"მილანში" მასიმილიანო ალეგრი შესაძლოა ფრანკ რაიკაარდმა შეცვალოს

AutoSharing Option
"მილანზე", პრაქტიკულად, ყოველდღე გვიწევს წერა, მაგრამ სხვაგვარად არ გამოდის, რადგან ლომბარდიული გრანდის თავს განსაკუთრებული ამბები ხდება...

თავად განსაჯეთ, სეზონის დაწყებიდან "მილანმა" 11 შეხვედრა გამართა და 6 წააგო, რაც კატასტროფული შედეგია.

მართალია, ბევრის აზრით, ამაში მასიმილიანო ალეგრი ნაკლებად არის დამნაშავე, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ კლუბის მესვეურებმა გამოსავალი უნდა იპოვონ. გამოსავალი კი ისევ მწვრთნელის შეცვლა თუ იქნება და დიდია შანსი, ასეც მოხდეს...

"კორიერე დელო სპორტის" მტკიცებით, "მალაგასთან" მარცხი "მილანის" მესვეურებისთვის ბოლო წვეთი გამოდგა და მათ უკვე მყარად აქვთ გადაწყვეტილი, რომ უახლოეს დღეებში
ალეგრი სხვა სპეციალისტით ჩაანაცვლონ.

თუ აქამდე ყველაზე ხშირად პეპ გვარდიოლაზე ლაპარაკობდნენ, 25 ოქტომბერს წინა პლანზე ფრანკ რაიკაარდის გვარმა წამოიწია, რომელიც ამჟამად საუდის არაბეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობს.

50 წლის ჰოლანდიელი საუკეთესო პერიოდში სწორედ "როსონერის" ღირსებას იცავდა და ამ გუნდის ლეგენდად მიიჩნევა.

რაც შეეხება მის სამწვრთნელო კარიერას, ყველაზე წარმატებულად "ბარსელონაში" იმუშავა - მართალია, კატალონიელებს ცნობილი ტიკი-ტაკას თამაში მის ხელში არ დაუწყიათ, მაგრამ რამდენიმეწლიანი კრიზისი კი ნამდვილად ჰოლანდიელის თავკაცობით დაძლიეს და ტიტულებიც უხვად მოიხვეჭეს.

კულმინაცია 2005/2006 წლების სეზონი გახლდათ, როდესაც "ბარსამ" ჩემპიონთა ლიგის ფინალში "არსენალი" დაამარცხა და ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტიტულს მეორეჯერ დაეუფლა.

"კორიერეს" მტკიცებით, რაიკაარდმა "მილანის" მესვეურებს თანამშრომლობის სურვილი უკვე დაუდასტურა და დანარჩენი უახლოეს მომავალში გამოჩნდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული