იტალია. სერია A. VIII ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
სანამ ტურის სიმბოლურ ნაკრებზე და სხვა საინტერესო ამბებზე გადავალთ, აუცილებლად უნდა გამცნოთ, რომ "ჯენოას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე 55 წლის ჯიჯი დი კანიოს 62 წლის ლუიჯი დელ ნერი შეცვლის.

დიახ, "რომასთან" საშინაო მარცხი გენუელთა პრეზიდენტისთვის უკანასკნელი წვეთი გამოდგა - ენრიკო პრეციოზიმ დი კანიოს კარისკენ მიუთითა და მისი შემცვლელიც მალე მოძებნა.

დელ ნერი ბოლოს "იუვენტუსს" ედგა სათავეში, თუმცა ტურინი 2011 წლის ზაფხულში უსახელოდ დატოვა.

ტურის გმირი: მასიმო კარერა
ტურის გმირად, როგორც წესი, ფეხბურთელებს ვასახელებთ, მაგრამ ამჯერად არჩევანი მწვრთნელზე უნდა შევაჩეროთ.

ყველაზე მეტად
სწორედ მასიმო კარერამ გაიბრწყინა, რომლის გონივრულმა და დროულმა გადაწყვეტილებებმა მატჩის ბედი ტურინელთა სასარგებლოდ გადაწყვიტა.

"იუვენტუსმა" "ნაპოლი" ორი უპასუხო ბურთის წყალობით დაამარცხა, ეს ორივე გოლი კი შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა გაიტანეს. ჯერ მარტინ კასერესი გამოირჩა, შემდეგ კი დიდებული გოლი პოლ პოგბამ შეაგდო. არადა, ბევრს გაუკვირდა, როდესაც ასეთ პრინციპულ შეხვედრაში მწვრთნელი სრულიად ახალგაზრდა პოგბას ენდო.

ვერ გეტყვით, რა წვლილი მიუძღვის კონკრეტულად ამ გადაწყვეტილებებში ანტონიო კონტეს, მაგრამ რადგან ოფიციალურად გუნდს მასიმო კარერა გაუძღვა, გმირის სტატუსიც მას უნდა მივანიჭოთ.

საერთოდ, კონტეს დისკვალიფიკაციამ კარერას წისქვილზე დაასხა წყალი - ბევრისთვის მოულოდნელად, სამწვრთნელო ტალანტი გამოავლინა და წარმატებულად უძღვება ტურინულ გრანდს.

ანტონიო კონტემ განაცხადა კიდეც, მასიმოს ბოლომდე ვენდობი და ვიცი, რომ თავის საქმეს იდეალურად გააკეთებსო. ჯერჯერობით ასეცაა.

აქვე ვიტყვით, რომ ამ ტურში კარერა უკვე დისკვალიფიკაციამოხდილ ანჯელო ალესიოსთან ტანდემში უძღვებოდა "იუვეს".

გმირობა მოედანს მიღმა
საგულისხმო ამბავი მოხდა "იუვენტუსი"-"ნაპოლის" მატჩამდე... ლეონარდო ბონუჩი მეგობარ გოგონასთან ერთად ახალი მანქანის საყიდლად იყო წასული და როდესაც ავტოფარეხიდან გამოვიდა, თავს შეიარაღებული პირი დაესხა - კრიმინალმა ლეონარდოს საათის მოხსნა და საფულის ამოღება მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო...

მოულოდნელად, ბონუჩიმ ქურდს ხელი დაუჭირა, სახეში დაარტყა და ძირს დაანარცხა. ქურდი სამართალდამცავებმა დააკავეს, დაკითხვაზე კი შემდეგი განაცხადა - შემეძლო მომეკლა, მაგრამ ეს ჩემი მიზანი არ იყო და არ გავისროლეო.

იქვე ქურდმა გაოცება გამოხატა ბონუჩის ვაჟკაცური საქციელის გამო.

როდესაც ჟურნალისტებმა ლეონარდოს ამ მამაცური საქციელის შესახებ ჰკითხეს, უპასუხა: კონტე მუდმივად იმას გვეუბნება, რომ ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი უნდა ვიბრძოლოთო. აი, ასეთი სასარგებლოა კონტეს შეგირდობა.

ტურის მატჩი
ტურის მატჩი ტურინში გაიმართა, სადაც ერთმანეთის პირისპირ ლიდერები "იუვენტუსი" და "ნაპოლი" წარდგნენ. გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ, რამაც კიდევ უფრო განამტკიცა ვარაუდი იმის შესახებ, რომ "იუვე" მიმდინარე სეზონშიც მიუწვდომელი იქნება.

რაც შეეხება კონკრეტულად განვლილ შეხვედრას, "გაძეტა დელო სპორტი" საინტერესო მოსაზრებას გვთავაზობს... "ნაპოლის" ჯერ კიდევ არ სჯერა, რომ შეუძლია სკუდეტოსთვის ბრძოლა და სანამ ამას არ დაიჯერებს, ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრებში ყოველთვის დამარცხდება.

ავტორიტეტული გამოცემა გვახსენებს, თუ რა სახე ჰქონდა მატჩის მსვლელობისას ვალტერ მაცარის - მწვრთნელი არა საბრძოლოდ შემართული, არამედ უფრო შეშინებული ჩანდა და რაც დრო გადიოდა, თითქოს ეს შიში მით უფრო მატულობდა.

მაცარი შესანიშნავი ტაქტიკოსია, მაგრამ ჯერ ვერ შეძლო, შეგირდებში გამარჯვებულის მენტალიტეტი ჩაენერგა.

ტურის მოვლენა
მიუხედავად იმისა, რომ ტურის ცენტრალური შეხვედრა ტურინში გაიმართა, ტურის მოვლენად მაინც "მილანის" მორიგი მარცხი უნდა მივიჩნიოთ.

"როსონერის" მდგომარეობა კი მართლაც გაოცებას იწვევს: რვა შეხვედრაში ხუთი მარცხი ვერავითარ ჩარჩოში ვერ ჯდება და ყველაზე უკეთ ეს თავად "მილანელებმა" იციან. ყველაზე რთულ მდგომარეობაში მაინც კლუბის მესვეურები არიან, რომლებსაც უჭირთ წარუმატებლობის მწვრთნელისთვის გადაბრალება, რადგან ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ის წამყვანი ფეხბურთელების გარეშე დატოვეს.

ამიტომ ადრიანო გალიანი მასიმილიანო ალეგრის მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ მთავარი მწვრთნელის შეცვლის საკითხი არ დგას დღის წესრიგში.

არადა, უკვე აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ ლომბარდიულ გრანდს პეპ გვარდიოლა ჩაუდგება სათავეში.

"მილანის" თავკაცი განაგრძობს ძიებას და ბოლო პერიოდში ტაქტიკა-შემადგენლობას აქტიურად ცვლის. ხან ბოიან კრკიჩს აწესებს შეტევის წინა ხაზზე და ხან ჯამპაოლო პაცინის... ხან ორი ფორვარდით უტევს და ხანაც სამით, თუმცა ამ ყველაფრისგან ხეირი ცოტაა.

კარგად მხოლოდ სტეფან ელ შაარავი თამაშობს, რომელიც გუნდის ლიდერად მოგვევლინა.

სატურნირო ცხრილში "მილანი" მე-15 ადგილზეა და ამით ყველაფერია ნათქვამი.

ციფრები და ფაქტები
* პოლ პოგბამ "იუვენტუსიდან", ნაიჯელ დე იონგმა "მილანიდან" და გონსალო როდრიგესმა "ფიორენტინადან" პირველი გოლები გაიტანეს სერია A-ში.
* "იუვენტუსი" საუკეთესოა იტალიაში როგორც გატანილი გოლების სიმრავლით, ისე გაშვებული გოლების სიმცირით.
* "ნაპოლი" პირველად დამარცხდა მიმდინარე სეზონში.
* ნეაპოლელმა პაოლო კანავარომ მე-400 მატჩი ჩაატარა პროფესიულ კარიერაში.
* "მილანს" 8 მატჩში 5 მარცხი აქვს. ასეთი უარყოფითი შედეგი გუნდს ბოლოს 1941 წელს ჰქონდა.
* პაბლო დანიელ ოსვალდომ მიმდინარე ჩემპიონატში ყველა შეხვედრაში გაიტანა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო.
* "რომამ" 1991 წლის შემდეგ პირველად მოიგო გასვლითი მატჩი, რომელშიც ორი ბურთის სხვაობით მარცხდებოდა.
* "კატანიას" არასდროს მოუგია "ინტერისთვის" გასვლითი შეხვედრა... ეს გუნდები "ჯუზეპე მეაცაზე" ერთმანეთს 16-ჯერ შეხვდნენ;
* "კალიარიმ" მიჯრით ორი შეხვედრა პირველად მოიგო გასული წლის სექტემბრის შემდეგ.
* "კალიარიმ" პირველად მოიგო საკუთარ მოედანზე აპრილის შემდეგ.
* "ბოლონიას" "კალიარისთან" გასვლითი მატჩი 1998 წლის შემდეგ არ მოუგია.
* "ფიორენტინას" მეკარე ემილიანო ვივიანომ მე-100 შეხვედრა ჩაატარა სერია A-ში.
* მიმდინარე სეზონის დაწყებიდან სულ 8 ტურია გასული, "პარმას" კარში კი უკვე 6 პენალტი დაინიშნა.

Sportall.Ge

სატურნირო ცხრილი
გუნდი
1. იუვენტუსი 8 7 1 0 19-4 22
2. ნაპოლი 8 6 1 1 14-5 19
3. ლაციო 8 6 0 2 15-8 18
4. ინტერი 8 6 0 2 13-6 18
5. რომა 8 4 2 2 18-13 14
6. ფიორენტინა 8 3 3 2 9-7 12
7. კატანია 8 3 2 3 9-13 11
8. სამპდორია 8 3 2 3 10-10 10
9. ტორინო 8 2 4 2 9-5 9
10. ჯენოა 8 2 3 3 10-12 9
11. უდინეზე 8 2 3 3 8-11 9
12. პარმა 8 2 3 3 8-11 9
13. კალიარი 8 2 2 4 5-11 8
14. ატალანტა 8 3 1 4 7-12 8
15. მილანი 8 2 1 5 9-10 7
16. ბოლონია 8 2 1 5 9-11 7
17. პესკარა 8 2 1 5 6-15 7
18. კიევო 8 2 1 5 7-15 7
19. პალერმო 8 1 3 4 6-11 6
20. სიენა 8 2 2 4 9-10 2
შენიშვნა: სიენა -6 ქულა, ატალანტა -2, სამპდორია -1, ტორინო -1.

ბომბარდირები
6 - კავანი (ნაპოლი), კლოზე (ლაციო); 5 - ჯილარდინო (ბოლონია), იოვეტიჩი (ფიორენტინა), ერნანესი (ლაციო), ელ შაარავი (მილანი), კასანო (ინტერი).

მომდევნო ტური
27 ოქტომბერი
სიენა-პალერმო, მილანი-ჯენოა;

28 ოქტომბერი
კატანია-იუვენტუსი, ფიორენტინა-ლაციო, პესკარა-ატალანტა, ბოლონია-ინტერი, სამპდორია-კალიარი, ტორინო-პარმა, რომა-უდინეზე, ნაპოლი-კიევო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სერია A. VIII ტური: ტურინის "იუვენტუსმა" არც "ნაპოლი" დაინდო
მკითხველის კომენტარები / 3 /
კარერა სად იყო? ანჯელო ალესიო დაბრუნდა წინა თამაშში და ამგი ხელმძღვანელობდა გუნდს
konte
16:49 23-10-2012
0
კარერა აღარ ალესიო იყო მაგ თამაშში მწვრთნელი და სწორი ცვლილებებიც მან გააკეთა. ( არ გეკადრებათ რა ესეთი შეცდომა.)
bakomo
23:28 26-10-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული