ლუიჯი დელ ნერი - კაცი, რომელმაც "ვირები" აფრინა

AutoSharing Option
"ჯენოას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე 62 წლის სპეციალისტი ლუიჯი დელ ნერი დაინიშნა, რომელიც ბოლოს ტურინის "იუვენტუსს" ედგა სათავეში.

საერთოდ, დელ ნერიმ "კიევოში" მუშაობით გაითქვა სახელი, როდესაც ოთხ წელიწადში ქვედა ლიგებიდან გუნდი ელიტაში აიყვანა და მაღალი მიზნებისთვის აბრძოლა.

ყველას კარგად გვახსოვს, თუ როგორ აალაპარაკეს "მფრინავმა ვირებმა" მთელი ევროპა და იმ წარმატების მთავარი შემოქმედი სწორედ დელ ნერი გახლდათ.

თუმცა, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა - სენიორ ლუიჯიმ უამრავი გუნდი გამოიცვალა, თუმცა განსაკუთრებულ წარმატებას ვერსად მიაღწია.

ბოლო ერთი წელი, სულაც უსაქმოდ გახლდათ და როგორც
თავად აცხადებს, ამ პერიოდში არაერთ წინადადებაზე განაცხადა უარი.

თუმცა, უმჯობესია, რომ "რაი სპორტისთვის" მიცემულ მის ინტერვიუს გავეცნოთ და ყველაფერზე თავად დელ ნერი ისაუბრებს...

- გილოცავთ დაბრუნებას, ალბათ ენთუზიაზმით ხართ აღსავსე...
- სიმართლე გითხრათ, "ჯენოადან" შემოთავაზება ჯერ კიდევ გასული სეზონის შუაში მქონდა, მაგრამ მაშინ უარი განვაცხადე. დასვენება მჭირდებოდა და მყარად მქონდა გადაწყვეტილი, რომ ფეხბურთს მხოლოდ ზაფხულში დავუბრუნდებოდი.

ისე მოხდა, რომ მაინც და მაინც ზაფხულს არ მქონდა საინტერესო შემოთავაზებები და ახალი სეზონი უჩემოდ დაიწყო. დღეს, მართლაც ენთუზიაზმით ვარ აღსავსე, რადგან შესანიშნავ გუნდს ჩავუდექი სათავეში და ჩემს განკარგულებაში არაერთი ბრწყინვალე ფეხბურთელია.

- მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ალბათ ბევრ წინადადებაზე თქვით უარი...
- "ჯენოას" შესახებ უკვე გითხარით და სხვა შემთხვევებზე დაკონკრეტებას მოვერიდები. მთელი სეზონის განმავლობაში მქონდა შემოთავაზებები, მაგრამ ერთი წელი დასვენება მქონდა გადაწყვეტილი.

მოვლენათა განვითარებით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ, რადგან "ჯენოა" ერთ-ერთი იმ კლუბთაგანია, სადაც სიამოვნებით ვიმუშავებდი და ვიმუშავებ კიდეც.

- 2009-2010 წლების სეზონში, "სამპდორიას’ ედექით სათავეში, რის გამოც შესაძლოა "ჯენოას" გულშემატკივრებმა ცივად მიგიღონ...
- "სამპდორიას" მთავარი მწვრთნელი ვიყავი და ეს ის რეალობაა, რომელსაც ვერსად გავექცევით. ან რატომ უნდა გავექცეთ, როდესაც ამით არაფერი დამიშავებია. "ჯენოას’ ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი, მაშინაც კი, როდესაც "სამპას" ვწვრთნიდი.

პირველ რიგში, პროფესიონალი ვარ და ასეთ საკითხებს არ ვაქცევ დიდ ყურადღებას. არა მგონია, რომ "ჯენოას" გულშემატკივრებმა ამის გამო ამითვალწუნონ, ეს უსამართლობა იქნება.

- რა მიზნებს ისახავთ "ჯენოას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე?
- "ჯენოას" პრეზიდენტს ყოველთვის ამბიციური მიზნები ჰქონდა და ასეა ამჯერადაც. მისი სურვილია, რომ გუნდი განვითარების ახალ ეტაპზე ავიყვანოთ და გარკვეული დროის შემდეგ, გრანდად ვაქციოთ. დიახ, გეგმები ძალიან დიდია, რომელთა შესრულება სულაც არ არის უტოპია.

თუ ბოლო წლებს გადავავლებთ თვალს, ენრიკო პრეციოზი ხუთეულშია იმ პრეზიდენტების, რომლებმაც კლუბს ყველაზე მეტი თანხა დაახარჯეს. სამწუხაროდ, აქამდე ეს ნაკლებად ფასდებოდა და იმედი მაქვს, ყველაფერი შეიცვლება.

- ეს ზოგადად, მაგრამ მიმდინარე სეზონში რა არის თქვენი პროგრამა-მაქსიმუმი?
- როდესაც ჩემპიონატის დაწყებიდან მხოლოდ რვა ტურია გასული, ძნელია პროგრამა მაქსიმუმზე და მინიმუმზე ლაპარაკი. მით უმეტეს, როდესაც ჯერ არ იცნობ გუნდს და ზუსტად არ იცი ფეხბურთელთა შესაძლებლობები.

ნებისმიერ შემთხვევაში, ევროსაგზურისთვიოს ბრძოლა შეგვიძლია და ამაში აქედანვე ღრმად ვარ დარწმუნებული. ბუნებრივია, ელიტაში ადგილის შენარჩუნება არც კი დგას დღის წესრიგში. სატურნირო ცხრილში მეათე ადგილზე ვართ, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო ზემოთ ავიხედოთ და მაღალ ადგილებს დავუმიზნოთ.

- "ჯენოა" მე-15 გუნდია, რომელსაც სათავეში ჩაუდექით, ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს მეტისმეტია?
- კი, მაგრამ რისთვის მეტისმეტი? კითხვის არსი ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. შესაძლოა, ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს, მაგრამ ამით, ნამდვილად არაფერი დაშავდება. რა თქმა უნდა, დასაფასებელია, როდესაც ადამიანი ერთ გუნდს მიუძღვნის მთელ კარიერას, ან სულაც მთელ ცხოვრებას, მაგრამ ყველა ასე ვერ იქნება.

ძალიან დიდ პატივს ვცემ ალექს ფერგიუსონს, მაგრამ მას თავისი ცხოვრება აქვს. დამიჯერეთ, მე არანაირი შანსი არ მაქვს და არც მქონია, რომ ერთ გუნდში ათწლეულების განმავლობაში მემუშავა. ჩემი ამბავი რომ ვიცი, 20-30 წელი მხოლოდ ერთი ადამიანი თუ გამიძლებდა და ეს ადამიანი ჩემი მეუღლეა.

- როგორ ფეხბურთს ითამაშებს თქვენი "ჯენოა"?
- ჯერ ფეხბურთელებს კარგად უნდა გავეცნო და ამაზე პასუხიც შემდეგ მეცოდინება. კაგად მესმის, რომ დრო მცირე მაქვს და გადაწყვეილებები მყისვე უნდა მივიღო, მაგრამ ზედმეტი სიჩქარე მაინც არ ივარგებს.

პირველი შთაბეჭდილებით, გუნდს საკმაოდ დიდი შემტევი პოტენციალი აქვს, რაც ბოლომდე უნდა გამოვიყენოთ. ჩემი გუნდები ხშირად თამაშობდნენ დაცვაზე ორიენტირებულ ფეხბურთს, მაგრამ ვგონებ, "ჯენოაში" სხვაგვარად იქნება.

- რას ეტყვით "ჯენოას" გულშემატკივრებს, რომლებიც თქვენგან ისეთივე სასწაულს ელოდებიან, როგორიც ვერონაში მოახდინეთ...
- "კიევოში" გატარებულ პერიოდს ხშირად მახსენებენ, რაც სიმართლე გითხრათ, აღარ მსიამოვნებს. ეს რაღაცით იმას გავს, როდესაც მომღერალს მუდმივად საუკეთესო ჰიტის შესრულებას სთხოვენ, მას კი ახალი სიმღერის გაჟღერება სურს.

მინდა, რომ "ჯენოაში" კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიო და ამ გუნდის ისტორიაში ადგილი დავიმკვიდრო.

თანაც, ამ გუნდს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს და თუნდაც ევროსაგზურის მოპოვება, ისეთ სასწაულად ვერ ჩაითვლება, როგორც ეს "კიევოში" მუშაობისას იყო. "ჯენოას" მეტი შეუძლია და ჩვენ ამ მეტისთვის ვიშრომებთ. ერთხელ მითხრეს, თქვენ ხოიმ ის კაცი ხართ, ვინც ვირები გააფრინა... მინდა, რომ რაღაც განსაკუთრებული "ჯენოაშიც" შევქმნა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული