"მილანის" სატრანსფერო გეგმები

AutoSharing Option
"კორიერე დელო სპორტში" მეტად საინტერესო სტატია გამოქვეყნდა - ავტორიტეტული გამოცემა ირწმუნება, რომ სანდო წყაროზე დაყრდნობით, "მილანის" ზამთრის სატრანსფერო გეგმებს მიაკვლია.

რაც უნდა ბევრს ლაპარაკობდეს სილვიო ბერლუსკონი ფინანსურ "ფეარ პლეიზე", ფაქტია, რომ გუნდი გაძლიერებას საჭიროებს და წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმდინარე სეზონში ფიასკო გარდაუვალი იქნება.

შესაძლოა, ლომბარდიელებმა სუპერტრანსფერები ვერ განახორციელონ, მაგრამ რამდენიმე მაღალი კლასის ფეხბურთელის დამატება რომ მართებთ, ცხადზე უცხადესია. თუ "კორიერეს" ვენდობით, ასეთი გეგმა უკვე არსებობს და მივყვეთ თანმიმდევრობით, დაცვიდან შეტევისკენ...

დაცვა
დაცვის ხაზში "მილანს" სერიოზული პრობლემები აქვს და მასიმილიანო ალეგრის არა
თუ ერთი, ოთხი მაღალი კლასის უკანახაზელიც არ აწყენდა.

"კორიერეს" მტკიცებით, ლომბარდიელთათვის პრიორიტეტი ანჯელო ოგბონას გადაბირებაა, რომელიც "ტორინოს" ღირსებას იცავს.

ანჯელო 24 წლისაა და პერიოდულად იტალიის ეროვნულ ნაკრებშიც იწვევენ. ოგბონა უნივერსალური თვისებებით გამოირჩევა და თანაბარი წარმატებით შეუძლია თამაში როგორც ცენტრში, ისე მარცხენა ფრთაზე.

ოგბონას გადაბირებით მილანელები ცენტრსაც გააძლიერებენ და მარცხენა ფრთასაც - აი მარჯვენა ფრთა კი კრისტიან ძაკარდომ უნდა გააძლიეროს, რის შესახებაც 9 იანვრის ნომერში ვწერდით.

ოგბონას მსგავსად, ცენტრში თამაში კრისტიანსაც შეუძლია, თუმცა უფრო მარჯვენა მცველია. მოკლედ, თუ მილანელებმა საწადელს მიაღწიეს, დაცვის ხაზი ვეტერან კოლუმბიელთა იმედად აღარ იქნება დარჩენილი.

ნახევარდაცვა
მას შემდეგ, რაც ნაიჯელ დე იონგმა უმძიმესი ტრავმა მიიღო, ადრიანო გალიანი ხშირად ლაპარაკობს მისი შემცვლელის მოძიებაზე.

"კორიერეს" მტკიცებით, ნომერ პირველი კანდიდატი 24 წლის ნური შაჰინია, რომელიც მადრიდის "რეალის" საკუთრებაა და იჯარის წესით, "ლივერპულში" ასპარეზობს. თუმცა, გერმანელმა ინგლისში ვერაფრით იპოვა საკუთარი თამაში და ცნობილია, რომ ლივერპულელები მის ესპანეთში დაბრუნებას ეშურებიან.

მილანელებს ფულის დახარჯვა არ უნდათ და იჯარა მათთვისაც იდეალური ვარიანტი იქნებოდა... ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრის შედეგებიდან გამომდინარე, "მილანის" გაძლიერების წინააღმდეგნი, წესით, არც მადრიდელები უნდა იყვნენ.

სავარაუდოდ, ესპანელები ოფიციალურ წინადადებას რამდენიმე დღეში მიიღებენ და პასუხი უკვე მათზე იქნება.

თუ მადრიდელებმა ნური შაჰინის იტალიაში გაშვება არ ისურვეს, მილანელებს სათადარიგო ვარიანტებიც ჰყავთ... ერთი ლუკას მუნი გახლავთ არგენტინული "ატლეტიკო კოლონიდან", ხოლო მეორე კევინ სტროტმანი ჰოლანდიური პსვ-დან.

თავდასხმა
ალეშანდრე პატოს გასხვისების შემდეგ "მილანის" თავდასხმა ოთხი ფეხბურთელის ამარაა დარჩენილი - იქიდან ერთი თინეიჯერია, კერძოდ, სტეფან ელ შაარავი; ორი არასტაბილურია, ვგულისხმობთ ჯამპაოლო პაცინის და ბოიან კრკიჩს; ხოლო მეოთხემ საუკეთესო დროება, თუკი ასეთი ოდესმე ჰქონდა, უკან მოიტოვა - რობინიოზეა ლაპარაკი. მოკლედ, "მილანს" შეტევაშიც უჭირს და მინიმუმ ერთი მოთამაშე აქაც სჭირდება.

"კორიერე" ირწმუნება, რომ ლომბარდიელთა სამიზნეში მატია დესტროა, რომელიც ამჟამად "რომაში" ირიცხება, თუმცა ძირითად შემადგენლობაში აქა-იქ ხვდება.

21 წლის ფორვარდი ზდენეკ ზემანის როტაციაშია მოყოლილი, მაგრამ უფრო თადარიგშია, ვიდრე სასტარტოში. ფრანჩესკო ტოტისთან, ერიკ ლამელასთან და პაბლო ოსვალოსთან კონკურენცია უფრო რთული ჩანს, ვიდრე თუნდაც ჯამპაოლო პაცინისთან და წესით, თავად დესტრო წინადადებაზე სერიოზულად უნდა დაფიქრდეს. სხვა საქმეა, რა პოზიციას დაიჭერენ რომაელები. ვნახოთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"დორტმუნდი" ნური შაჰინზე ფიქრობს!

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული