ადრიანო გალიანი: ნოემბერში ბევრი რამე გაირკვევა

AutoSharing Option
"კიევოსთან" დიდი ანგარიშით გამარჯვების შემდეგ "მილანმა" ცოტა თვალებში გამოიხედა, მაგრამ კრიზისის დაძლევაზე ლაპარაკი ჯერ მაინც ნაადრევია.

მით უმეტეს, მასიმილიანო ალეგრის შეგირდებმა ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ივარგეს და "მალაგასთან" საკუთარ მოედანზე მხოლოდ ქულას დასჯერდნენ.

სწორედ ესპანელებთან არცთუ სახარბიელოდ ჩატარებულმა მატჩმა გააღვივა საუბრები იმის შესახებ, რომ "მფრინავი ვირების" განადგურება ფრაგმენტული წარმატება იყო და არა რეალური წინსვლის მაჩვენებელი.

კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი მიიჩნევს, რომ ნოემბრის თვეში ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი:

"ნოემბერში ექვსი მატჩი გვიწევს, რომლებიც გაარკვევენ კიდეც, თუ რისთვის უნდა ვიბრძოლოთ მიმდინარე სეზონში. ძალიან
მნიშვნელოვანი ბატალიები გველოდება როგორც ეროვნულ ჩემპიონატში, ისე ჩემპიონთა ლიგაზე.

საბედნიეროდ, რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი გამოჯანმრთელდა, რომლებიც ფორმაში შედიან. თუნდაც ალეშანდრე პატო ავიღოთ, რომელმაც მორიგი ტრავმა მოიშუშა და მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაშია.

კარგი დროა იმისთვის, რომ კრიზისი საბოლოოდ დავძლიოთ და აღმავლობის გზას დავადგეთ. ჩვენ ვენდობით ალეგრის და გვჯერა მისი.

სხვა ნებისმიერ გუნდში მწვრთნელი უკვე გათავისუფლებული იქნებოდა, მაგრამ ჩვენ მოთმინებით გამოვირჩევით... წლების განმავლობაში სწორედ ამას მოჰქონდა წარმატება და ტრადიციას არ ვღალატობთ".


ამასობაში პრესას "მილანის" ცოცხალი ლეგენდა პაოლო მალდინი გაესაუბრა და გუნდში არსებულ ვითარებაზე გააკეთა კომენტარი:

"მილანურ გრანდში იმდენი წელი მაქვს გატარებული, რომ ჩემთვის უჩვეულო სიტუაცია, უბრალოდ, არ არსებობს. მახსოვს პერიოდები, როდესაც საერთოდ არ მიგვდიოდა თამაში და ყველაფერს ვაგებდით.

კარგად მესმის როგორც ალეგრის, ისე თითოეული ფეხბურთელის. მინდა გავამხნევო ისინი და დავარწმუნო იმაში, რომ დაღმასვლას აღმასვლა ცვლის და ეს ყოველთვის ასე იქნება.

გუნდი აუცილებლად ათამაშდება და შედეგიც გაუმჯობესდება. მართალია, სკუდეტოს მოპოვების იმედი უკვე აღარ მაქვს, მაგრამ სამეულში მოხვედრაც დიდი საქმე იქნება. ამასთან, ჩემპიონთა ლიგაზე ვასპარეზობთ, სადაც მაქსიმალურად შორს უნდა წავიდეთ".


"მილანთან" დაკავშირებით სატრანსფერო ცნობა გავრცელდა, რომლის თანახმადაც, მასიმილიანო ალეგრი ლუკა ჩიგარინის გადაბირებით არის დაინტერესებული.

26 წლის შუახაზელი "ატალანტას" ღირსებას იცავს და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ითვლება. ჩიგარინის პირადმა აგენტმა ჯოვანი ბიამ ეს ინფორმაცია დაადასტურა:

"ლუკა შესანიშნავად ასპარეზობს და არ მიკვირს, რომ მისით არაერთი გუნდია დაინტერესებული. აქამდე ყველაზე მეტად "ნაპოლის" მესვეურები აქტიურობდნენ, ბოლო დღეებში კი "მილანის" ვარიანტი გამოიკვეთა.

ლომბარდიელები ჩიგარინის გადაბირებას ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ფიქრობენ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

ჯერჯერობით თავად ლუკა მხოლოდ "ატალანტაზეა" კონცენტრირებული და სურს, რომ ბერგამოული გუნდის წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანოს".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული