ჩეხი სპეციალისტი "კორიერე დელო სპორტის" ჟურნალისტს გაესაუბრა და შემდეგი განაცხადა:
"სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში მსაჯობის დონე კატასტროფულია და ეჭვი მაქვს, რომ 2013 წელს ამ მხრივ ბევრი არაფერი შეიცვლება.
ყველაზე ცუდი ისაა, რომ მხოლოდ უწყინარ შეცდომებზე არ მაქვს საუბარი, ხშირად ეს ყველაფერი განზრახ კეთდება. დიახ, იტალიური ფეხბურთი დღეს არც ისე სუფთაა, როგორც ბევრს ჰგონია. კი ბატონო, კალჩოპოლის პროცესებმა
ნათელია, რომ ჩრდილოეთის გუნდებს ჯერ კიდევ ქაჩავენ და მათ წარმატებას ხელოვნურად უწყობენ ხელს. მაგალითად, მიმდინარე სეზონში "რომამ" მსაჯების გამო მინიმუმ 10-12 ქულა დაკარგა, ეს კი არ შეიძლება შემთხვევით ხდებოდეს. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩრდილოელები ისევ პრივილეგიებით სარგებლობენ".
ზემანის განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან ჩრდილოეთისა და სამხრეთის დაპირისპირება იტალიაში მეტად მტკივნეული თემაა, განსაკუთრებით, საფეხბურთო თვალსაზრისით.
გულშემატკივართა ნაწილმა ზემანს მხარი დაუჭირა, ნაწილი კი საპირისპირო პოზიციაზეა, რომელთა ერთ-ერთი არგუმენტი ის გახლავთ, რომ მიმდინარე სეზონში "რომას" სულაც უბრძოლველად ერგო სამი ქულა...
გახსოვთ ალბათ, "კალიარის" "ჯალოროსისთან" ტექნიკური მარცხი ჩაეთვალა, არადა, შეიძლებოდა ის მატჩი გადადებულიყო. მოკლედ, ბევრი არ ეთანხმება, რომ "რომას" ჩაგრავენ და ზოგადად, ჩრდილოელებს ქაჩავენ - ამავე პოზიციაზეა "პარმას" პრეზიდენტი ტომაზო გირარდი:
"ზემანის შეფასებას ვერაფრით დავეთანხმები, რადგან მგონია, რომ მიმდინარე სეზონში მსაჯები თავის საქმეს შესანიშნავად აკეთებენ.
რა თქმა უნდა, არის შეცდომები, მაგრამ ეს მატჩების შედეგებზე ნაკლებად ახდენს გავლენას, რომ აღარაფერი ვთქვათ მთლიანად ჩემპიონატზე.
"პარმა" მერვე ადგილზეა, საკმაოდ მაღალ პოზიციაზე, მაგრამ არა იმიტომ, რომ ჩვენ ჩრდილოეთიდან ვართ, უბრალოდ კარგად ვთამაშობთ. "რომაც" ლიდერთა მარაქაშია და ვერ ვხვდები, რატომ აკეთებს ასეთ განცხადებას. ზდენეკი შესანიშნავი მწვრთნელია და კარგი იქნება, თუ თავის საქმეს მიხედავს".
აღნიშნულ თემაზე კომენტარი "ფიორენტინას" პრეზიდენტმა ანდრეა დელა ვალემაც გააკეთა და სანამ სიტყვას გადავცემთ, აღვნიშნოთ, რომ ქალაქი ფლორენცია იტალიის ცენტრს წარმოადგენს: "ვერ ვხვდები, რაში სჭირდება ზემანს ასეთი აბსურდული განცხადებების კეთება.
თუ ლიდერთა ექვსეულს ჩავხედავთ, დავინახავთ, რომ იქ ჩრდილოეთიდან მხოლოდ ორი გუნდია: "იუვენტუსი" და "ინტერი", სამხრეთიდან "ნაპოლი", დანარჩენები კი ცენტრს წარმოვადგენთ.
როდესაც ასეთ პროვოკაციულ განცხადებას აკეთებ, მართალი მაინც უნდა იყო. თანაც, ჩემი პირადი აზრით, ჩრდილოეთზე, სამხრეთსა და ცენტრზე განცხადებების კეთება უცხოელის საქმე არაა - მესმის, რომ ზემანი იტალიაში დიდი ხანია ცხოვრობს, მაგრამ როდესაც უცხოელი ხარ, ასეთ თემებზე კომენტარები ნაკლებად უნდა აკეთო. კარგი იქნება, თუ ზდენეკი რჩევებს გაითვალისწინებს".
ჯირარდის და დელა ვალეს საფეხბურთო სამყაროს სხვა წარმომადგენლებმაც აუბეს მხარი, მათ შორის, ჟურნალისტებმა...
მოკლედ, ზემანი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა, ბევრმა კი მას პირდაპირ მოკეტვისკენ მოუწოდა. ვნახოთ, რა პასუხი ექნება ამ ყველაფერზე ჩეხ სპეციალისტს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"