იტალიურ ფეხბურთს კიდევ 5 წლით ჯანკარლო აბეტე უხელმძღვანელებს

AutoSharing Option
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებმა უჩვეულოდ მშვიდად ჩაიარა, რადგან ერთადერთი კანდიდატი 50 წლის ჯანკარლო აბეტე გახლდათ. დიახ, არჩევნებს არც წინ უძღოდა კალჩოსთვის დამახასიათებელი ვნებათაღელვა და არც შემდეგ მომხდარა რაიმე ინციდენტი.

ამ ყველაფერში “დამნაშავე” თვითონ აბეტეა, რომელიც 2007 წელს ჩაუდგა ფედერკალჩოს სათავეში და აბსოლუტური უმრავლესობის აზრით, საქმეს უნარიანად უძღვება. ალბათ, სწორედ ამიტომ იყო, რომ ჯანკარლოს არც ერთი კონკურენტი არ გამოუჩნდა.

აბეტემ არჩევნებში 95%-ით გაიმარჯვა - 256 დელეგატის ხმა მიიღო, დანარჩენმა 32-მა კი თავი შეიკავა. გამარჯვების შემდეგ პრეზიდენტმა შემდეგი განაცხადა:

“იტალიის ფეხბურთის
ფედერაციას მაშინ ჩავუდექი სათავეში, როდესაც კალჩოპოლის პროცესი მძვინვარებდა და ჩვენი ფეხბურთი ღრმა კრიზისში იყო. ვფიქრობ, ბოლო წლებში ბევრი რამ გაკეთდა კალჩოს იმიჯის გამოსასწორებლად და მიხარია, რომ ამას ბევრი ამჩნევს. ჩვენ ერთად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა კორუფციის, კრიმინალის წინააღმდეგ და იტალიური ფეხბურთი კიდევ უფრო გავწმინდოთ. დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება”.

ჯანკარლო აბეტე ფედერკალჩოს პრეზიდენტი 2017 წლამდე იქნება, ამ პერიოდში კი “სკუადრა აძურა” ერთ მსოფლიოს და ერთ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ იტალიის ეროვნული ნაკრები ორივე ფორუმზე ღირსეულად იასპარეზებს, ხოლო აპენინური გუნდები ძველ დიდებას დაიბრუნებენ. მოკლედ, აბეტეს დიდი მიზნები აქვს: ნაკრების და კლუბების წარმატება კორუფციისგან თავისუფალი კალჩოს პირობებში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჯანკარლო აბეტე: იტალიის ჩემპიონატის შეჩერება გამოსავალი არ არის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული