იტალიის თასი. 1/8-ფინალი: მოგება ტრავმების ფასად

AutoSharing Option
"რომას" შემდეგ იტალიის თასის მეოთხედფინალში "კატანია" და "იუვენტუსი" გავიდნენ - სიცილიელებმა გასვლაზე "პარმა" მოინელეს, ტურინელებმა კი საკუთარ კედლებში "კალიარი".

განსაკუთრებულ ინტერესს "იუვეს" ჯახი იწვევდა, რომელიც სარდინიულ გუნდს ოპტიმალურთან მიახლოებული შემადგენლობით დაუპირისპირდა.

ტურინელებმა უპირატესობით წარმართეს მთელი შეხვედრა და მეორე ტაიმში გამარჯვების გოლიც გაიტანეს. შედეგიანი დარტყმა სებასტიან ჯოვინკოს ანგარიშზეა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა ჯერ ნიკლას ბენდტნერის, შემდეგ კი ალესანდრო მატრის მხარდამხარ.

იტალიელი ჟურნალისტები კი ყველაზე მეტად იმაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომ ეს სათასო პაექრობა "იუვეს" სამი ფეხბურთელის ტრავმად დაუჯდა.

სასტარტო შემადგენლობაში ემანუელე ჯაკერინი უნდა
ყოფილიყო, მაგრამ მოთელვის დროს დაშავდა და მის ნაცვლად არტურო ვიდალმა ითამაშა. ბედის ირონიით, ჯერ კიდევ მე-16 წუთზე ვიდალიც დაშავდა და კვადვო ასამოათი შეიცვალა.

ტაიმის მიწურულს უკვე ნიკლას ბენდტნერი დაიმტვრა და მის ნაცვლად მოედანზე ალესანდრო მატრი შევიდა. ნამატჩევს ანტონიო კონტემ სწორედ ტრავმებზე გაამახვილა ყურადღება:

"თითქოს დავითარსეთ და მოკლე მონაკვეთში ერთბაშად სამი ფეხბურთელი დაგვიშავდა. იმედია, სერიოზული არაფერია და სამივე მალე დაგვიბრუნდება. რაც შეეხება შეხვედრას, მთლიანობაში კმაყოფილი ვარ და შეგირდების მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. იტალიის თასის მოგება ჩვენი ერთ-ერთი მიზანია".

პარმა-კატანია 1:1 პენ. 3:4
გოლები: 1:0 პაბონი (12), 1:1 ლოდი (19-პენ.).
პარმა (3-5-2): პავარინი - ძაკარდო (46. სანტაკროჩე), ბენალოუანე, პალეტა - ვალდესი (67. მარკიონი), ნინისი, პაროლო, ბიაბიანი, გობი - პაბონი, ამაური (74. ბელფოდილი).
კატანია (4-3-3): ფრიზონი - კაპუანო, ალვარესი, ლეგროტალიე, ბელუში - ალმირონი (97. კეკო), ლოდი, სალიფუ - მორიმოტო (69. ბერგესიო), ბარიენტოსი, კასტრო (98. მარკეზე).

იუვენტუსი-კალიარი 1:0
გოლი: 1:0 ჯოვინკო (57).
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარცალი, ბონუჩი, დე ჩელიე - ისლა, ვიდალი (16. ასამოა), პადოინი, მარონე, პოგბა - ჯოვინკო, ბენდტნერი (44. მატრი).
კალიარი (4-3-3): ავრამოვი - პერიკო, როსეტინი, მურუ, დელ ფაბრო - ეკდალი (46. დესენა), ერიკსონი, კაპელინი (77. პირედა) - პინილია, რიბეირო, იბარბო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული