იტალიის თასი. 1/4-ფინალი: "ინტერს" 120 წუთი დასჭირდა

AutoSharing Option
“ინტერი” იტალიის თასის ნახევარფინალში ითამაშებს - მილანურმა გრანდმა “ბოლონიას” დამატებით დროში სძლია და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

მატჩი მეტად დაძაბული, დრამატული და სანახაობრივი გამოდგა... “ნერაძური” ორი ბურთის სხვაობით უგებდა მეტოქეს, თუმცა ძირითადი დროის ბოლო 10 წუთში ფორა გაანიავა და თამაში დამატებით დროში გადავიდა. სტუმრებმა ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ გადამწყვეტი გოლი მაინც მათ კარში შევარდა. “ინტერმა” დრამატულ ბრძოლაში მოიგო. ასეთი თამაშები მილანურ გრანდს რობერტო მანჩინის პერიოდში სჩვეოდა...

გოლები ერთიმეორეზე უკეთესი გამოვიდა და ორი სიტყვით მიმოვიხილოთ. ანგარიში ფრედი გუარინმა გახსნა, რომელმაც საჯარიმოს მისადგომებთან
მიიღო ბურთი - ერთი ახედა კარს და უძლიერესი დარტყმით ბურთი ცხრიანში გაჭედა - 1:0. აღსანიშნავია, რომ ფრედიმ ადგილიდან, გამორბენისას დაარტყა, დაახლოებით ისე, როგორც თავის დროზე რონალდინიომ “ჩელსის” კარში. თუმცა, ბრაზილიელისგან განსხვავებით, გუარინმა უძლიერესად დაარტყა და არა იმდენად ტექნიკურად.

“ინტერის” მეორე გოლი არანაკლებ ეფექტური გამოვიდა: მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან ბურთი როდრიგო პალასიომ რეიდით მიიტანა, დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა და მანაც ცხრიანი დალაშქრა, 2:0.

“ინტერს” კიდევ ჰქონდა გატანის შანსი და შეეძლო, ყველანაირი ინტრიგა მოეკლა, მაგრამ ასე არ მოხდა - პირიქით, ბოლონიელები გააქტიურდნენ და ანგარიში გაქვითეს: ჯერ ალესანდრო დიამანტიმ შეასრულა ბრწყინვალე ჯარიმა, შემდეგ კი მანოლო გაბიადინიმ იყოჩაღა და ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი ბადეში გაახვია, 2:2.

გადამწყვეტი გოლი ანდრეა რანოკიამ გაიტანა - იოლი მისახვედრია, რომ ცენტრალურმა მცველმა მეტოქის კარი თავური დარტყმით დალაშქრა, 3:2.

მატჩის შემდეგ “ინტერის” თავკაცმა ანდრეა სტრამაჩონიმ ვრცელი კომენტარი გააკეთა:

“ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული შეხვედრა, რომელიც ბოლო ორ სეზონში გავმართეთ. ურთულეს მდგომარეობაში აღმოვჩნდით, მაგრამ ხასიათის სიმტკიცე გამოვავლინეთ და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ. იტალიის თასი მეორეხარისხოვან ტურნირად არ მიმაჩნია და ამიტომ თამაშში ყველაფერი ჩავდეთ. შეგვეძლო უფრო მარტივად მოგვეგო, მაგრამ წარსულს ვერ დავაბრუნებთ. მთავარია, რომ ნახევარფინალში გავედით, სადაც უკვე არიან “იუვენტუსი” და “ლაციო”... აქაც დაახლოებით ის გუნდები დომინირებენ, რომლებიც სერია A-შიც მოწინავე პოზიციებზე არიან. ნახევარფინალში თამაში სულ სხვა ემოციასთან იქნება დაკავშირებული. ეს შეიძლება კალათბურთის მეოთხე მეოთხედსაც შევადაროთ”.

ინტერი-ბოლონია 2:2 დ.დ. 3:2
გოლები: 1:0 გუარინი (34), 2:0 პალასიო (77), 2:1 დიამანტი (81), 2:2 გაბიადინი (84), 3:2 რანოკია (120).
ინტერი (3-4-1-2): ჰანდანოვიჩი - სილვესტრი, რანოკია, ჟუანი - ძანეტი, ჯონათანი (87. მუდინგაი), ბენასი (46. კამბიასო), პერეირა - გუარინი - კასანო, როკი (60. პალასიო).
ბოლონია (3-4-2-1): ალიარდი - მოტა, პორტანოვა, ანტონსონი (69. კონე) - მორლეო, სორენსენი, პერესი, გუარენტე (46. პაციენცა) - პასკუატო (55. გაბიადინი), დიამანტი - ჯილარდინო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ანდრეა სტრამაჩონი: სულ ერთია, ნახევარფინალში ვინ შეგვხვდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული