იტალიის თასი. 1/8-ფინალი: პირველი "რომა" გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
იტალიის თასის გათამაშება ძალას მერვედფინალური ეტაპიდან იკრეფს, რადგან საქმეში სერია A-ს ტოპ-გუნდები ერთვებიან.

პირველი შეხვედრა "სტადიო ოლიმპიკოზე" გაიმართა, სადაც "რომამ" "ატალანტას" უმასპინძლა და მეტოქეს სამი უპასუხო ბურთი მიართვა.

მასპინძლებმა პირველივე ტაიმში მოამთავრეს საქმე, როდესაც ორი ბურთის სხვაობით დაწინაურდნენ. მატჩის გმირი მირალემ პიანიჩი გახლავთ, რომელმაც გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი მიითვალა აქტივში.

აქვე ვთქვათ, რომ პიანიჩმა საჯარიმოს გარედან, ძლიერი დარტყმით შეარხია მეტოქის კარის ბადე, მისი საგოლე პასები კი პაბლო ოსვალდომ
და მატია დესტრომ გამოიყენეს. მეორე ნახევარში ოსვალდომ წითელი ბარათი მიიღო და რომაელთა შეტევის პოტენციალმაც მკვეთრად იკლო. შედეგად, 3:0 "ჯალოროსის" სასარგებლოდ...

აღსანიშნავია, რომ ზდენეკ ზემანმა "ატალანტას" პრაქტიკულად ძირითადი შემადგენლობა დაუპირისპირა. მართალია, ფრანჩესკო ტოტი თადარიგში იყო, მაგრამ მთლიანობაში, შემადგენლობა ახლოს იყო ოპტიმალურთან.

სასტარტო თერთმეტეულში მხოლოდ ორი ახალი სახე ვიხილეთ - ერთი 19 წლის ურუგვაელი თავდამსხმელი ნიკოლას ლოპესი და მეორე, 17 წლის იტალიელი მცველი ალესიო რომანიოლი.

ლოპესს გაუჭირდა შესაძლებლობების წარმოჩენა, აი, რომანიოლიმ კი დაკისრებულ მოვალეობას თავი შესანიშნავად გაართვა.

თუმცა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ გოლის გატანა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე დაცვაში უშეცდომო ასპარეზობა მაშინ, როდესაც, პრაქტიკულად, არ გიტევენ. მთლიანობაში ახალგაზრდების თამაში დადებითად შეფასდა.

"რომა" პირველი მეოთხედფინალისტია.

ზდენეკ ზემანი (რომა): "შედეგით და პირველ ტაიმში ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი ვარ, აი, მეორეში კი რაღაც დაგვემართა და ისე ვერ გავისარჯეთ. გასაგებია, რომ კაცნაკლულნი ვიყავით, მაგრამ ეს გასასამართლებელი საბუთი არაა.

დანიელე დე როსი ახალი გამოჯანმრთელებულია და არ მიკვირს, რომ საუკეთესო თამაში არ უჩვენებია. სამაგიეროდ, ალესიო რომანიოლი იყო შეუდარებელი, რომელიც მხოლოდ 17 წლისაა და დღეს პირველად მიეცა მოედანზე გასვლის საშუალება. გამოცდა კარგად ჩააბარა და დარწმუნებული იყავით, მიმდინარე სეზონში კიდევ დაგვჭირდება".


მირალემ პიანიჩი (რომა): "მატჩიდან მატჩამდე ვუმატებთ და ეს პროგრესი ყველაზე მეტად მახარებს. ვგრძნობ, რომ ჩვენს შეტევას მეტოქე გუნდები უფრო და უფრო უფრთხიან, რაც სულაც არ მიკვირს.

დროთა განმავლობაში ჩვენი უფრო შეეშინდებათ, რადგან გაჩერებას არ ვაპირებთ. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც საკუთარი თამაშით კმაყოფილი ვარ, რადგან პრაქტიკულად, ყველაფერი გამომივიდა. მთავარია, რომ ასე გავაგრძელოთ".


ფრანჩესკო ტოტი (რომა): "შეხვედრაში მონაწილეობა არ მიმიღია, მაგრამ ნანახით ძალიან კმაყოფილი დავრჩი. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სწორი გზით მივდივართ და ასე უნდა გავაგრძელოთ.

ყოველთვის ვფიქრობდი, რომ "რომა" შემტევ ფეხბურთს უნდა თამაშობდეს და ზემანს სწორედ აქეთკენ მივყავართ.

"ჯალორო
სი" ისტორიულად ლაღი ფეხბურთის მიმდევარი იყო და ვფიქრობ, რომ ზემანი ჩვენთვის ზედგამოჭრილი მწვრთნელია".

რომა-ატალანტა 3:0
გოლები: 1:0 პიანიჩი (21), 2:0 ოსვალდო (31), 3:0 დესტრო (51).
რომა (4-3-3): სტეკელენბურგი - პირისი, ბურდისო, რომანიოლი, ბალცარეტი (76. დოდო) - დე როსი, ბრედლი, პიანიჩი - ოსვალდო, დესტრო (62. მარკინიო), ლოპესი.
ატალანტა (3-5-1-1): კონსილი - ლუკინი, მატეუ, ბრივიო - კაცოლა, ჩიგარინი (46. დე ლუკა), კარმონა, რაიმონდი, სკელოტო - მორალესი - დენისი (53. პარა).
გაძევება: ოსვალდო (55. რომა).

VideoSportall.Ge
რომა - ატალანტა 3:0


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიმოხილვას მაინც უყურეთ და სტატია ისე დაწერეთ.. ოსვალდომ დესტორს პასით გაიტანა... 2 საგოლე პასი არ გაუკეთებია პიანიჩს .. საგოლ ავტორს :D
Vai tqvens patrons
15:23 13-12-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული