იტალიის თასი. 1/4-ფინალის წინ: მერე რა, რომ თასია... კლასიკა კლასიკაა

AutoSharing Option
იტალიის თასის მეოთხედფინალურმა ეტაპმა ერთმანეთს კალჩოს ორი გიგანტი: "იუვენტუსი" და "მილანი" გადაჰყარა.

9 იანვარს ტურინში მართლაც საინტერესო მატჩი გაიმართება, რომლის გამარჯვებულიც ნახევარფინალურ საგზურს მოიპოვებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ეს გუნდები სწორედ ნახევარფინალში გადაეყარნენ ერთმანეთს და მაშინ ორმატჩიან დუელში გამარჯვება პიემონტელებმა მოიპოვეს. მილანური შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით დასრულდა (1:2), ტურინში კი ფრე დაფიქსირდა (2:2).

ამჯერად იტალიური ფეხბურთის ყველაზე ტიტულოვანი გუნდები მეოთხედფინალში ითამაშებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ეტაპზე გამსვლელის ვინაობას ერთი მატჩი გადაწყვეტს.

ტურინელებს დიდი უპირატესობა აქვთ, რადგან ეს ერთადერთი პაექრობა სწორედ
მათ სტადიონზე გაიმართება.

სასტარტო შემადგენლობების პროგნოზირება ძალიან რთულია, მაგრამ თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, მწვრთნელები ექსპერიმენტებისგან თავს შეიკავებენ.

ანტონიო კონტეს ტრავმირებული ჯორჯო კიელინის, სიმონე პეპეს, ნიკლას ბენდტნერის და კლაუდიო მარკიზიოს გარეშე მოუწევს ფონს გასვლა.

რაც შეეხება მასიმილიანო ალეგრის, მას მარიო იეპესი, კრისტიან საპატა, სალი მუნტარი და დანიელე ბონერა დააკლდება. აღარაფერს ვამბობთ ნაიჯელ დე იონგზე, რომელმაც მძიმე ტრავმის გამო სეზონი უკვე დაასრულა.

სავარაუდოდ, ორივე გუნდი ნაცადი ტაქტიკით გაირჯება: კონტე 3-5-2-ს აირჩევს, ალეგრი 4-3-3-ს, დანარჩენი კი უშუალოდ მოედანზე გამოჩნდება.

წინასამატჩოდ ორივე მწვრთნელი ოპტიმისტურ განწყობაზეა... ალეგრის კარგად ესმის, რომ დიდი ალბათობით, იტალიის თასი "მილანის" ერთადერთი შანსია, სეზონი უტიტულოდ არ დაასრულოს; კონტესა და მისი გუნდისთვის კი ეს, ალბათ, საუკეთესო საშუალებაა, საკუთარი გულშემატკივრის თვალში "სამპდორიასთან" სამარცხვინოდ წაგებული მატჩისთვის რეაბილიტაცია მოახდინონ. ვნახოთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იტალიის თასი. 1/8-ფინალი: "ნაპოლის" ბოლონიური სინდრომი შეეყარა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული