ექიმთა გამოკვლევამ ცხადყო, რომ ჯორჯოს ტრავმა მსუბუქია, თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მეტად მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს.
კვირას ტურინული გრანდი "მილანს" ესტუმრება და ეს უაღრესად პრინციპული პაექრობა, სავარაუდოდ, კიელინის გარეშე ჩაივლის.
ჯორჯომ კუნთი გაიჭიმა და მკურნალობის პროცესი რამდენიმე დღეს წაიღებს.
იტალიელი ჟურნალისტები უმალ იმით დაინტერესდნენ, შეცვლის თუ არა ანტონიო კონტე ტაქტიკას კიელინის ტრავმის გამო და ხომ არ გადააწყობს გუნდს 4-4-2-ზე, სადაც დაცვის ცენტრში ანდრეა
საქმე იმაშია, რომ ლუსიოსაც კუნთი აწუხებს და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, "მილანს" ვერც ის დაუპირისპირდება. ამ თემაზე კომენტარი კონტეს ასისტენტმა, ანჯელო ალესიომ გააკეთა:
"ამ თემაზე ზუსტი პასუხის გაცემა გამიჭირდება, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთ მნიშვნელოვან პაექრობაში ექსპერიმენტებს მივმართოთ.
ჩვენ გვყავს მცველები, რომლებსაც ჯორჯო კიელინის შეცვლა შეუძლიათ... თუნდაც მარტინ კასერესი, ან ლუკა მარონე, რომელსაც დაცვაშიც ისევე წარმატებით შეუძლია ასპარეზობა, როგორც ნახევარდაცვაში. ამ საკითხს მატჩის წინა დღეს გადავწყვეტთ".
სიტყვამ მოიტანა და ლუკა მარონეზე დიდი ამბებია ატეხილი. 22 წლის ნახევარმცველს იშვიათად უწევს თამაში, არადა, ძალიან ნიჭიერია და მისი გადაბირება სერია A-ს არაერთ გუნდს სურს.
განსაკუთრებით "ჯენოას" მესვეურები აქტიურობენ, რომლებსაც ზამთარში გუნდის გვარიანად გაძლიერება აქვთ მიზნად დასახული.
ალესიოს თქმით, მარონე "იუვენტუსში" დარჩება:
"ლუკას იშვიათად უწევს თამაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სეზონის ბოლომდე ასე იქნება. კონტეს ველაპარაკე მის შესახებ და მითხრა, რომ ზამთარში არსად არ გაუშვებს.
მარონე "იუვესთვის" საჭირო ფეხბურთელია და ეს არაერთხელ დაამტკიცა. ვიცი, რომ მისი გადაბირება "ჯენოას" სურს, მაგრამ უმჯობესია, რომ ამ მიმართულებით დრო არ დაკარგონ".
ამასობაში პრესის ფურცლებზე ფაბიო კვალიარელა გამოჩნდა, რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თავდასხმის ხაზში როტაციის შესახებ ისინი ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე გააფრთხილეს:
"ის, რომ თავდასხმის ხაზში მუდმივი როტაცია იქნებოდა, ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე ვიცოდით. კონტემ პირდაპირ გვითხრა, რომ ყველასი თანაბრად ეიმედებოდა და რომ ხშირ შემთხვევაში, მორიგეობით მოგვიწევდა თამაში.
ჩემი აზრით, არჩევანი იმის მიხედვით კეთდება, თუ რა სტილით მოთამაშე გუნდს ვეთამაშებით და როგორ მცველებთან მოგვიწევს პაექრობა.
ვერაფრით დავეთანხმები იმ აზრს, რომ "იუვეს" სუსტი რგოლი თავდასხმაა - როდესაც მეტოქემ ისიც კი არ იცის, რომელ ფორვარდებთან მოუწევთ დაპირისპირება, ეს ჩვენი დამატებითი პლუსია.
როდესაც მწვრთნელს არჩევანი აქვს, ეს მხოლოდ სიძლიერეზე მეტყველებს. ვერ გეტყვით, რა პოლიტიკას აირჩევენ "იუვეს" მესვეურები სატრანსფერო ბაზარზე, მაგრამ მე თუ მკითხავთ, დღეს გუნდი ყველა რგოლში თანაბრად ძლიერია".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"