სერია A. VIII ტური: ტურინის "იუვენტუსმა" არც "ნაპოლი" დაინდო

AutoSharing Option
ვიდეო
გასულ უქმეებზე სერია A-ში ორი გამორჩეული შეხვედრა გაიმართა და ჩვენი მიმოხილვაც სწორედ ამ პაექრობებს დაეთმობა.

ცენტრალური მატჩი მაინც ტურინში შედგა, სადაც ერთმანეთის პირისპირ პირველობის გამოკვეთილი ლიდერები: "იუვენტუსი" და "ნაპოლი" წარსდგნენ...

იუვენტუსი VS ნაპოლი

ორი წლის წინ "ნაპოლი" სკუდეტოსთვის იბრძოდა და "მილანთან" უმძაფრეს კონკურენციაში იყო ჩაბმული, როდესაც ლომბარდიის დედაქალაქში ჩავიდა და მასიმილიანო ალეგრის გუნდთან სასტიკი მარცხი იწვნია.

მაშინ ნეაპოლელთა წარუმატებლობა ვალტერ მაცარის დაბრალდა, რომელმაც აშკარად დაცვაზე ორიენტირებული სტრატეგია აირჩია, ფრეზე ათამაშა შეგირდები და შედეგად, სამი უპასუხო ბურთი მიიღო.

როგორც ჩანს, სენიორ
ვალტერს საკუთარ შეცდომებზე სწავლა არ შეუძლია - მან ისევ დაცვითი ტაქტიკით ათამაშა "ნაპოლი" და ისევ მარცხი იწვნია.

დიახ, მთელი შეხვედრა ტურინელთა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარიმართა, რასაც შედეგი მეორე ტაიმში მოჰყვა. "იუვენტუსმა" მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა, რომელთაგან ერთი მარტინ კასერესის, ხოლო მეორე პოლ პოგბას ანგარიშზეა.

არ შეიძლება, არ აღინიშნოს, რომ ორივე მათგანი თადარიგში იყო და მეორე ნახევარში ჩაერთო თამაშში. უკვე მერამდენედ, "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი დროულ და საჭირო ცვლილებებს ახორციელებს, რასაც შედეგი მოაქვს.

ვერ გეტყვით, რა ფორმით არის ამ პროცესებში ჩართული ანტონიო კონტე, მაგრამ მასიმო კარერა რომ თავის საქმეს შესანიშნავად აკეთებს, ეს ფაქტია.

მარტინ კასერესი ახალი გასული იყო მინდორზე, როდესაც ანდრეა პირლომ კუთხური ჩააწოდა და ურუგვაელმა თავური დარტყმით მორგან დე სანკტისს შანსი არ დაუტოვა.

მეორე გოლი კიდევ უფრო ეფექტური გამოვიდა - საჯარიმოდან მცველის მიერ გადმოგდებულ ბურთზე პოგბამ ითამაშა, უძლიერესად დაარტყა და ბურთი მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში მოათავსა.

აღსანიშნავია, რომ პოგბამ სხვა ეპიზოდებშიც წარმოაჩინა თავი და გულშემატკივართა ტაშიც არაერთხელ დაიმსახურა. მან რამდენიმე ეპიზოდში შესაშური ტექნიკა გამოავლინა და თუ ასე გააგრძელა, მისგან ნამდვილად დიდი ფეხბურთელი დადგება.

მომენტები ნეაპოლელებსაც ჰქონდათ - განსაკუთრებით კი ედინსონ კავანის მიერ შესრულებული ჯარიმა უნდა გამოვარჩიოთ, როდესაც ბურთი ხარიხას მოხვდა. თუმცა, მთლიანობაში ტურინელებმა დაჯაბნეს მეტოქე და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს.

ვალტერ მაცარი (ნაპოლის მთავარი მწვრთნელი): "პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ და მეტოქეს არაფერში ჩამოვუვარდებოდით; აი, მეორეში კი რაღაც მოიშალა მექანიზმში და შედეგად, ორი გოლი გავუშვით.

კასერესის გოლის შემდეგ შეგირდები შეტევაზე გადავაწყვე, მაგრამ მყისვე მეორე გავუშვით და ყველაფერმა აზრი დაკარგა.

მტკივ
ნეული მარცხი იყო, ეს ფაქტია, მაგრამ ტრაგედია არ უნდა შევქმნათ... მთელი ჩემპიონატი წინაა და ვითარების გამოსწორების საშუალება გვექნება. მომდევნო წრეში "იუვეს" საკუთარ კედლებში ვხვდებით და ვეცდებით, რომ რევანში ავიღოთ".

ანდრეა პირლო (იუვენტუსი): "ეს იყო დიდი გამარჯვება, რომელმაც უსაზღვრო სიხარული მოგვგვარა. "ნაპოლი" მედგრად იდგა და გატანაც შეეძლო, მაგრამ საბოლოოდ, უფრო ძლიერმა გაიმარჯვა.

მთელი შეხვედრის განმავლობაში ვდომინირებდით და თუ ვინმეს უნდა მოეგო ეს თამაში, სწორედ "იუვენტუსი" გახლდათ. მაინც რაში ვაჯობეთ "ნაპოლის"? - ამ კითხვაზე მარტივი პასუხი მაქვს: თამაშში".


ლაციო VS მილანი
კიდევ ერთი შეხვედრა, რომელზეც დღევანდელ მიმოხილვაში უნდა შევჩერდეთ, რომში გაიმართა, სადაც "ლაციომ" ღრმა კრიზისში მყოფი "მილანი" მიიღო. შეხვედრა მეტად საინტერესო და დრამატული გამოდგა, გამარჯვება კი მასპინძლებს დარჩათ.

დიახ, "მილანმა" კიდევ ერთი მატჩი წააგო და სატურნირო ცხრილში კიდევ უფრო გაიუარესა მდგომარეობა.

8 მატჩში 5 მარცხი ნამდვილად მეტისმეტია და ეს ვერც ზლატან იბრაჰიმოვიჩის წასვლით გამართლდება და ვერც თაობათა ცვლის მტკივნეული პროცესით. მასიმილიანო ალეგრის გუნდი ყველაფერს აგებს, რისი წაგებაც შეიძლება და არ შეიძლება.

რომაულ მატჩში ორი განსხვავებული ტაიმი ვიხილეთ - თუ პირველში "ლაციომ" ყველა კომპონენტში დაჯაბნა მეტოქე, მეორეში უპირატესობა სტუმრებს ჰქონდათ.

თუმცა ესეც პირობითია, რადგან სამი ბურთით დაწინაურებულმა რომაელებმა უკან დაიხიეს და "მილანს" მეტოქის ნახევარზე თავისუფლად გადასვლის საშუალება მისცეს. სხვა საქმეა, რომ ამით კინაღამ სამბურთიანი უპირატესობა გაანიავეს...

რომაელთაგან თითო გოლი ერნანესმა, ანტონიო კანდრევამ და მიროსლავ კლოზემ გაიტანეს. განსაკუთრებით ეფექტური კანდრევას გოლი გამოვიდა, რომელმაც შორი მანძილიდან უძლიერესად დაარტყა და ბურთი ცხრიანში გადაგზავნა.

ერნანესს მცირე რეკოშეტი დაეხმარა, აი, მირომ კი ჩვეულ სტილში დააგვირგვინა რამდენიმესვლიანი იერიში. მილანელთაგან ერთი გოლი ნაიჯელ დე იონგის, ხოლო მეორე სტეფან ელ შაარავის ანგარიშზეა...

ჰოლანდიელმა პირველი გოლი გაიტანა ლომბარდიული გრანდის შემადგენლობაში, "პატარა ფარაონმა" კი კიდევ ერთხელ გამოავლინა ინდივიდუალური ოსტატობა და საშუალო დისტანციიდან უზუსტესი დარტყმით მასპინძელთა კიპერი უშანსოდ დატოვა.

ელ შაარავიმ თამაშში ინტრიგა 79-ე წუთზე დააბრუნა და "მილანელებს" ჰქონდათ დრო ანგარიშის გასათანაბრებლად, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლეს. აქვე აღვნიშნოთ, რომ მთლიანი თამაშიდან გამომდინარე, ლომბარდიელები არ იმსახურებდნენ თუნდაც ფრეს...

ნამატჩევს, მასიმილიანო ალეგრის დანა პირს არ უხსნიდა, რომაელთა თავკაცმა, ვლადიმირ პეტკოვიჩმა კი შეგირდთა გარჯას მაღალი შეფასება მისცა:

"შეხვედრის გარკვეულ მონაკვეთში კონცენტრაცია დავკარგეთ და ამისთვის კინაღამ დავისაჯეთ. თუმცა, მთლიანობაში მაინც კმაყოფილი ვარ შეგირდთა ასპარეზობით, რადგან დროის უდიდესი ნაწილი საკმაოდ ძლიერ მეტოქეს ყველა კომპონენტში ვჯობდით. მთავარია, აღებული ტემპი არ დავაგდოთ და ყველაფერი კარგად იქნება".


სერია A. VIII ტური

იუვენტუსი-ნაპოლი 2:0 (იხილეთ ვიდეო)
იუვენტუსი (3-5-2): სტორარი - ბონუჩი, ბარცალი, კიელინი - ლიხტშტაინერი, ვიდალი (75. პოგბა), პირლო, მარკიზიო, ასამოა (78. კასერესი) - ჯოვინკო, კვალიარელა (60. მატრი).
ნაპოლი (3-4-1-2): დე სანკტისი - გამბერინი (85, ინსინიე), კანავარო, კამპანიარო - მაჯო, ინლერი, ბერამი (88. ჯემაილი), ცუნიგა - ჰამშიკი - პანდევი, კავანი.
გოლები: 1:0 კასერესი (80), 2:0 პოგბა (82).
გაფრთხილება: ბარცალი, კიელინი, ვიდალი - კამპანიარო, ინლერი, კავანი.
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 21-19; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 12-3(5-1); ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 41 000

ლაციო-მილანი 3:2
(იხილეთ ვიდეო)
ლაციო (4-5-1): ბიძარი - კონკო, ბიავა, დიასი, ლულიჩი - კანდრევა (83. ბროკი), გონსალესი (72. ცანა), ლედესმა, ერნანესი, მაური (58. კავანდა) - კლოზე.
მილანი (4-2-3-1): ამელია - აბატე, იეპესი, ბონერა, ანტონინი (85. ბოიანი) - მონტოლივო, დე იონგი, ნოჩერინო (56. პატო) - ბოატენგი (46. ემანუელსონი) - ელ შაარავი, პაცინი.
გოლები: 1:0 ერნანესი (25), 2:0 კანდრევა (41), 3:0 კლოზე (49), 3:1 დე იონგი (61), 3:2 ელ შაარავი (79).
გაფრთხილება: დიასი, გონსალესი - იეპესი, ანტონინი, ნოჩერინო.
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 6-14; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 9-11(8-6); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 60 000

კალიარი-ბოლონია 1:0
კალიარი (4-3-3): აგაცი - აველარი, ასტორი, არიაუდო, პიზანო - დესენა, ეკდალი, კონტი - ნაინგოლანი (85. რიბეირო), ნენე (68. საუ), იბარბო (77. ლარივეი).
ბოლონია (4-3-2-1): ალიარდი - ანტონსონი, მორლეო (76. აბერო), კერუბინი, გარიჩი - პაციენცა, კონე (75. პულცეტი), გუარენტე (63. გაბიადინი) - ტაიდერი, დიამანტი - ჯილარდინო.
გოლი: 1:0 ნაინგოლანი (61).
გაფრთხილება: დესენა - კონე, ტაიდერი.
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 15-21; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 4-11(2-1); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 5 000

ატალანტა-სიენა 2:1
ატალანტა (4-4-2): პოლიტო - ლუკინი (79. მატეუ), მანფრედინი, სტენდარდო, პელუზო - ტროიზი (51. სკელოტო), კაცოლა, ჩიგარინი, მორალესი (71. ბონავენტურა) - დე ლუკა, დენისი.
სიენა (3-4-2-1): პეგოლო - ნეტო, პაჩი, ფელიპე - ანჯელო, ვერგასოლა (85. პაოლუჩი), როდრიგესი (15, ბოლცონი), დელ გროსო - სესტუ, მანინი (56. რეჯინალდო) - კალაიო.
გოლები: 0:1 რეჯინალდო (59), 1:1 ჩიგარინი (63), 2:1 ბონავენტურა (82).
გაფრთხილება: სტენდარდო, პელუზო - ფელიპე, კალაიო, პაოლუჩი.
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 16-16; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 6-3(4-1); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 20 000

კიევო-ფიორენტინა 1:1
კიევო (4-3-1-2): სორენტინო - ანდრეოლი (82. ფარკასი), დაინელი, გუანა, ფრეი - დრამე, ლ. რიგონი, ლუსიანო (62. სტოიანი) - ჯეტემაი - დი მიკელე (69. იოკიჩი), თერეუ.
ფიორენტინა (3-5-2): ვივიანო - რონკალია, გონსალო, ტომოვიჩი - პისარო, რომულო (46. მილიაჩო), ბორხა ვალერო, კუადრადო (82. ლიაიჩი), პასკუალი - იოვეტიჩი, ტონი (70. ელ ჰამდაუი).
გოლები: 1:0 თერეუ (17), 1:1 გონსალო (18).
გაფრთხილება: დრამე, იოკიჩი - რონკალია, ტომოვიჩი, პისარო.
კუთხური: 2-9; ჯარიმა: 14-12; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 5-12(2-2); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 11 000

ინტერი-კატანია 2:0
ინტერი (3-4-1-2): ჰანდანოვიჩი - ჟულიო ჟესუსი, რანოკია, სამუელი - ძანეტი, კამბიასო, ობი (62. გარგანო), მუდინგაი (71. გუარინი) - პალასიო - კასანო (69. ალვარესი), მილიტო.
კატანია (4-3-3): ანდუხარი - ალვარესი, სპოლი, ლეგროტალიე, მარკეზე - ალმირონი (81. რიკიუტი), ისკო (65. კასტრო), ლოდი - ბარიენტოსი, ბერგესიო, გომესი.
გოლები: 1:0 კასანო (28), 2:0 პალასიო (85).
გაფრთხილება: ალვარესი, კასტრო (კატანია).
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 10-14; თამაშგარე: 7-5; კარში დარტყმა: 11-8(8-2); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 55 000

პალერმო-ტორინო 0:0
პალერმო (3-4-3): უიკანი - მუნიოსი, დონატი, ფონ ბერგენი (60. პიზანო) - მორგანელა, კურტიჩი, ბარეტო, გარსია - ილიჩიჩი, ჯორჯი (65. ბრიენცა), დუბალა (55. მიკოლი).
ტორინო (4-4-2): ჟილე - დი ჩეზარე, როდრიგესი, მაზიელო, დამბროზიო - გაცი, ბაშა, ვივესი, მეჯორინი (73. სგრინია) - ჩერჩი (60. სტევანოვიჩი), ბიანკი.
გაფრთხილება: ილიჩიჩი - დი ჩეზარე, გაცი, ჩერჩი, ვივესი.
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 18-11; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 16-10(7-6); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 22 000

პარმა-სამპდორია 2:1
პარმა (4-3-3): მირანტე - როსი, პალეტა, ძაკარდო, გობი - გალოპა (41. პაროლო), მარკიონი (82. ნინისი), ვალდესი - ბიაბიანი, ბელფოდილი (72. პაბონი), ამაური.
სამპდორია (4-3-3): რომერო - ესტიგარიბია, ბერარდი (70. დე სილვესტრი), როსინი, კოშტა - მუნარი, მარესკა, რენანი (46. სორიანო) - ედერი, კრსტიჩიჩი, მაქსი ლოპესი (36. ბერინი).
გოლები: 1:0 ამაური (36-პენ.), 2:0 ამაური (53), 2:1 ედერი (81-პენ.).
გაფრთხილება: მარკიონი - როსინი, კოშტა, მუნარი.
გაძევება: რომერო (35. სამპდორია).
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 17-20; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 15-7(8-1); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 18 000

უდინეზე-პესკარა 1:0
უდინეზე (3-5-1-1): ბრკიჩი - ბენეტია, დანილო, დომიცი - პერეირა (83. კოდა), პინცი (22. ფარაონი), ლაძარი, ალანი, არმერო - მაიკოსუელი (78. ვილიანსი) - დი ნატალე.
პესკარა (4-3-1-2): პერინი - ბალცანო, რომანიოლი, ბოკეტი, მოდესტო - ბლაზი, ნიელსენი (72. ბარნასონი), კაშონე - კუინტერო - ვეისი (72. ვუკუსიჩი), ჯონატასი (54. კაპრარი).
გოლი: 1:0 მაიკოსუელი (53).
გაფრთხილება: ბალცანო, ბლაზი, კაშონე (პესკარა).
გაძევება: დანილო (31. უდინეზე).
კუთხური: 5-7; ჯარიმა: 16-9; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 14-10(5-6); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 18 000

ჯენოა-რომა 2:4
ჯენოა (4-4-2): ფრეი - მორეტი, ბოვო, გრანკვისტი, ანტონელი (70. მელაცი) - კუჩკა, ანტინელი, სეიმური (63. ბერტოლო), იანკოვიჩი - ხორკერა (54. იმობილე), ბორიელო.
რომა (4-3-3): სტეკელენბურგი - პირისი, მარკინიოსი, კასტანი, ბალცარეტი - ტაჩტიდისი, დე როსი, ფლორენცი (77. პიანიჩი) - ლამელა, ოსვალდო (88. ბრედლი), ტოტი.
გოლები: 1:0 კუჩკა (7), 2:0 იანკოვიჩი (15), 2:1 ტოტი (27), 2:2 ოსვალდო (44), 2:3 ოსვალდო (55), 2:4 ლამელა (83).
გაფრთხილება: გრანკვისტი, კანინი, სეიმური, ბორიელო - დე როსი.
კუთხური: 5-9; ჯარიმა: 9-13; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 8-8(4-6); ბურთის ფლობა: 36%-64%.
მაყურებელი: 26 000

სატურნირო ცხრილი
გუნდი
1. იუვენტუსი 8 7 1 0 19-4 22
2. ნაპოლი 8 6 1 1 14-5 19
3. ლაციო 8 6 0 2 15-8 18
4. ინტერი 8 6 0 2 13-6 18
5. რომა 8 4 2 2 18-13 14
6. ფიორენტინა 8 3 3 2 9-7 12
7. კატანია 8 3 2 3 9-13 11
8. სამპდორია 8 3 2 3 10-10 10
9. ტორინო 8 2 4 2 9-5 9
10. ჯენოა 8 2 3 3 10-12 9
11. უდინეზე 8 2 3 3 8-11 9
12. პარმა 8 2 3 3 8-11 9
13. კალიარი 8 2 2 4 5-11 8
14. ატალანტა 8 3 1 4 7-12 8
15. მილანი 8 2 1 5 9-10 7
16. ბოლონია 8 2 1 5 9-11 7
17. პესკარა 8 2 1 5 6-15 7
18. კიევო 8 2 1 5 7-15 7
19. პალერმო 8 1 3 4 6-11 6
20. სიენა 8 2 2 4 9-10 2

შენიშვნა: სიენა -6 ქულა, ატალანტა -2, სამპდორია -1, ტორინო -1.

ბომბარდირები

6 - კავანი (ნაპოლი), კლოზე (ლაციო); 5 - ჯილარდინო (ბოლონია), იოვეტიჩი (ფიორენტინა), ერნანესი (ლაციო), ელ შაარავი (მილანი), კასანო (ინტერი).

მომდევნო ტური
27 ოქტომბერი
სიენა-პალერმო, მილანი-ჯენოა; 28 ოქტომბერი: კატანია-იუვენტუსი, ფიორენტინა-ლაციო, პესკარა-ატალანტა, ბოლონია-ინტერი, სამპდორია-კალიარი, ტორინო-პარმა, რომა-უდინეზე, ნაპოლი-კიევო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნაპოლისთან კარერა არ უძღვებოდა თამაშს - მეორე თანაშემწე - ალესიო.
მიჩინიო
13:28 22-10-2012
0

სიახლეები პოპულარული