანო გალიანის შორის მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით არაერთხელ მსმენია, მაგრამ ყოველ ასეთ ინფორმაციას არავითარი საფუძველი არ ჰქონია.

გალიანისთან და სილვიო ბერლუსკონისთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ყოველთვის ასე იქნება. რამდენიმე დღის წინ, სწორედ ბერლუსკონის ვესაუბრე და ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი.

შედეგებით იმედგაცრუებულია, მაგრამ არსებულ რეალობას კარგად აცნობიერებს და სიმშვიდეს ინარჩუნებს. მითხრა, რომ ჩემი იმედი აქვს როგორც პირადად მას, ისე კლუბის მთელ ხელმძღვანელობას.

"მილანის" მესვეურებისგან მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი, რაც ჩემთვის უმნიშვნელოვანესია.

მიზანი
ბევრმა უკვე ჩამოგვწერა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, პირადად მე, მიზნებისთვის ნამდვილად არ გადამიხედავს. ჩვენ სკუდეტოს მოგება გვსურს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

"იუვენტუსი" და "ნაპოლი" წინ გაიჭრნენ, მაგრამ ჩემპიონატის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი. მთავარია, საკუთარი შესაძლებლობები სრულად წარმოვაჩინოთ და დამიჯერეთ, სკუდეტოსთვის ბრძოლა ჯერ კიდევ შესაძლებელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული