"გაძეტა დელო სპორტი" "ბიანკოჩელესტეს" ნახევარმცველ კრისტიან ლედესმას გაესაუბრა, რომელიც მოახლოებულ ჯახს მოუთმენლად ელოდება.
29 წლის შუახაზელმა იტალიის ეროვნულ ნაკრებზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ჩეზარე პრანდელის მისი სამსახური კიდევ დასჭირდება:
"ჩემპიონატის სტარტზე საკმაოდ კარგად ვასპარეზობთ და დიდი იმედი მაქვს, რომ ასევე გავაგრძელებთ. "მილანთან" უმნიშვნელოვანესი მატჩი გველოდება, რომელსაც მოუთმენლად ველი. მართალია, ფეხბურთელთა ნაწილი სანაკრებო მატჩებით გადაღლილი იქნება, მაგრამ ვეცდებით, რომ ენერგია მოვიკრიბოთ და "მილანს" საუკეთესო თამაში დავუპირისპიროთ.
აქვე, მინდა იტალიის ნაკრებს მივულოცო სომხეთთან გამარჯვება და იმედი გამოვთქვა, რომ "აძურა" დანიასთანაც სამ ქულას აიღებს. იმედი მაქვს, კიდევ მომეცემა ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობის საშუალება, რადგან ეს ჩემი პრიორიტეტული მიზანია. ჩეზარე პრანდელიმ იცის, სად უნდა მომძებნოს და თუ საჭიროდ ჩათვლის, მის განკარგულებაში ვიქნები".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"