დავიდ პისარომ დანიელე დე როსი გააკრიტიკა

AutoSharing Option
დავიდ პისარომ უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ "ფიორენტინაში" თავს შესანიშნავად გრძნობს და კარიერის ბოლომდე ფლორენციაში სურს დარჩენა.

ეს არცთუ უტოპიური გეგმაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ უკვე 33 წლისაა და მისივე განცხადებით, თამაშს კიდევ 2-3 წელი აპირებს. პისაროს ჟურნალისტებთან ურთიერთობა ყოველთვის გამოსდიოდა და ამჯერადაც "კორიერე დელო სპორტს" საინტერესო თემებზე ესაუბრა...

ფიორენტინა
ფლორენციაში თავს შესანიშნავად ვგრძნობ და იცით, რომ აქედან არსად წასვლას არ ვაპირებ. დღითიდღე ვრწმუნდები, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე და საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ.

მართალია, დღეს "ფიორენტინა" მწვერვალების დასაპყრობად არაა მზად, მაგრამ ეს
დროც მალე დადგება.

ვინჩენცო მონტელას შესანიშნავი სამოქმედო გეგმა აქვს, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით. საერთოდ, მონტელასთან მუშაობა ერთ რამედ ღირს, ბრწყინვალე მწვრთნელი და კიდევ უკეთესი ადამიანია. მისი თავკაცობით, "ვიოლა" აუცილებლად დაიბრუნებს ძველ დიდებას.

ბორხა ვალერო
ბევრი ამბობს, რომ ბორხა ვალეროს გვერდით უკეთ ავთამაშდი. ეს არც მიკვირს, რადგან ესპანელი შესანიშნავად ირჯება და ამტკიცებს, რომ უმაღლესი კლასის ფეხბურთელია. ყოველთვის მზადაა, სხვისი შეცდომა გამოასწოროს და თვითონ, პრაქტიკულად, არასდროს ცდება.

რაც უნდა რთულ ვითარებაში მიაწოდო ბურთი, მაინც შეინარჩუნებს და შეტევას გააგრძელებს. ვფიქრობ, ბორხას სახით, "ფიორენტინამ" უდიდესი შევსება მიიღო. მიხარია, რომ მის მხარდამხარ მიწევს თამაში, რადგან ამ ასაკშიც კი ბევრს ვსწავლობ.

რომა
მართალია, "რომადან" კონფლიქტის ნიადაგზე წამოვედი, მაგრამ ამ გუნდს ყოველთვის ვუგულშემატკივრებ. ასეა ვინჩენცო მონტელაც და ჩვენ ხშირად ვიხსენებთ "ჯალოროსიში" გატარებულ პერიოდს. გამომდინარე აქედან, გვახარებს ამ გუნდის წარმატებები და გული შეგვტკივა წარუმატებლობებზე.

ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ დანიელე დე როსი ზდენეკ ზემანს წაეკიდა და მათ შორის სერიოზული უთანხმოებაა. სიმართლე გითხრათ, ეს არ მიკვირს, რადგან დე როსის ადრეც ჰქონდა პრობლემები მწვრთნელებთან.

დანიელე ხშირად იღებს ზედმეტებს საკუთარ თავზე და ავიწყდება, რომ გუნდში მთავარი სიტყვა სწორედ მწვრთნელს ეთქმის.

ამის შესახებ მასთან პირისპირაც მისაუბრია და გამიკრიტიკებია კიდეც. ვურჩევდი დანიელეს, რომ მთელი გუნდი ზემანის გარშემო გაერთიანდნენ - სხვა შემთხვევაში, წარმატების მიღწევა წარმოუდგენელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული