გვარდიოლას თავაზიანი უარი
იტალიელ სპორტულ ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ მიეცათ სილვიო ბერლუსკონისთან გასაუბრების საშუალება და ბუნებრივია, რომ ეს შანსი ხელიდან არ გაუშვეს. ამჯერად "მილანის" პრეზიდენტს არც მარიო ბალოტელიზე ჰკითხეს და არც დიდიე დროგბაზე - ლაპარაკი მასიმილიანო ალეგრის მომავალს და ხოსეპ გვარდიოლას "მილანში" შესაძლო გადასვლას შეეხო:
ბერლუსკონის ხოსეპ გვარდიოლას შესახებ ჰკითხეს: "პეპს ზაფხულში ვესაუბრე და ძალიან კარგი წინადადებითაც მივმართე. დასამალი არაფერია, 4-წლიანი კონტრაქტი გვქონდა გამზადებული, რომლის ფარგლებშიც გვარდიოლას შესანიშნავი სახლი ეკუთვნოდა კომოს ტბასთან ახლოს, მსოფლიოს ცნობილი ვარსკვლავების მეზობლად. გვარდიოლამ "მილანის" მიმართ დიდი პატივისცემა გამოხატა, მაგრამ იქვე დაამატა, რომ მინიმუმ ერთი სეზონი აუცილებლად დაისვენებდა. ეს იყო თავაზიანი უარი. დღეს კი უკვე სხვა ვითარებაა. ჩვენ ალეგრის ვენდობით, ესპანელს კი თავისი გეგმები აქვს".
აბიატი კონტრაქტის მოლოდინში
მასიმილიანო ალეგრი ვერაფრით ჩამოყალიბდა, თუ ვინ არის "მილანის" ნომერი პირველი გოლკიპერი... ხან მარკო ამელიას ენდობა, ხანაც კრისტიან აბიატის, რომელიც ბოლო შეხვედრაში, "სიენას" წინააღმდეგ იყო სასტარტო შემადგენლობაში. როგორც ჩანს, ამ ფაქტმა 35 წლის მეკარე შეაგულიანა და ახალ ხელშეკრულებაზე აალაპარაკა. აქვე ვთქვათ, რომ აბიატის მოქმედ კონტრაქტს ვადა ივნისში გასდის - მოვუსმინოთ კრისტიანს:
"ჩემს მომავალზე აქედანვე ვფიქრობ და კარგი იქნება, თუ "მილანის" მესვეურები ვითარებაში გამარკვევენ. დიდი სურვილი მაქვს, რომ კონტრაქტი გავახანგრძლივო და იმედია, ეს ასეც იქნება. თამაშს კიდევ 3-4 წელი მაინც ვაპირებ და მსურს, რომ მთელი ეს პერიოდი "როსონერიში" გავატარო. ალეგრის მხრიდან მხარდაჭერას ვგრძნობ და მჯერა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება".
სავარაუდო ბარტერი
"გაძეტა დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანის" მესვეურებს "პარმას" განაპირა მცველის, კრისტიან ძაკარდოს გადაბირება სურთ და მზად არიან, მის სანაცვლოდ ემილიურ გუნდში ჯამელ მესბა გაუშვან.
28 წლის ალჟირელი დიდი ხანია, ვეღარ ხვდება "როსონერის" შემადგენლობაში და მასთან შელევა ლომბარდიელთათვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. სამაგიეროდ, 31 წლის ძაკარდოა თავისი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი და ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, ემილიელები მას ასე იოლად არ შეელევიან. სწორედ ამიტომ ლომბარდიელები მესბას ორ მილიონ ევროს მიაყოლებენ, რათა გარიგება შედგეს და ძაკარდო თავისთან გადაიბირონ.
აღნიშნულ საკითხზე კომენტარი მასიმილიანო ალეგრის თანაშემწემ, მაურო ტასოტიმ გააკეთა: "ძაკარდო გამოცდილი, უმაღლესის კლასის მცველია, რომელსაც დიდი სიამოვნებით გადავიბირებდით. ინტერესი მართლაც არის, ემილიელებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს და ვნახოთ, რით დასრულდება ყველაფერი. კრისტიანი მარჯვენა მცველია, მაგრამ ცენტრშიც შეუძლია თამაში. სწორედ ეს მოგვწონს ყველაზე მეტად, რადგან თანამედროვე ფეხბურთში უნივერსალური თვისებები განსაკუთრებულად ფასობს".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
სილვიო ბერლუსკონი: არაბული და რუსული კლუბები პატოს სანაცვლოდ 40 მლნ ევროს მთავაზობდნენ