სერია A. IX ტურის წინ: "იუვენტუსმა" კვლავ პირი ამოიკერა

AutoSharing Option
"იუვენტუსის" სიცილიაზე სტუმრობა სკანდალური გამოდგა - ტურინულმა გრანდმა მოიგო, მაგრამ ვაი ასეთ მოგებას... მატჩის არბიტრებმა სიცილიელებს წესების დაცვით გატანილი გოლი არ ჩაუთვალეს, ტურინელებს კი პირიქით, წესების დარღვევით გატანილი ჩაუთვალეს.

მოკლედ, "კატანია" აშკარად დაიჩაგრა, თუმცა კუნძულელთა ჩაგვრაზე მეტად აქ "იუვეს" დახმარების თემაა აქტუალური. პრესაში უკვე ისიც დაიწერა, რომ არსებული ვითარება "კალჩოპოლამდე" პერიოდს ჰგავს, როდესაც არბიტრები გამუდმებით "ვეკია სენიორას" სასარგებლოდ ცდებოდნენ.

ყოველივე ამან ტურინელთა აღშფოთება გამოიწვია და შედეგად, მათ ბოიკოტი გამოუცხადეს მასმედიას. თუმცა ბოიკოტამდე ბოლო კომენტარი კლუბის სპორტულმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ გააკეთა:

"მსაჯები ხშირად ცდებიან და ამ შეცდომებს ხან ერთი გუნდის ინტერესები ეწირება, ხან მეორის. ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით, რომ არბიტრები "იუვეს" ეხმარებიან და ამის ხარჯზე ვაღწევთ წარმატებას.

კი ბატონო, გასულ სეზონში ყველაზე ხმაურიანი ეპიზოდი სალი მუნტარის ჩაუთვლელი გოლი იყო და მაშინაც ჩვენი მეტოქე დაზარალდა, მაგრამ მთლიანი ჩემპიონატის ბედს ერთი და ორი მომენტი ნამდვილად ვერ გადაწყვეტს.

ვიყოთ ობიექტურები, "იუვენტუსი" დღეს საუკეთესოა და იმიტომ უდგას სატურნირო ცხრილს სათავეში. გარკვეული დროით ჩვენ ვწყვეტთ თანამშრომლობას მედიასთან, რათა გუნდის მწვრთნელ-ფეხბურთელებს აბსურდულ კითხვებზე არ მოუწიოთ პასუხის გაცემა. არ გვსურს, თავი ვიმართლოთ იმაზე, რაც ჩვენი ბრალი არაა".

"იუვენტუსის" მესვეურებმა პრესას ბოიკოტი გამოუცხადეს და შესაბამისად, ტურინელთა მხრიდან არც წინასამატჩო კომენტარები გაკეთებულა.

"იუვენტუსი" "ბოლონიას" უმასპინძლებს და შეეცდება, მორიგი სამი ქულა ჩაიწეროს აქტივში. ამჯერად ტურინელები სებასტიან ჯოვინკოსა და ალესანდრო მატრის ტანდემით შეუტევენ, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება.

კავანის გარეშე
"კიევოსთან" "ნაპოლიმ" ედინსონ კავანის გარეშე ითამაშა, რაც ნეაპოლურ გუნდს ძალიან დაეტყო. სამხრეთელები მთელი 90 წუთის განმავლობაში დასტრიალებდნენ ვერონელთა საჯარიმოს, მაგრამ შეტევების დამაგვირგვინებელი არსად ჩანდა.

საბოლოოდ, მარეკ ჰამშიკმა ითავა ლიდერობა და ის კინკილა გოლი შეაგდო, რომელმაც ვალტერ მაცარის გუნდს უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა.

31 ოქტომბერს "ნაპოლი" "ატალანტას" ესტუმრება და ედინსონ კავანი ალბათ ისევ ვერ ითამაშებს... ურუგვაელმა ტრავმა მოიშუშა და მწვრთნელის განკარგულებაში დაბრუნდა, თუმცა სულ ბოლო ინფორმაციით, ფეხში ტკივილები ისევ იგრძნო. არადა, ედინსონთან ერთად მიზნის მიღწევა ბევრად უფრო ადვილია და სწორედ ამაზე ისაუბრა წინასამატჩოდ სენიორ ვალტერმა:

"კავანის ისევ აწუხებს ფეხი და "ატალანტას" წინააღმდეგ ალბათ ვერ ითამაშებს. "კიევოსთან" კარგად ვუტევდით, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში რაღაც გვაკლდებოდა...

ეს რაღაც სწორედ კავანის საგოლე ალღო და უზუსტესი დარტყმები გახლდათ. "ატალანტა" აუცილებლად შეუტევს და დაცვაში ყურადღებით გვმართებს თამაში.

ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი გვიდგას, ან გავაგრძელებთ ბრძოლას სკუდეტოსთვის და არ მივცემთ "იუვეს" წინა გაჭრის საშუალებას, ან ევროსაგზურისთვის მებრძოლ გუნდებში გავერევით. ყველანი მოტივირებულნი ვართ და მჯერა, რომ ჩვენი მიზანი ჩემპიონატის ბოლომდე სკუდეტოს მოპოვება იქნება".

კავანი, სავარაუდოდ, ვერ ითამაშებს, რაც იმას ნიშნავს, რომ შეტევის წინა ხაზზე გორან პანდევს ისევ ლორენცო ინსინიე შეუწყვილდება.

ფორვარდთა უკან მარეკ ჰამშიკი იასპარეზებს, რომელმაც წინა ტურში სამი ქულის მომტანი გოლი გაიტანა. ბერგამოელებმა წინა ტურში პირველი გასვლითი ქულა აიღეს და ხასიათს არ უჩივიან. ვნახოთ...

სტრამაჩონის როტაცია

"ინტერმა" მიჯრით მოიგო შეხვედრები, ანდრეა სტრამაჩონიმ კი იმდენად გაიმყარა პოზიციები, რომ თამამ ნაბიჯებს უმატა... მაგალითად, როტაციას მიჰყო ხელი და წინა ტურში სათადარიგო სკამზე თვით ანტონიო კასანო დასვა, რომელიც მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ ასპარეზობს.

"ბოლონიასთან" დიეგო მილიტოსა და როდრიგო პალასიოს ტანდემმა აშკარად გაამართლა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ანდრეა გამარჯვებულ შემადგენლობას არ შეცვლის... "გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, "სამპდორიასთან" მატჩისთვის ძირითადში ანტონიო კასანო დაბრუნდება და თადარიგში უკვე პალასიო გადაინაცვლებს.

აი ასეა, სტრამაჩონი ფრთებს შლის, როტაციას თამამად მიმართავს და არც ექსპერიმენტებს ერიდება. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ექსპერიმენტის შედეგი გახლავთ ის, რომ დღეს მილანური გრანდი 3-5-2 ტაქტიკით ასპარეზობს. საინტერესოა, გაგრძელდება თუ არა "ინტერის" წარმატებული სერია.

სერია A. IX ტური
31 ოქტომბერი
ატალანტა-ნაპოლი 23.45
დისკვალიფიკაცია: ჩიგარინი, პელუზო (ატალანტა).
ტრავმა: ფერი, რადოვანოვიჩი, ფერეირა პინტუ, კაპელი - ცუნიგა.
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 24 თამაში: +7=10-7, (25-22)

კალიარი-სიენა 23.45
დისკვალიფიკაცია: ლარონდო, ვიტიელო, ტერცი, ბელმონტე (სიენა).
ტრავმა: პინილია - მარტინესი, როდრიგესი.
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 22 თამაში: +5=8-9, (19-26)

კიევო-პესკარა 23.45
დისკვალიფიკაცია: ვაჩეკი (კიევო).
ტრავმა: სკუიცი, პალოსკი, სარდო, ცეზარი - კრეშენცი, საველონი, ტერლიცი, ჯონატასი, ბრუგმანი.
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +1=3-4, (8-13)

ინტერი-სამპდორია 23.45
დისკვალიფიკაცია: ჟუან ჟესუსი (ინტერი).
ტრავმა: კოუტინიო, ობი, მარიგა, სნეიდერი, კივუ, სტანკოვიჩი - პოცი, კრსტიჩიჩი, მასკარა, მაქსი ლოპესი.
ბოლო 6 მატჩი
+5=0-1 +0=2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 32 თამაში: +14=12-6, (45-31)

იუვენტუსი-ბოლონია 23.45
დისკვალიფიკაცია: ვიდალი - პორტანოვა, დიამანტი.
ტრავმა: პერესი, კურჩი, სტოიანოვიჩი, ნატალი, აკვაფრესკა, ხიმენესი (ბოლონია).
ბოლო 6 მატჩი
+5=1-0 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 29 თამაში: +19=8-2, (47-25)

ლაციო-ტორინო 23.45
დისკვალიფიკაცია: სკული, ლედესმა, ერნანესი - სანსონე.
ტრავმა: სტანკევიჩუსი, რადუ, ედერსონი, მარკეტი - სუჩი, სანტანა.
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 20 თამაში: +9=7-4, (32-18)

პარმა-რომა 23.45
დისკვალიფიკაცია: ტაჩტიდისი, გუბერტი (რომა).
ტრავმა: სანტაკროჩე, გალოპა - ბალცარეტი, ლობონტი, ტადეი.
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 38 თამაში: +5=9-24, (28-70)

უდინეზე-კატანია 23.45
დისკვალიფიკაცია: ლეგროტალიე, მარკეზე (კატანია).
ტრავმა: მურიელი, ბასტა, ბენეტია, ბადუ, პასკუალე, პინცი - კეკო, ტერაჩანო, აუგუსტინი, შაკა.
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 14 თამაში: +7=2-5, (20-15)

1 ნოემბერი
ჯენოა-ფიორენტინა 23.45
ტრავმა: როსი, ანსელიმო, ფერონეტი, ვარგასი, ბორიელო - კამპორეზე.
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 თამაში: +3=6-6, (16-23)

სატურნირო ცხრილი
გუნდი
1 იუვენტუსი 9 8 1 0 20-4 25
2 ნაპოლი 9 7 1 1 15-5 22
3 ინტერი 9 7 0 2 16-7 21
4 ლაციო
9 6 0 3 15-10 18
5 ფიორენტინა
9 4 3 2 11-7 15
6 რომა 9 4 2 3 20-16 14
7 პარმა
9 3 3 3 11-12 12
8 უდინეზე
9 3 3 3 11-13 12
9 კალიარი
9 3 2 4 6-11 11
10 კატანია
9 3 2 4 9-14 11
11 მილანი
9 3 1 5 10-10 10
12 სამპდორია 9 3 2 4 10-11 10
13 ტორინო
9 2 4 3 10-8 9
14 ჯენოა 9 2 3 4 10-13 9
15 ატალანტა
9 3 2 4 7-12 9
16 პესკარა
9 2 2 5 6-15 8
17 ბოლონია
9 2 1 6 10-14 7
18 პალერმო
9 1 4 4 6-11 7
19 კიევო 9 2 1 6 7-16 7
20 სიენა
9 2 3 4 9-10 3

შენიშვნა: სიენა -6 ქულა, ატალანტა -2, სამპდორია -1, ტორინო -1.

ბომბარდირები: 6 - კავანი (ნაპოლი), კლოზე (ლაციო), ელ შაარავი (მილანი); 5 - ჯილარდინო (ბოლონია), იოვეტიჩი (ფიორენტინა), ერნანესი (ლაციო), კასანო (ინტერი), ოსვალდო (რომა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
არა რა, არ მოგბეზრდათ ეს ცილის წამება და წუწუნი? როგორც კი გუნდი წარმატებებს არღწევს უცებ რარაცას იგონებთ. ელ შაარავის გოლი ხო აი სუფტა იყო რა...შეუცდომელი მსაჯი გინახავთ სადმე? თითქმის ყველა ტამაშში, არაა ქ მნიშვნელობა იუვე თამაშობს, კატანია, ინტერი თუ ლაციო, სუ იქნება რაღაც შეცდომა. გუშინ თუ ინტერის თამაშს უყურეთ, ნახავდით რა "დამსახურებულად" მოიგო ინტერმ. ასე რომ შეეშვით რა იუვეს, დღეს მაინც შეგვეშვით და შეგვარგეთ ღირსეული პირველობა, სხვა თუ არაფერი იუბილარები ვართ :D :*
ninia-juve
10:53 01-11-2012
0

სიახლეები პოპულარული