ვისი ან რისი ბრალია "მილანის" ასეთი დაღმასვლა? მიზეზი და გამოსავალი

AutoSharing Option
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ევროპული მასშტაბით, სეზონის ყველაზე დიდი იმედგაცრუება ჯერჯერობით "მილანია" და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ბოლომდე ასე იქნება.

ფაქტია, რომ მასიმილიანო ალეგრის გუნდი სერია A-ში, მაქსიმუმ, ევროტურნირის საგზურს წაეპოტინოს, ეს კი ევროპული ფეხბურთის აღიარებული გრანდისთვის სანუკვარ მიღწევად ნამდვილად ვერ ჩაითვლება. ანუ, გაუთვალისწინებელ შემთხვევაში, ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით ასპარეზობა იგულისხმება, მაგრამ რთული წარმოსადგენია, რომ ამ ფორმაციის "მილანმა" ევროარენაზე გაიბრწყინოს.

მოკლედ, ლომბარდიული გრანდი არცთუ სახარბიელო მდგომარეობაშია და მთავარი კითხვა აქ ასე ჟღერს: ვისი ან რისი ბრალია "მილანის" ასეთი დაღმასვლა? რამ
გამოიწვია ის, რომ მუდმივად ვარსკვლავებით გაძეძგილ "როსონერის" დღეს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს თითქმის ყველა რგოლში?

ქვემოთ სწორედ ამ თემის ირგვლივ ვიტრიალებთ...

110 მილიონი ევრო
სილვიო ბერლუსკონი 20 წელზე მეტია, რაც "მილანს" უდგას სათავეში და ამ პერიოდში უამრავი ფული აქვს დახარჯული. თითქმის ყოველ ზაფხულს სატრანსფერო ფანჯრის მთავარი გმირი "როსონერი" და მისი პრეზიდენტი გახლდათ.

რა თქმა უნდა, არ გვავიწყდება ადრიანო გალიანი, რომელიც აგერ, უკვე მერამდენე წელია, კლუბის საქმეებს განაგებს. პირველად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, "მილანის" მესვეურებმა სატრანსფერო ფანჯარა მთლიანად ჩააგდეს და გაცილებით მეტი ფეხბურთელი გაუშვეს, ვიდრე შეიძინეს.

რით შეიძლება აიხსნას ეს ყველაფერი? თუ იტალიელ ექსპერტებს დავუჯერებთ, სილვიო ბერლუსკონის მადა გაეხსნა და ერთ ზაფხულს კოლოსალური ოდენობის თანხა იშოვა.

"მილანში" თაობათა ცვლის პროცესის კულმინაცია გასული ზაფხული გახლდათ, როდესაც გუნდი ერთბაშად რამდენიმე ვეტერანმა დატოვა. შეგვიძლია ჩამოვთვალოთ კიდეც მათი გვარები: ალესანდრო ნესტა, ჯანლუკა ძამბროტა, ჯენარო გატუზო, მარკ ვან ბომელი, კლარენს ზეედორფი, ფილიპო ინძაგი და ა.შ.

ამ ყველაფერმა "როსონერის" ბიუჯეტი გვარიანად ახეირა, რადგან თითოეული ვეტერანი საშუალოდ 4-5 მილიონ ევროს იღებდა წელიწადში.

დაახლოებით 30 მილიონი ევროს დაზოგვამ ბერლუსკონი აზარტში ჩააგდო და სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ორი საკვანძო ფეხბურთელი გაასაღა: ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ტიაგო სილვა. ორივეს სანაცვლოდ ლომბარდიული გრანდის ბიუჯეტი კიდევ 65 მილიონი ევროთი გაიზარდა და დაუმატეთ ამას ის სახელფასო დანაზოგი, რომელიც შვედის და ბრაზილიელის წასვლამ განაპირობა. ორივეს ერთად, სეზონურად 15 მილიონი ევრო სჭირდებოდა და ბერლუსკონის ეს პრობლემაც მოეხსნა.

დავუმატოთ ეს ყველაფერი ერთმანეთს და სახეზეა ერთ წელიწადში მიღებული და დაზოგილი თანხების ჯამი, რომელიც 110 მილიონ ევროს შეადგენს.

მართალია, ლომბარდიელებმა რამდენიმე ფეხბურთელი გადაიბირეს, მაგრამ საერთო სურათზე ამას გავლენა ნამდვილად არ მოუხდენია. თუ დონ სილვიო აქამდე შემადგენლობის გაძლიერებით და "მილანში" თანავარსკვლავედის შეკრებით ერთობოდა, გასულ ზაფხულს ფულის დაზოგვით და შეგროვებით შეიქცია თავი.

უნდა ვაღიაროთ, ეს ერთგვარი აზარტია, რომელმაც "მილანი" და მისი გულშემატკივრები დააზარალა.

გამოსავალი
სად არის გამოსავალი და როგორ უნდა დაიბრუნოს "მილანმა" ძველი დიდება? - ეს ის კითხვებია, რომლებზეც პასუხია გასაცემი და სწორედ ეს პასუხები აინტერესებთ "მილანის" ქომაგებს ყველაზე მეტად.

თუ "როსონერის" კრიზისის უმთავრესი მიზეზი სატრანსფერო ფანჯრის ჩაგდებაა, გამოდის, რომ გამოსავალიც ამ მიმართულებით გააქტიურება გახლავთ...

თუმცა ასე მარტივად არ არის საქმე და თუ არ გჯერათ, ლომბარდიული გრანდის ყოფილ მწვრთნელს, ლეგენდარულ არიგო საკის მოვუსმინოთ:

"ზაფხულში მილანელები წამყვან ფეხბურთელებს გამოეთხოვნენ და ბუნებრივია, რომ ამით ბევრი ვერაფერი მოიგეს. პირიქით, გუნდი კრიზისშია და რთული სათქმელია, როდის დაადგება აღმავლობის გზას.

ბევრი გამოსავალს ვარსკვლავების დაბრუნებაში ხედავს, მაგრამ მე სხვა პოზიცია მაქვს... ექსტრა-კლასის ფეხბურთელებში მილიონების ყრა აღარავის სჭირდება, რადგან ეს მოძველებული მეთოდია.

ვინ არის დღეს საფეხბურთო მოდის კანონმდებელი? - "ბარსელონა", რომელიც თავისი აკადემიის აღზრდილებით გადის ფონს და ფანტასტიკური შედეგები აქვს. ფეხბურთელები, რომლებიც ერთად გაიზარდნენ, აუცილებლად აჯობებენ თუნდაც ვარსკვლავებით გაძეძგილ, მაგრამ შეკოწიწებულ გუნდს.

თანაც, 2014 წლიდან, სავარაუდოდ, ფინანსური ფეარპლეის პრინციპი ამოქმედდება და საკუთარ აკა
დემიას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭება.

ასე რომ, "მილანის" მესვეურებმა" სკოლას უნდა მიხედონ, საიდანაც უამრავი ვარსკვლავი აღმოცენებულა".


საკის პოზიცია აბსოლუტურად გასაგებია - მის "მილანში" "მილანელოზე" აღზრდილი არაერთი ვარსკვლავი ბრწყინავდა. თუნდაც დაცვის ხაზი გავიხსენოთ, სადაც მარჯვენა ფრთას მაურო ტასოტი ამაგრებდა, მარცხენას - პაოლო მალდინი, ცენტრში კი ფრანკო ბარეზი და ალესანდრო კოსტაკურტა მოქმედებდნენ.

მართლაც ფანტასტიკური ოთხეული, რომელშიც "მილანელებს" მილიონები ნამდვილად არ გადაუხდიათ. ისინი, უბრალოდ, აღზარდეს.

და რა ვითარებაა დღეს "როსონერის" დაცვის ხაზში? - ორი ვეტერანი კოლუმბიელი, მაიო იეპესის და კრიასტიან საპატას სახით, არასტაბილური ფილიპ მექსე და მეტოქე ფორვარდებზე არანაკლებ საშიში დანიელე ბონერა.

ერთი სიტყვით, "მილანის" მესვეურებს სტრატეგიის შეცვლა მართებთ და საამისო მზადყოფნა უკვე არსებობს...

ბოლოს "როსონერის" ვიცე-პრეზიდენტ ადრიანო გალიანის მოვუსმინოთ:

"ფაქტია, რომ ბავშვთა აკადემიას მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ და ამ მიმართულებით უკვე გადავდგით კიდეც ნაბიჯები. სკოლის სისტემური რეორგანიზაციისთვის საკმაოდ დიდი თანხა გამოვყავით და დარწმუნებული ვარ, რომ ეს შედეგს მალე გამოიღებს.

პრაქტიკულად, გადაწყვეტილია, რომ ფეხბურთში ფინანსური ფეარპლეის პრინციპი ამოქმედდება და ასეთ შემთხვევაში სკოლას უდიდესი მნიშვნელობა მიენიჭება.

ფაქტია, აკადემიას ყურადღება მოვაკელით და ფეხბურთელების ნაკადიც შეგვიმცირდა. პირობას გაძლევთ, რომ ეს აუცილებლად გამოსწორდება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული