იტალია. სერია A. XII ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
XII ტურმა არაერთ საინტერესო კითხვას გასცა პასუხი - ბევრი ფიქრობდა, რომ "ინტერთან" მარცხი "იუვენტუსის" დაღმასვლის წინაპირობა იქნებოდა, თუმცა ასე არ მოხდა...

გამოჩნდა ისიც, რომ არც "ინტერია" დაუმარცხებელი, რომელსაც ბერგამოულ მატჩამდე შთამბეჭდავი წაუგებელი სერია ჰქონდა.

ნათელია ისიც, რომ "მილანის" კრიზისი ძალიან ღრმაა და "კიევოსთან" მოგებით მიღებული მუხტი მის ძირფესვიანად აღმოსაფხვრელად სულაც არ არის საკმარისი.

"ფიორენტინა" ტურიდან ტურამდე პროგრესირებს და თუ ასე გააგრძელა, აუცილებლად იბრძოლებს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად, "ნაპოლიმ" კი მცირე პაუზის შემდეგ კვლავ გამოაჩინა ბრჭყალები და დაგვანახა, რომ ამ გუნდის
ჩამოწერა ჯერ მაინც ადრეა.

მთავარი მატჩი რომში გაიმართა, სადაც "ლაციომ" მიჯრით მესამე დერბი მოიგო.

ტურის მატჩი
ტურის მატჩი "სტადიო ოლიმპიკოზე" გაიმართა, სადაც ერთმანეთის პირისპირ რომაული გუნდები წარსდგნენ. გასული სეზონის მსგავსად, გამარჯვება ამჯერადაც "ბიანკოჩელესტემ" მოიპოვა, რამაც ვლადიმირ პეტკოვიჩის პოზიციები კიდევ უფრო გაამყარა...

თავსხმა წვიმაში "ლაციომ" აშკარად აჯობა მეტოქეს და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა. ამას თან დაერთო უკვე ტრადიციად ქცეული გადამეტებული ემოციები, გაწევ-გამოწევა და ხელჩართული ჩხუბიც კი, რისთვისაც ერთ-ერთ ეპიზოდში დანიელე დე როსი გააძევეს მოედნიდან.

ბოლო წლებში, ძირითადად, "ჯალოროსის" ფეხბურთელები გამოდიან წყობიდან და ამ საკითხს ნამდვილად მოგვარება სჭირდება. თუმცა ზდენეკ ზემანს სხვა არაერთი და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საკითხები აქვს მოსაგვარებელი - მაგალითად, დაცვის ხაზი, რომელიც ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. "ჯალოროსის" უკანა რგოლი კიდევ ერთხელ მოირღვა და კიდევ ერთხელ დატოვა უსუსური შთაბეჭდილება.

საერთოდ, დაცვაში სუსტი თამაში ზემანის გუნდებს სჩვევიათ, მაგრამ ჩეხმა სპეციალისტმა კარგად უნდა გაითავისოს, რომ ამჯერად "რომას" მთავარი მწვრთნელია და არა "პესკარასი" ან "ლეჩესი".

მოკლედ, "ლაციო" დღეს უკეთესი გუნდია. კონკრეტულ ეპიზოდებში პეტკოვიჩის შეგირდები უფრო ნაკლებ შეცდომას უშვებენ და შედეგიც სახეზეა...

ვლადიმირ პეტკოვიჩი (ლაციოს მთავარი მწვრთნელი):
"ასეთ ამინდში ფეხბურთის ნორმალურად თამაში თითქმის წარმოუდგენელია და ჩვენ სწორედ ეს შეუსრულებელი მისია შევასრულეთ. დიდი მადლობა შეგირდებს, რომლებმაც ჩემი ყველა დავალება გადაჭარბებით შეასრულეს.

წვიმის გამო ჩემი ერთადერთი მოთხოვნა ბოლომდე ბრძოლა იყო, მათ კი ფეხბურთი ითამაშეს და თანაც, არცთუ ურიგოდ.

ზემანი ამბობს რომ ეს უფრო წყალბურთი იყო, ვიდრე ფეხბურთი. რაც იყო, იყო. მთავარია, რომ მოვიგეთ - თანაც, ურთულესი მატჩი და ყველას დავანახვეთ, რომ ჩვენი ჩამოწერა ძალიან ადრეა. მიზნად ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება გვაქვს დასახული და საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ"
.

ზდენეკ ზემანი (რომას მთავარი მწვრთნელი):
"პირველ რიგში, მინდა დანიელე დე როსის საქციელი დავგმო, რომელმაც არასპორტული საქციელის გამო წითელი ბარათი მიიღო. ეს დიდი სირცხვილია და ეს თავად დამნაშავემაც კარგად იცის. მით უმეტეს, თამაშამდე სწორედ ამ საკითხზე ვსაუბრობდით და ყველა ერთხმად შევთანხმდით, რომ პროვოკაციას არ უნდა წამოვგებოდით.

ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ფედერკალჩო, მაგრამ ჩვენ ჩვენი სანქციები გვექნება.

რაც შეეხება შეხვედრას, განსაკუთრებულს და საინტერესოს ვერაფერს ვიტყვი. პირველი 20 წუთი კარგად ვითამაშეთ, თუმცა შემდეგ წვიმა გაძლიერდა და ძალიან გაგვიჭირდა. ჩვენი თამაში მოკლე პასებისა და კომბინაციებისგან შედგება, რისი დემონსტრირების საშუალებაც არ მოგვეცა. მეტოქეს უკეთ გამოუვიდა გრძელი გადაცემებით თამაში, ბურთსაც უკეთესად აგდებდნენ მეტოქის საჯარიმოში საბრძოლველად და შედეგად, გაიმარჯვეს კიდეც.

ეს უფრო წყალბურთი იყო, სპორტის ამ სახეობაში კი მეტოქე უკეთ აღმოჩნდა მომზადებული. ყურები არ უნდა ჩამოვყაროთ, რადგან მთელი სეზონი წინაა. გახსოვთ ალბათ, სტარტზე "ინტერსაც" აკრიტიკებდნენ, მაგრამ დღეს სკუდეტოსთვის ბრძოლაშია ჩართული. მჯერა, ფორტუნა ჩვენც გაგვიღიმებს და აღმავლობის გზას მალე დავადგებით".


მიროსლავ კლოზე (ლაციო):
"ძალიან გახარებული ვარ, რომ ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში გავიმარჯვეთ. თანაც, საკმაოდ მაღალი ხარისხის თამაში ვაჩვენეთ და ეს, მიუხედავად იმისა, რომ ბურთი მინდორზე, ფაქტობრივად, არ გორავდა.

მომენტების რეალიზების მაღალი მაჩვენებელი გვქონდა, ეს კი ხშირ შემთხვევაში წარმატების საწინდარია.

ჩემს
გოლზე რას ვიტყვი? - ბურთი ხელსაყრელ პოზიციაზე მომივიდა, ერთი შეხებით გავისწორე და დაბალ კუთხეში შევაგორე. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს გოლის ავტორს; მთავარია, გავიმარჯვეთ და უმნიშვნელოვანესი ქულები ჩავიწერეთ აქტივში. ასეთ პრინციპულ დაპირისპირებაში გამარჯვება ჩვენთვის დამატებითი სტიმულია იმისთვის, რომ დასახული მიზნისკენ ვისწრაფვოთ - რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვგულისხმობ".

ფრანჩესკო ტოტი (რომა):
"დერბიში წაგება განსაკუთრებულად მტკივნეულია და ამის დავიწყებას გარკვეული დრო სჭირდება. უნდა ვაღიაროთ, რომ "ლაციომ" უკეთესად ითამაშა და დამსახურებულად გაიმარჯვა. თუმცა, დღესაც მჯერა, რომ ჩვენ უკეთესი გუნდი გვყავს და დერბიში ბევრად უფრო წარმატებით უნდა ვასპარეზობდეთ.

არა მარტო დერბიში - ის ადგილი, რომელიც სატურნირო ცხრილში გვიკავია, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. სწრაფად უნდა აღმოვფხვრათ პრობლემები. წინააღმდეგ შემთხვევაში, სეზონი ჩაგვივარდება".


ტურის გმირი
ვლადიმირ პეტკოვიჩი კი ამბობს, ჩემი შეგირდები შესანიშნავად გაისარჯნენო, მაგრამ რომაულ დერბიში მაინც ბრძოლა მეტი იყო, ვიდრე თამაში... სამაგიეროდ, "იუვენტუსმა" გაილაღა და "პესკარას" ისეთი დღე დააწია, ამ პატარა საპორტო ქალაქში დიდხანს რომ არ დაავიწყდებათ.

ტურინულმა გრანდმა ყველა გემოვნების გოლი გაუტანა მეტოქეს, სულ კი ექვსჯერ შეირხა მასპინძელთა კარის ბადე. ამ ექვსიდან სამი ფაბიო კვალიარელაზე მოდის, რომელმაც ერთმეორეზე ეფექტური გოლები გაიტანა...

საერთოდ, ფაბიო ლამაზი გოლების დიდოსტატია და პესკარაში ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა. განსაკუთრებით კარგი მისი მესამე და "იუვეს" მეექვსე გოლი გამოდგა, როდესაც ფაბიომ კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი ვარდნაში გადაგზავნა მასპინძელთა კარის ჩარჩოში.

აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი ჰეთ თრიკი კვალიარელას კარიერაში, რამაც 29 წლის ფორვარდი უზომოდ გაახარა. ფაბიომ ის ბურთი წაიღო სახლში, რომლითაც მესამე გოლი შეაგდო და დასძინა, რომ პესკარული მატჩი ყოველთვის განსაკუთრებულ მოგონებად დარჩება მის მეხსიერებაში.

უკვე მიხვდით, რომ კვალიარელა ტურის გმირი, გნებავთ, საუკეთესო მოთამაშეა.

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული