იტალიელმა მსაჯებმა შეცდომებს უმატეს

AutoSharing Option
გავრცელებული აზრია, რომ ესპანელი მსაჯები ხშირად უშვებენ შეცდომებს და შესაბამისად, მათი კომპეტენცია ეჭვქვეშ დგას... თუმცა ბოლო დროს არც იტალიელი არბიტრები აკლებენ და მათ მიერ დაშვებული შეცდომები ხშირად ექცევა ყურადღების ცენტრში.

მაგალითად, წინა სეზონის ყველაზე ხმაურიანი ეპიზოდი სწორედ მსაჯის შეცდომას უკავშირდება - გახსოვთ, ალბათ, "მილანი"-"იუვენტუსის" მატჩში სალი მუნტარის 100%-იანი გოლი არ ჩაუთვალეს და შედეგად, "როსონერიმ" ორი ქულა დაკარგა.

არადა, ის მატჩი რომ "მილანს" მოეგო, "იუვეს" წაუგებელი სერია შეწყდებოდა და ამით ლომბარდიელები დიდ ფსიქოლოგიურ უპირატესობას მოიპოვებენ.

ბევრი თვლის, რომ გასული ჩემპიონატის ბედი
სწორედ იმ მატჩმა და კერძოდ, იმ შეცდომამ განაპირობა.

მთლად ასე მარტივად რომ არ არის საქმე, ეს ფაქტია, მაგრამ იმ შეცდომამ რომ "იუვეს" ერთ ქულაზე ბევრად მეტი შესძინა, ესეც ცხადია.

იტალიელი მსაჯების შეცდომები მიმდინარე სეზონში კიდევ უფრო გახშირდა - ჩემპიონატის დაწყებიდან მხოლოდ თერთმეტი ტურია გასული, არბიტრთა შეცდომების რიცხვი კი უპრეცედენტოდ მაღალია.

ისე გამოვიდა, რომ მიმდინარე სეზონშიც ყველაზე ხშირად "იუვენტუსის" სასარგებლოდ ცდებიან. თუნდაც დიდი იტალიური დერბი გავიხსენოთ, სადაც ტურინელებმა ანგარიში წესების დარღვევით გახსნეს.

არტურო ვიდალმა გოლი კვადვო ასამოას პასის შემდეგ გაიტანა, ამ უკანასკნელმა კი ბურთი თამაშგარე მდგომარეობაში მიიღო, რაც ლაინსმენის გარდა, ყველამ დაინახა.

მოკლედ, ტურინელებს საწუწუნო არაფერი აქვთ, მაგრამ სამაგიეროდ, სხვები გრძნობენ თავს დაჩაგრულად.

მაგალითად, "კატანიას" მეპატრონე მიიჩნევს, რომ მისი გუნდი მსაჯებმა ოთხ შეხვედრაში გაწირეს და რომ არა მათი შეცდომები, დღეს სიცილიური გუნდი ბევრად მაღლა იქნებოდა. დაახლოებით იგივე პათოსი აქვთ "სიენას", "ჯენოას" და "სამპდორიას" მესვეურებს.

ბუნებრივია, კოლეგებს არც "ნაპოლის" პრეზიდენტი ჩამორჩა და განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონში მსაჯებმა მისი გუნდი სარეკორდოდ ბევრჯერ დააზარალეს.

დიდი იტალიური დერბის შემდეგ იტალიელ არბიტრთა კომპეტენცია ეჭვქვეშ დააყენა "ინტერის" მფლობელმა მასიმო მორატიმ და დასძინა, რომ ამ პრობლემას სწრაფად მოგვარება სჭირდება.

თანამედროვე ტექნოლოგიები
ყველაფერ ამან იტალიური საფეხბურთო სამყარო ორად გახლიჩა - ნაწილი მიიჩნევს, რომ აპენინელი მსაჯები ძალიან ჩამორჩნენ ფეხბურთის განვითარებას და სპორტის უპირველეს სახეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა სწორედ კალჩოდან უნდა დაიწყოს.

ამ იდეას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, მათ შორის, ცნობილი იტალიელი მწვრთნელი ნევიო სკალა, რომელიც დღეს ექსპერტის სტატუსით სარგებლობს და ხშირად ახმოვანებს საკუთარ მოსაზრებებს სხვადასხვა საკითხზე:

"არ მესმის, რატომ ვდავობთ ამდენს მსაჯის შეცდომებზე, როდესაც თავისუფლად შეგვიძლია, რომ ფეხბურთში თანამედროვე ტექნოლოგიები დავნერგოთ და ყველა პრობლემა მოვაგვაროთ.

ჩემი აზრით, ეს აუცილებლად უნდა მოხდეს და არა მარტო მაშინ, როდესაც კარის ხაზის გადაკვეთა დგას დღის წესრიგში, მაშინაც, როდესაც გოლი საეჭვო თამაშგარედან გადის.

ეს მხოლოდ რამდენიმე წამს წაიღებს და ვერ ვხვდები, რატომ ჰყავს ამ აზრს ამდენი მოწინააღმდეგე. ფაქტია, მსაჯობის ხარისხი ფეხბურთის საერთო დონეს ჩამორჩა და პრობლემებიც აქედან დაიწყო".

ნევიო სკალას კომენტარს "იუვენტუსის" სპორტული დირექტირი ჯუზეპე მაროტა გამოეხმაურა: "აბსურდია იმაზე საუბარი, რომ მსაჯობის დონე საერთო საფეხბურთო დონეს ჩამორჩა.

არბიტრები ადრეც ისევე უშვებდნენ შეცდომებს, როგორც დღეს. უბრალოდ, ძველად მსაჯთა გადაწყვეტილებების გადამოწმების ამდენი საშუალება არ არსებობდა.

ჩემი აზრით, არბიტრთა შეცდომები ფეხბურთის ისეთივე განუყოფელი ნაწილია, როგორც გოლი და შესაბამისად, ამ საკითხზე არ ვნერვიულობ. კარგი იქნება, თუ ფეხბურთს მივიღებთ ისეთს, როგორიც არის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლაინსმენი იუვეს მსაჯია მაგის... :@@
A.C.M
18:12 07-11-2012
0

სიახლეები პოპულარული