ზდენეკ ზემანს "რომაში" ლორან ბლანი შეცვლის?

AutoSharing Option
უკვე გამცნეთ, რომ ზდენეკ ზემანის პოზიციები შერყეულია და დიდია შანსი, უახლოეს მომავალში პოსტის დატოვება მოუწიოს.

ითქვა იმაზეც, რომ ჩეხ სპეციალისტს ბოლო შანსი მისცეს და თუ "რომა" სერია A-ს მომდევნო ტურში "კალიარის" ვერ დაამარცხებს, ზდენეკს კარისკენ მიუთითებენ. თავად ჩეხი სპეციალისტი თავს მშვიდად გრძნობს და შემდეგს აცხადებს:

"ჩემს შესაძლო გათავისუფლებაზე ნამდვილად არ ვნერვიულობ, რადგან კლუბის მესვეურებისგან ნდობას ვგრძნობ. თანაც, მე ჩემი საქმე მაქვს და სხვა რამეებზე ფიქრისთვის არ მცხელა. "ბოლონიასთან" ბევრი შეცდომა დავუშვით და ეს ძვირად დაგვიჯდა, მაგრამ დროს უკან ვეღარ დავაბრუნებთ.
ბევრმა უკვე ჩამოგვწერა, რასაც ვერაფრით დავეთანხმები.

სეზონის სტარტიდან მოყოლებული, ჩვენი მიზანი სამეულში მოხვედრა იყო და ამ მხრივ, არაფერი შეცვლილა. გასულ უქმეებზე მესამეადგილოსან "ლაციოს" ერთი ქულით მივუახლოვდით და ამ კუთხით, ეს ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. თუმცა, არ ვმალავ, რომ ბევრი შეცდომა გვქონდა და ამ შეცდომებზე მუშაობა გვმართებს".

ზემანის მემკვიდრე
მიუხედავად იმისა, რომ ზდენეკ ზემანი ოპტიმისტურადაა განწყობილი, ჟურნალისტთა დიდი ნაწილი მის ბედს უკვე გადაწყვეტილად მიიჩნევს. სახელდება ზდენეკის შესაძლო შემცვლელების გვარები, რომელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ლორან ბლანია.

47 წლის ფრანგი სპეციალისტი ევროპის ჩემპიონატზე თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდს ედგა სათავეში, ევროფორუმის შემდეგ კი თავისუფალია. "კორიერე დელო სპორტის" მტკიცებით, "რომას" სპორტული დირექტორი ვალტერ საბატინი უკვე შეეხმიანა ბლანს და მასთან საქმიანი შეხვედრა დაგეგმა. ეს ინფორმაცია "რომას" მესვეურებს არ დაუდასტურებიათ, მაგრამ კვამლი რომ უცეცხლოდ არ ჩნდება, ეს ფაქტია.

ბალცარეტი ლაზარეთში
"ბოლონიასთან" მატჩში "რომას" მარცხენა მცველი ფედერიკო ბალცარეტი დაუშავდა, რომელსაც მინიმუმ 2-კვირიანი უქმობა მოუწევს. 31 წლის უკანახაზელს მყესი აქვს დაშავებული და ბეწვზეა გადარჩენილი, რაზეც თავად გააკეთა განცხადება:

"მყესი რომ გამეწყვიტა, ნახევარი სეზონი ლაზარეთში მომიწევდა ყოფნა და რადგან ამას გადავრჩი, უკმაყოფილების საბაბი ნამდვილად არ მაქვს. როგორც ექიმებმა მითხრეს, 2-3 კვირა უქმობა მომიწევს - არასასიამოვნო ამბავია, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, უარესიც შეიძლებოდა მომხდარიყო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"რომა" ზდენეკ ზემანს მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან უშვებს?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული