"გაძეტა დელო სპორტში" გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა პირველი ნაბიჯი - ტურინელები ბილბაოს "ატლეტიკის" მესვეურებს შეეხმიანენ და 27 წლის თავდამსხმელის, ფერნანდო ლორენტეს სანაცვლოდ, 7 მილიონი ევრო შესთავაზეს.
ავტორიტეტულ გამოცემაში სამართლიანად აღნიშნავენ, რომ თანხა არც ისე დიდია და წესით, ბასკებმა ამ წინადადებაზე უარი უნდა განაცხადონ...
რისი იმედი აქვთ ტურინელებს? - ამაზე კლუბის სპორტული დირექტორი ჯუზეპე მაროტა საუბრობს:
"ლორენტე ბრწყინვალე ფეხბურთელია და თუ მისი გადაბირება მოვახერხეთ, ძალიან კმაყოფილი ვიქნები.
ბასკებთან
მოკლედ, ბევრ საკითხზე ვართ შესათანხმებლები. თანხა? - ჯერ ადრეა ამაზე ლაპარაკი და მოდით, ნუ ვიჩქარებთ. ყველა კითხვას უახლოეს მომავალში გაეცემა პასუხი".
ამასობაში, "გაძეტას" კლაუდიო მარკიზიო გაესაუბრა და "იუვეს" სატრანსფერო კამპანიაზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვა.
მაგალითად, როდესაც მარიო ბალოტელის "იუვეში" შესაძლო გადაბარგების შესახებ დაუსვეს კითხვა, აშკარად შეეტყო, რომ მოვლენათა ასეთი განვითარების მომხრე არ არის:
"ბოლო დღეებში, მარიო ბალოტელის გადმობარგების შესახებ ბევრი ითქვა, თუმცა არა მგონია ეს სიმართლეს შეეფერებოდეს. რატომ? - კლუბში ამის შესახებ არაფერს ამბობენ და პრესა რომ ხშირად ცდება, ეს ყველამ ვიცით.
ბალოტელი უნიჭიერესი ფეხბურთელია, მაგრამ მეეჭვება, რომ "იუვეში" კარგად ჩაეწეროს.
უფრო ისეთი გუნდი სჭირდება, სადაც თავდასხმაში ნაკლები კონკურენციაა და ძირითად შემადგენლობაშიც იოლად დაიმკვიდრებს ადგილს.
ითქვა დანიელე დე როსის შესახებაც და ესეც ჭორი მგონია. დანიელე "რომას’ სიმბოლოა და არა მგონია, ოდესმე "ტრიგორია" დატოვოს.
ისე, დე როსის გადმოსვლა ძალიან გამახარებდა, რადგან მასთან ახლო მეგობრობა მაკავშირებს - ერთად გავიარეთ ახალგაზრდული ნაკრები, როდესაც ჩვენი ფეხბურთელებად ჩამოყალიბების პროცესი მიმდინარეობდა".
კიდევ ერთი სიახლე "იუვენტუსის" ბანაკიდან, რომლის თანახმადაც ტურინულმა გრანდმა პრაქტიკულად გაჩარხა პირველი ტრანსფერი... თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, იანვრიდან "ვეკია სენიორას" ღირსებას ფედერიკო პელუზო დაიცავს.
28 წლის მცველი "ატალანტაში" ირიცხება და მიმდინარე სეზონში შესანიშნავად ასპარეზობს, რაც თვით იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს არ გამოპარვია.
პელუზომ "სკუადრა აძურაში" სამი შეხვედრა ჩაატარა და ჩეზარე პრანდელის მოწონება დაიმსახურა.
ფედერიკო მარცხენა მცველია და დიდი მიხვედრილობა არ სჭირდება, რომ "იუვეში" ჯორჯო კიელინი უნდა შეცვალოს. ამ უკანასკნელმა მძიმე ტრავმა მიიღო და დაახლოებით სამი თვე უფეხბურთოდ მოუწევს ყოფნა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"