იტალიის თასი. 1/8-ფინალი: "ნაპოლის" ბოლონიური სინდრომი შეეყარა

AutoSharing Option
იტალიის თასის მერვედფინალური ეტაპის ბოლო სამი შეხვედრა ოთხშაბათს გაიმართა და ბოლო მეოთხედფინალისტებიც გამოვლინდნენ.

მატჩებმა საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგან ერთმანეთს სერია A-ს ბინადრები შეეჭიდნენ. რომში "ლაციომ" "სიენას" ბარიერი დაძლია, უდინეში "უდინეზე" "ფიორენტინასთან" დამარცხდა, ნეაპოლში კი "ნაპოლი" "ბოლონიასთან" შერცხვა...

მატჩების პერიპეტიებზე, სახიფათო მომენტებსა და გოლებზე არ შევჩერდებით, მხოლოდ ტენდენციებზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას.

"ნაპოლიმ" ბოლო კვირაში მეორეჯერ უმასპინძლა "ბოლონიას" და მეორე მარცხი იწვნია, რამაც სამხრეთელ გულშემატკივართა საფუძვლიანი აღშფოთება გამოიწვია. მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ ტიფოზებმა ლამის ობსტრუქცია მოუწყვეს ფეხბურთელებს და ეს არც არის
გასაკვირი.

საერთოდ, ნეაპოლელთათვის ძალიან მძიმე კვირა გამოდგა, ბოლონიურ სირცხვილს სერია A-ში ორი ქულის ჩამოკლება და კაპიტნის დისკვალიფიკაციაც დაემატა.

აღსანიშნავია ისიც, რომ გამარჯვების გოლი "ბოლონიელთა" რიგებში პანაიოტის კონემ გაიტანა, ფეხბურთელმა, რომელმაც "ნაპოლი" ჩემპიონატის გასულ ტურშიც გაამწარა. მოკლედ, კონეს და მთლიანად "ბოლონიას" ნეაპოლელებმა ვერაფერი მოუხერხეს.

ნამატჩევს ვალტერ მაცარიმ გულშემატკივრებს გვერდში დგომისკენ მოუწოდა: "რთული დროება გვიდგას და ისე გვჭირდება გვერდში დგომა, როგორც არასდროს.

იმედია, გულშემატკივრები ჩემს სიტყვებს სწორად გაიგებენ და შესაბამისად მოიქცევიან. მეტი მხარდაჭერა გვჭირდება საიმისოდ, რომ რელსებს დავუბრუნდეთ და ჩავარდნა დავძლიოთ. იტალიის თასიდან გამოვარდნა მტკივნეულია, მაგრამ რას ვიზამთ, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ".

აქვე აღვნიშნოთ, რომ "ნაპოლი" იტალიის თასის მოქმედი მფლობელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ტურნირს ახალი გამარჯვებული ეყოლება.

ახალი გამარჯვებული კი შეიძლება "ლაციო" ან "ფიორენტინა" იყოს. რომაელებმა საკუთარ კედლებში "სიენა" თერთმეტმეტრიანების წყალობით დაამარცხეს და საერთოდაც, წაგებას სასწაულებრივად გადაურჩნენ. თავად განსაჯეთ, რომაელმა სიანიმ გამათანაბრებელი გოლი მსაჯის მიერ დამატებულ მეხუთე წუთზე გაიტანა და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა.

რაც შეეხება "ფიორენტინას", "უდინეზე" დაიფრინა გასვლაზე და კიდევ ერთხელ გაახარა ფლორენციელი გულშემატკივარი. ამ პაექრობაში ვინჩენცო მონტელამ ახალი ტაქტიკური მონახაზი: 4-4-2 გამოსცადა, რამაც გაუმართლა კიდეც.

მოკლედ, მონტელა და მისი "ვიოლა" ორ ფრონტზე წარმატებით ასპარეზობენ. ბოლოს სწორედ მონტელას კომენტარს გავეცნოთ:

"შეგირდების მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, რადგან ყველა ჩემი დავალება პირნათლად შეასრულეს.

"უდინეზეს" მისსავე მოედანზე დამარცხება ურთულესი საქმეა და თამაშით ბოლომდე კმაყოფილი ვარ. იტალიის თასის მოპოვება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზანია და საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ".

ლაციო-სიენა 1:1 პენ. 4:1
გოლები: 0:1 ცანა (56-საკ. კარში), 1:1 სიანი (90).
ლაციო (4-4-2): კარიცო - კავანდა, სიანი, დიაკიტე (83. როძი), ცანა - ბროკი (63. მაური), ლულიჩი, ონაზი (63. ლედესმა), ერნანესი - ფლოკარი, კოზაკი.
სიენა (4-4-2): ფარელი - ბელმონტე, კონტინი, პაჩი, დელ გროსო - ნეტო, დაგოსტინო (87. როდრიგესი), ვერგასოლა, ვალიანი (72. ბოლცონი) - რეჯინალდო, ბოგდანი (55. ლარონდო).

უდინეზე-ფიორენტინა 0:1
გოლი: 0:1 ბორხა ვალერო (36).
უდინეზე (3-5-2): პადელი - ბასტა (83. მაიკოსუელი), დანილო, ერუ - ანჯელა, გაბრიელ სილვა, პინცი (55. მურიელი), ლაძარი (68. პერეირა), ალანი - დი ნატალე, ფაბრინი.
ფიორენტინა (4-3-3): ნეტო - ტომოვიჩი, გონსალო, რონკალია, პასკუალი - აკვილანი (71. მილიაჩო), ფერნანდესი, ბორხა ვალერო - კუადრადო (76. რომულო), ლიაიჩი (60. იოვეტიჩი), სეფეროვიჩი.

ნაპოლი-ბოლონია 1:2
გოლები: 1:0 კავანი (12), 1:1 პასკუატო (38), 1:2 კონე (90).
ნაპოლი (3-5-2): დე სანკტისი - ფერნანდესი (75. ცუნიგა), კამპანიარო, ბრიტოსი - მესტო, ელ ქადური (60. ჰამშიკი), დოსენა (82. ინსინიე), დონადელი, ინლერი - პანდევი, კავანი.
ბოლონია (4-4-2): სტოიანოვიჩი - სორენსენი, გარიჩი, კარვალიო, აბერო - რადოვანოვიჩი, გუარენტე, კონე, რივეროლა (64. პორტანოვა) - პაპონი (72. ვერატი), პასკუატო.

1/4-ფინალი
9 იანვარი

ინტერი-ბოლონია
იუვენტუსი-მილანი
რომა-ფიორენტინა
ლაციო-კატანია


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული