"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა 10-თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო და მართალია, მას შემდეგ მუდმივად ელოდება სასჯელის მინიმუმ, განახევრებას, ჯერ კიდევ ძველი მუხლით იხდის დისკვალიფიკაციას.
10 თვე მთელი სეზონია და "იუვეს" მესვეურები იმაზეც კი დაფიქრდნენ, რომ ამ ერთი სეზონით გუნდში რომელიმე კვალიფიციური მწვრთნელი მიეყვანათ. საბოლოოდ, ამ განზრახვაზე ხელი აიღეს და განაცხადეს, რომ თამაშებზე გუნდს კონტეს მარჯვენა ხელი ანჯელო ალესიო გაუძღვებოდა.
მალე გაირკვა, რომ ეს უკანასკნელიც გარეული იყო გარიგებულ
დაბნეულმა ტურინელებმა გუნდი რანგით მესამე მწვრთნელს, მასიმო კარერას გადააბარეს, რომელსაც კონტეს დახმარება უფრო ტექნიკურ საკითხებში ევალებოდა.
დაახლოებით ორი კვირის წინ მასიმო კარერას ძველი ცოდვები ამოუქექეს და ორი გოგონას გაუფრთხილებელ მკვლელობაში ბრალი დაუმტკიცეს. საქმე ავარიას ეხება, სადაც სამი მანქანა მონაწილეობდა და ერთ-ერთის მძღოლი სწორედ "იუვეს" მესაჭე გახლდათ.
"იუვეს" მესვეურებმა ეს ამბავი არ შეიმჩნიეს და განაცხადეს, რომ კარერა ჩვეულებრივად გააგრძელებდა მუშაობას.
მერვე ტურის, ანუ "ნაპოლისთან" მატჩის წინ, ანჯელო ალესიოს დისკვალიფიკაციის ვადა გაუვიდა და ტურინელებმა განაცხადეს, რომ "იუვეს" თამაშებზე მწვრთნელთა ტანდემი გაიყვანდა ალესიოსა და კარერას შემადგენლობით.
სამიოდე დღის წინ კარერას სამართალდამცავმა ორგანოებმა ქვეყნის დატოვება აუკრძალეს, რამაც მისი მწვრთნელად სრულყოფილად მუშაობა შეუძლებელი გახადა...
"კატანიასთან" მატჩის წინ "იუვეს" მესვეურებმა განაცხადეს, რომ გუნდს თამაშებზე მხოლოდ ანჯელო ალესიო გაიყვანს და დღეიდან ის იქნება ანტონიო კონტეს შემცვლელი. to be continued…
სიცილიური ვნებები
ვინც არ უნდა იყოს "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი, ეს გუნდი იგებს და ჯიუტად მიიწევს მორიგი სკუდეტოსკენ. მართალია, ჩემპიონობაზე ლაპარაკი ჯერ ძალიან ადრეა, მაგრამ "ვეკია სენიორა" რომ ტურიდან ტურამდე ფავორიტის სტატუსს იმტკიცებს, ეს ფაქტია.
გასულ უქმეებზე "ბიანკონერი" სიცილიას ესტუმრა და ადგილობრივი "კატანია" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა, 1:0.
შეხვედრა სკანდალური გამოდგა, რადგან არბიტრებმა ორჯერ მიიღეს ტურინელთათვის სასურველი მეტად საეჭვო გადაწყვეტილება - ერთხელ, როდესაც არტურო ვიდალის გოლი ჩათვალეს და მეორედ, როდესაც "კატანიას" გოლი გააუქმეს.
გასაკვირი არაა, რომ ნამატჩევს სიცილიელთა პრეზიდენტი ანტონიო პულვირენტი აღშფოთებული გახლდათ:
"უკვე მესამედ ხდება, რომ მსაჯები გვჩაგრავენ. არადა, ჩემპიონატის სტარტიდან მხოლოდ ცხრა ტურია გასული. ზუსტად ასე მოგვექცნენ "პარმასთან" და "ინტერთან" პაექრობების დროსაც.
რა უნდა ვქნათ, გავჩუმდეთ და ასეთი უსამართლობა მშვიდად მივიღოთ? - ყველამ დავინახეთ, რომ არბიტრებმა ჩვენი გოლი ჩათვალეს, თუმცა შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალეს. აშკარაა, მათ ტურინელთა ზეწოლას ვერ გაუძლეს, რომლებმაც პროტესტი ხმაურიანად გამოხატეს.
კარგად დავინახე, ლაინსმენთან სიმონე პეპე და ემანუელე ჯაკერინი მიიჭრნენ, რის შემდეგაც მან ალამი აღმართა, თითქმის 20 წამის დაგვიანებით.
ეს აღმაშფოთებელია და კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ იტალიურ ფეხბურთში ყველაფერი რიგზე ვერ არის".
უცნაური ალეგრი და გალიანი
"მილანმა" მოიგო და მასიმილიანო ალეგრიმ ჟურნალისტებს, რომლებშიც სავარაუდოდ კრიტიკოსები ამოიცნო, აქეთ შეუტია. ლომბარდიული გრანდის მთავარი მწვრთნელის თქმით, მთელი ეს პერიოდი მას უსაფუძვლოდ აკრიტიკებდნენ და ამაში ყველა ძალიან მალე დარწმუნდება.
მოკლედ, ალეგრიმ მუშტები ატრიალა და კონკურენტებსაც დაემუქრა. საკითხავი მხოლოდ ისაა, ვის მოიაზრებს კონკურენტებში სენიორ მასიმილიანო? - სკუდეტოსთვის მებრძოლ გუნდებს, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მაძიებლებს თუ საერთოდ, ევროპის ლიგაზეა ლაპარაკი? - ამ კითხვით ჟურნალისტებმა უკვე ადრიანო გალიანის მიმართეს და მისი აღშფოთება გამოიწვიეს:
"ევროპალიგა? - არა, ასეთ მაღალ ადგილებს ნამდვილად ვერ დავუმიზნებთ, ჩვენი მიზანი ელიტაში ადგილის შენარჩუნებაა და იმედია, ეს მაინც გამოგვივა".
ასეთი აღშფოთებული გალიანი არავის უნახავს - არადა, "მილანმა" როგორც იქნა, მოიგო და წესით, გაცილებით უკეთეს ხასიათზე უნდა ყოფილიყო. მეორე მხრივ, "როსონერის" თამაშმა კიდევ ერთხელ დატოვა უამრავი კითხვის ნიშანი. რაც არ უნდა ილაპარაკოს ალეგრიმ აღმასვლაზე, ფაქტია, რომ "მილანი" "ჯენოას" ბევრ ვერაფერში ჯობდა.
მაგალითად, კარის ჩარჩოში მასპინძლებმა მხოლოდ ორჯერ დაარტყეს, მაშინ, როდესაც სტუმრებმა სამჯერ შეაწუხეს მარკო ამელია. ამასთან, ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი "მილანელებმა" წესების დარღვევით გაიტანეს - დიახ, ინაციო აბატემ ბურთი თამაშგარე მდგომარეობაში მიიღო და მხოლოდ შემდეგ გააკეთა საგოლე გადაცემა.
იტალიელი ჟურნალისტები მასიმილიანო ალეგრის და ადრიანო გალიანის დამშვიდებას ურჩევენ... "კატანიასთან" მატჩის შემდეგ ერთიც და მეორეც უცნაურად მოიქცნენ, რადგან აგრესიული ალეგრი და ცინიკოსი გალიანი აქამდე არავის ენახა.
არადა, "მილანმა" მოიგო და წესით, კარგ ხასიათზე უნდა ყოფილიყვნენ. პრინციპში, მიმდინარე სეზონში თვითონ "მილანია" უცნაური.
ზემანის სტილი
ზდენეკ ზემანი ჩვეულ სტიქიაშია, "რომასგან" ისეთ გუნდს აკეთებს, რომლის პროგნოზირება ურთულესი საქმეა.
თავად განსაჯეთ, უკვე მეორე საშინაო თამაშია, დედაქალაქელები ორბურთიან უპირატესობას ანიავებენ და მარცხდებიან.
გახსოვთ, ალბათ, "ჯალოროსი" "ბოლონიას" 2:0-ს უგებდა, როდესაც ალბერტო ჯილარდინომ გაიგიჟა თავი და საბოლოოდ, ის შეხვედრა სტუმრებმა 3:2 მოიგეს.
ზუსტად ანალოგიური განმეორდა გასულ უქმეებზე, როდესაც უკვე ანტონიო დი ნატალემ გაიბრწყინა და "უდინეზეს" ზუსტად იგივე სცენარით გაამარჯვებინა. ამ ორ პაექრობას შორის იყო გენუური მატჩი, სადაც "რომა" 2:0-ს აგებდა და ის მატჩი 4:2 მოიგო.
მოკლედ, "ჯალოროსი" არავითარ ლოგიკას არ ექვემდებარება, ზემანი კი აცხადებს, რომ მისი გუნდის მთავარი პრობლემა არასტაბილურობაა:
"თითქმის ყველა შეხვედრაშია დაახლოებით ნახევარსაათიანი მონაკვეთი, როდესაც ზუსტად იმ ფეხბურთს ვთამაშობთ, რომლის ხილვაც მე მსურს. ასე იყო "უდინეზესთან" პაექრობაშიც და სწორედ მაშინ გავიტანეთ ის ორი გოლი.
მთავარია, უმაღლეს დონეზე მთელი 90 წუთი ვითამაშოთ და თუ ამას მივაღწიეთ, ჩვენი გამჩერებელი არავინ იქნება. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ასეც მოხდება".
ციფრები და ფაქტები
* ანტონიო დი ნატალეს "რომას" კარში 14 გოლი აქვს გატანილი. ასეთი შედეგი მას სხვა არც ერთ გუნდთან არ აქვს.
* სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში "ინტერი" ერთადერთი გუნდია, რომელმაც ყველა მატჩი მოიგო გასვლაზე.
* "რომას" თავდამსხმელმა ერიკ ლამელამ პირველი დუბლი შეასრულა სერია A-ში.
* სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში გატანილი 10 გოლიდან ნახევარი "მილანმა" თამაშის ბოლო 15 წუთში გაიტანა.
* "ჯენოას" "მილანთან" გასვლითი მატჩი 54 წელია არ მოუგია.
* "ჯენოას" მოუგებელი მატჩების რიცხვმა 5-ს მიაღწია.
* "იუვენტუსის" მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა მე-500 მატჩი ჩაატარა იტალიის ჩემპიონატში.
* "იუვენტუსს" "კატანიასთან" გასვლითი მატჩი 1964 წლის შემდეგ არ წაუგია.
* "ინტერს" "ბოლონიასთან" 2002 წლის თებერვლის შემდეგ არ წაუგია.
* ყვლა ტურნირის გათვალისწინებით, "ინტერმა" მიჯრით მე-7 მატჩი მოიგო.
* დიეგო მილიტომ მე-100 მატჩი ჩაატარა "ინტერის" მაისურით სერია A-ში და 55-ე გოლი გაიტანა.
* "ფიორენტინას" საკუთარ მოედანზე 9 თამაშია არ წაუგია და 442 წუთია, გოლი არ გაუშვია.
* სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში "ატალანტამ" პირველი ქულა აიღო გასვლაზე.
* "სამპდორიას" 16 სექტემბრის შემდეგ არ მოუგია.
* "ტორინოს" "პარმასთვის" 2002 წლის შემდეგ არ მოუგია.
* მიგელ ბაშამ "ტორინოდან" და ნიკოლა სანსონემ "პარმადან", პირველი გოლები გაიტანეს სერია A-ში.
* სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში "პარმამ" პირველი გასვლითი მატჩი მოიგო.
* სიმონე ვერგასოლამ მე-300 მატჩი გამართა "სიენას" შემადგენლობაში.
* "პალერმოს" გასვლითი მატჩი აპრილის შემდეგ არ მოუგია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
იტალია. სერია A. IX ტური: "იუვენტუსი", როგორც ყოველთვის...